ბუნკერების ახალი პროექტი, რომელიც შვეიცარიაში უნდა განხორციელდეს “აპოკალიპსისთვის მზადების“ მცნება სრულიად ახალ საფეხურზე აჰყავს.
ალპებში, კლდეებში გამოკვეთილი მიწისქვეშა საცავების გიგანტური ქსელი უმდიდრეს ადამიანებს მძლავრად დაცულ თავშესაფარს სთავაზობს, სადაც მათ საკუთარი ქონების, მაგალითად ოქროს მარაგების, რარიტეტული Ferrari-ებისა ან და ძვირადღირებული ღვინოების სრულიად უსაფრთხოდ შენახვა შეეძლებათ.

პროექტს, რომელიც ლუნგერნის მახლობლად, ბრიუნიგის უღელტეხილის ქვეშ ხორციელდება, სათავეში კომპანია “Brünig Mega Safe“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, შვეიცარიელი ბიზნესმენი თომას გასერი უდგას.


კომპლექსი 20-მდე კერძო საცავს მოიცავს, რომლებიც 100 მეტრზე მეტი სისქის მყარ კლდეშია განთავსებული. ეს ფაქტიურად ბუნებრივი ციხესიმაგრეა, რომელიც სპეციალურად ბოროტმოქმედთაგან დასაცავად შეიქმნა. დეველოპერების თქმით, უსაფრთხოების სისტემა შვეიცარიის ეროვნული ბანკის დონეს გაუტოლდება.

თუმცა, ასეთ საცავის ფლობა იაფი არ დაგიჯდებათ. თითოეული მიწისქვეშა მღვიმე 99-წლიანი იჯარით იყიდება, ხოლო ფასები თითქმის 1 მილიონი შვეიცარიული ფრანკიდან (დაახლოებით $1.23 მილიონი) იწყება. მშენებლობა უკვე აქტიურ ფაზაშია და კომპლექსის გახსნა მომავალ წელს იგეგმება.

წარსულში ამ მიწისქვეშა სივრცეს ნაკლებად საიდუმლო დანიშნულება ჰქონდა. აქ რესტორანი ღონისძიებების სივრცე “Cantina Caverna“, ტირი და მეხანძრეთა სასწავლო ცენტრი იყო განთავსებული, სადაც გვირაბში ხანძრების სიმულაცია მიმდინარეობდა.

შვეიცარიისთვის ძვირფასეულობის მთების სიღრმეში შენახვა უცხო არ არის. წლების განმავლობაში, მრავალი ყოფილი სამხედრო ბუნკერი დაცულ საცავებად და მაღალი უსაფრთხოების მონაცემთა ცენტრებად გადაკეთდა.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სააგენტო “Presence Switzerland“ - ის მონაცემებით, 2024 წელს შვეიცარიულმა ბანკებმა დაახლოებით 9.3 ტრილიონი შვეიცარიული ფრანკის ($11.5 ტრილიონი) აქტივები მართეს, საიდანაც თითქმის ნახევარი უცხოური კაპიტალი იყო.