"კობახიძეს მე ღარიბაშვილის დაჭერამდე ბევრად უფრო ადრე ვამხელდი და ახლაც ვამხელ! და კვლავ ვამბობ: ამ კაცს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია" - ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ ქსელებში, არც მედიაში არ დამიგეგმავს და არც განმიხორციელებია ვინმეს წინააღმდეგ ან ვინმეს დასაცავად.
თუ რამის თქმა მინდა, საჯაროდ ვსაუბრობ ყველა თემაზე და ვსაუბრობ ჩემი სახელით. ეს კი, კამპანია არ არის, ეს ჩემი აზრის გამოხატვის უფლება და თავისუფლებაა!
მეორე - კობახიძეს ჩვენ კი არ დავუპირისპირდით, კობახიძე დაგვიპირისპირდა ჩვენ! და ეს დაიწყო 10 წლის წინ! ანუ 10 წელია გვებრძვის! წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა და უამრავ ტყუილს მივრცელებდა.
ცხადია, მეც ვპასუხობდი, ოღონდ - საჯაროდ და არა ზურგს უკან, როგორც თავად სჩვევია. კობახიძე (ზოგადად) ყველას ებრძვის, ვისშიც კი რაიმე პოტენციალს ხედავს და ვისაც კი თავისი ბოროტი გონებით კონკურენტად აღიქვამს. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა: შენ ხარ მისი კონკურენტი, თუ არა, მთავარია, მან აღგიქვათ კონკურენტად და მაშინ ცილისწამებას და ცრუ დაბეზღებას ვერ გაექცევით.
ამგვარად, კობახიძეს მე ღარიბაშვილის დაჭერამდე ბევრად უფრო ადრე ვამხელდი და ახლაც ვამხელ! და კვლავ ვამბობ: ამ კაცს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია.
არცერთი პრემიერის მმართველობის პერიოდში არ დაბრუნებულა საბჭოეთში საქართველო იმგვარად, რა ფორმებითაც ეს ბოლო 2 წლის მანძილზე მოხდა! ანუ ღარიბაშვილს არავითარი კავშირი არა აქვს ჩემი და კობახიძის დაპირისპირებასთან.
თუკი ვინმემ ავნო ამ ქვეყანას, თუკი ვინმემ ავნო "ქართულ ოცნებას" და პირადად ბიძინა ივანიშვილს, ეს სწორედაც რომ ირაკლი კობახიძეა და არა მე, ან დიტო ჩუბინიძე, ან ვინმე სხვა და ეს წესით, დღეს ყველას ესმის. ახლა, როგორც ყოველთვის, კობახიძე ისევ ცდილობს ისრების სხვებზე გადამისამართებას. ახლა, როცა ყველაფერი გააფუჭა, ივანიშვილს უმტკიცებს: მე - არა, მე - არა, ღარიბაშვილმა, ინაშვილმა და სხვებმა გააფუჭესო. ისე, ინაშვილისნაირების ბრძოლის შედეგად, ბევრმა უბიოგრაფიომ და ბუჩქებში დამალულმა ჩაიგდო ხელში ხელისუფლება... ამ დღეებში კიდევ ბევრი რამ ითქმება და დაიწერება. მივყვეთ მოვლენებს", - წერს ირმა ინაშვილი.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი იმ წერილსაც ავრცელებს, რომელსაც ეხმაურება.
"დიტო ჩუბინიძისნაირმა, ირმა ინაშვილისნაირმა “მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი: 1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ. 2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) - ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გავეკარო პოლიტიკას და თუ “გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“, - ნათქვამია წერილში.