ავტორი:

გვალვის შემდეგ, ევროპას არქტიკული ყინვა ემუქრება - რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები

გვალვის შემდეგ, ევროპას არქტიკული ყინვა ემუქრება - რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები

წყნარ ოკეანეში "ელ-ნინიო" სულ უფრო ძლიერდება. მეცნიერთა ვარაუდით, 2026-2027 წლების ზამთარში მან, შესაძლოა, პოლარულ ციკლონზე სერიოზული გავლენა მოახდინოს და ევროპასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში არქტიკული ცივი ჰაერის მასების შეჭრის რისკი მნიშვნელოვნად გაზარდოს.

  • აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) პროგნოზით, 90%-ზე მაღალია იმის ალბათობა, რომ შემოდგომასა და ზამთარში "ელ-ნინიო" განსაკუთრებულ სიმძლავრეს მიაღწევს. უფრო მეტიც - ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში 69%-იანი შანსია იმისა, რომ მან 1950 წლიდან მოყოლებული ყველა არსებული რეკორდი მოხსნას.

როგორ მოქმედებს "ელ ნინიო" პოლარულ ციკლონზე?

"ელ-ნიონიო" წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში წყლის ზედაპირის დათბობით გამოწვეული მოვლენაა. ის ატმოსფერულ ცირკულაციას გარდაქმნის და ამინდზე გავლენას ეპიცენტრისგან ათასობით კილომეტრის დაშორებითაც ახდენს.

პოლარული ციკლონი: ეს არის ცივი ჰაერის გიგანტური მასა, რომელიც არქტიკის თავზე, ატმოსფეროს ზედა ფენებში ყალიბდება. როდესაც ის სტაბილურია, ყინვები ჩრდილოეთში რჩება და სამხრეთით არ ვრცელდება. როდესაც ის სუსტდება, არქტიკულ ცივ ჰაერს გზა ეხსნება სამხრეთით - ევროპისა და ამერიკის კონტინენტებისკენ.

NOAA-ს კვლევები აჩვენებს, რომ ძლიერ "ელ-ნინიოს" ზამთრის მიწურულს პოლარული ციკლონის დასუსტება შეუძლია. ამის ერთ-ერთი შესაძლო სცენარი "სტრატოსფეროს უეცარი დათბობაა" - პროცესი, როდესაც არქტიკის თავზე ტემპერატურა მკვეთრად იმატებს, რასაც პოლარული ციკლონის რღვევა და კვირების განმავლობაში რეგიონში ყინვები მოსდევს.

როგორი ზამთარი ელოდება ევროპას?

მეტეოროლოგები აღნიშნავენ, რომ ევროპის ამინდის პროგნოზირება "ელ-ნინიოს" დროს ბევრად რთულია, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის. ევროპის კონტინენტი პირდაპირ ზონაში არ მდებარეობს და მისი ზამთარი დამოკიდებულია არა მხოლოდ პოლარულ ციკლონზე, არამედ ატლანტიკის ოკეანის ატმოსფერულ ცირკულაციასა და სტრატოსფერულ ნაკადებზე.

სუპერ "ელ-ნინიო" ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ევროპაში მკაცრი ზამთარი გარდაუვალია. ის მხოლოდ ზრდის ცალკეული არქტიკული ყინვების ტალღების წარმოქმნის შანსს.

მსოფლიო მეტეოროლოგები ზამთრის ზუსტი სცენარის პროგნოზირებას ცივი სეზონის უშუალო დაწყებისას შეძლებენ, როდესაც ატლანტიკისა და არქტიკის ატმოსფერული პროცესები უფრო თვალსაჩინო გახდება.

  • შეგახსენებთ, ისინი ასევე აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ "სუპერ ელ-ნინიომ", შესაძლოა, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მასშტაბური წყალდიდობები და ტყის ხანძრები გამოიწვიოს. უკვე გამოვლენილია მსოფლიოს 20 ყველაზე მოწყვლადი მეგაპოლისი, რომლებსაც შესაძლოა სტიქიური უბედურებები ყველაზე მძიმედ შეეხოს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა "სუპერ ელ-ნინიოს" შესაძლო შედეგები მსოფლიოს 220 ქალაქში შეაფასეს. მეცნიერებმა გაითვალისწინეს არა მხოლოდ მოსალოდნელი ექსტრემალური სიცხე, არამედ მოსახლეობის სიმჭიდროვე, სოციალურ-ეკონომიკური პირობები და ინფრასტრუქტურის მზაობა.

კვლევის წამყვანმა ავტორმა, ნეთმი ჯაიარატნე კარიიავასამმა აღნიშნა: "კლიმატური ფაქტორებისა და ქალაქების უმწეობის ასეთმა კომბინაციამ შეიძლება მკვეთრად გაზარდოს თერმული რისკები და ცალკეულ შემთხვევებში სიცოცხლისთვის საშიში შედეგებიც კი გამოიწვიოს".

ყველაზე დაუცველი 20 ქალაქის სია ასე გამოიყურება:

  • ბასრა (ერაყი)
  • ბაღდადი (ერაყი)
  • კესონ-სიტი (ფილიპინები)
  • ფეისალაბადი (პაკისტანი)
  • ჰაიდერაბადი (პაკისტანი)
  • აჰმედაბადი (ინდოეთი)
  • ნაგპური (ინდოეთი)
  • მადურაი (ინდოეთი)
  • ბჰოპალი (ინდოეთი)
  • კანპური (ინდოეთი)
  • ბამაკო (მალი)
  • კონაკრი (გვინეა)
  • ლაგოსი (ნიგერია)
  • იბადანი (ნიგერია)
  • პორტ-ჰარკორტი (ნიგერია)
  • კადუნა (ნიგერია)
  • ბარანკილია (კოლუმბია)
  • ბანდუნგი (ინდონეზია)
  • ჰოშიმინი (ვიეტნამი)
  • პორტ-ო-პრენსი (ჰაიტი)

მეცნიერები აფრთხილებენ მსოფლიოს, რომ ურბანიზაციის ზრდასთან ერთად ეს რისკები კიდევ უფრო გაიზრდება. დღეს ქალაქებში დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 67%-ს მიაღწევს, რაც მეგაპოლისებს კლიმატური კატასტროფების მთავარ სამიზნედ აქცევს.