ავტორი:

“სასწაული გადარჩენა მექსიკაში“ - 15 დღის წინ დაკარგული მეთევზე წყალქვეშა მღვიმიდან ცოცხალი ამოიყვანეს

“სასწაული გადარჩენა მექსიკაში“ - 15 დღის წინ დაკარგული მეთევზე წყალქვეშა მღვიმიდან ცოცხალი ამოიყვანეს

31 წლის ერასტო კრისანტო ვალდესი, რომელიც 23 ივლისს, მექსიკაში, სან-ფრანსისკო-ლა-პასის სენოტში მამასთან ერთად თევზაობისას გაუჩინარდა, 15-დღიანი საერთაშორისო სამაშველო ოპერაციის შემდეგ, 7 აგვისტოს წყალქვეშა მღვიმიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

გაუჩინარებიდან ექვსი დღის შემდეგ, მაშველებმა დაახლოებით 65 მეტრის სიღრმეზე იმ წყლის ტრანსპორტს მიაგნეს, რომელიც ერასტოს თან ჰქონდა. მეთხუთმეტე დღეს კი, ზედაპირიდან 100 მეტრზე მეტ სიღრმეზე მდებარე მღვიმის საჰაერო ჯიბეში, თავად მეთევზეც იპოვეს. სამაშველო ოპერაციაში მექსიკელი, გერმანელი, ამერიკელი და დომინიკელი მკვლევრები მონაწილეობდნენ.

მექსიკელმა მკვლევარმა კარლოს ხიმენესმა ამ ფაქტს “სასწაული“ უწოდა: “ჩვენ მისი ცხედრის საპოვნელად ვიყავით მზად, თუმცა აღმოჩნდა რომ ღმერთს სხვა გეგმები ჰქონდა“, - განაცხადა მან მედიასთან საუბარში.

ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში საკვების გარეშე დარჩენილი ვალდესი ზედაპირზე საკაცით ამოიყვანეს. მას მწვავე გაუწყლოება და კვებითი დეფიციტი აღენიშნებოდა.

იგი სასწრაფო დახმარების მანქანით მშობლიურ ქალაქ უქსპანაპას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მოგვიანებით ერასტომ მექსიკელ ოფიციალურ პირებთან საუბრისას განმარტა, ის წყალქვეშა ხაფანგში ზღვის ქორჭილაზე ნადირობის დროს მოხვდა, რა დროსაც უკან, ზედაპირზე დასაბრუნებელი გზა დაკარგა.

თავდაპირველად მამამისი დამოუკიდებლად შეეცადა შვილის პოვნას, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც დახმარება ითხოვა. ძებნაში ნათესავები, ადგილობრივები, სამოქალაქო დაცვის მყვინთავები, მოგვიანებით კი მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთნენ.

მღვიმე, სადაც ერასტო ჩარჩა, აქამდე შესწავლილი არ ყოფილა. ცუდი ხილვადობა და ბასრი კლდოვანი შვერილები ოპერაციას განსაკუთრებით ართულებდა.

როგორც გამოცდილმა ამერიკელმა მყვინთავმა ჰარი გუსტმა განაცხადა, ეს მისია მას თავდაპირველად ცხედრის ამოღების ოპერაციად წარუდგინეს. პირველი ყვინთვისას, დაახლოებით 75 წუთის შემდეგ, მან მღვიმიდან 100 მეტრის დაშორებით სათადარიგო ჟანგბადის ბალონი იპოვა, რამაც სავარაუდო მარშრუტი აჩვენა, თუმცა გადარჩენის იმედი მაინც მცირე იყო.

მეორე დღეს გუსტი იმავე ადგილას დაბრუნდა და ვრცელ, მშრალ მღვიმეში შესასვლელს მიადგა. მან დაიყვირა, იყო თუ არა იქ ვინმე, რაზეც ვალდესის პასუხი: - “დიახ!“ გაიგონა.

გუსტის თქმით, ვალდესის გადარჩენა იმ დინებამ გახადა შესაძლებელი, რომელიც მშრალ მღვიმეში მიედინებოდა და საიდანაც დაკარგული მეთევზე წყალს სვამდა. თავად ვალდესმა აღნიშნა, რომ სიბნელეში ყოფნისას მხოლოდ წყალს ღებულობდა, ლოცულობდა და ეძინა. მას დროის შეგრძნება სრულად ჰქონდა დაკარგული და ეგონა, რომ ხაფანგში მხოლოდ სამი დღე გაატარა.

წყარო