18 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამჟამად თეირანთან არანაირი მოლაპარაკება არც მიმდინარეობს და არც იგეგმება. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე “ღიაა და ფუნქციონირებს“.
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ ამ სტრატეგიულ საზღვაო გზაზე “ყველა წყალქვეშა ნაღმი გაუვნებელყოფილი ან აფეთქებული იყო, ხოლო აშშ-ის საზღვაო ბლოკადა სრული ძალითა და ეფექტიანობით მოქმედებდა“
მანამდე აშშ - ს პრეზიდენტმა რუკის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჰორმუზის სრუტე ენერგორესურსების აშშ-ის ახალ ტერიტორიად იყო გამოსახული. ამით მან, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გასულ კვირას გაჟღერებულ მუქარას სრუტეზე სუვერენიტეტის გამოცხადების შესახებ.

ტრამპის განცხადებები ირანის მთავარი მომლაპარაკებლის პოზიციას მოჰყვა, პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა სამშაბათს განაცხადა, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზღვაო გზა სატვირთო მიმოსვლისთვის დაკეტილი დარჩება მანამდე, სანამ ვაშინგტონი თეირანის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
“მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება მანამ, სანამ ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული ამერიკული ვალდებულებები არ შესრულდება“, - აღნიშნა ღალიბაფმა სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ მიმართვაში.
თეირანის მოთხოვნებს შორის მან ბლოკადის დასრულება, ნავთობის გაყიდვაზე სანქციების მოხსნა და საზღვარგარეთ გაყინული ირანული აქტივების დებლოკირება ჩამოთვალა.

ყოველივე ამის ფონზე, ომანის სანაპიროსთან ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის მცდელობისას, ამოუცნობმა ჭურვმა გემის სამანქანო განყოფილება დააზიანა, რასაც “ეკიპაჟის წევრებს შორის მსხვერპლი მოჰყვა“, აღნიშნულ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრი (UKMTO) ავრცელებს.
საზღვაო მონიტორინგის სააგენტოს გემისა თუ მისი ტვირთის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია. ასევე გაურკვეველია, ეკიპაჟის წევრი დაიღუპა თუ დაშავდა.
დაზიანებული გემებიდან სპარსეთის ყურესა და მიმდებარე წყლებში ნავთობის დაღვრის საფრთხე იზრდება, თუმცა UKMTO-ს განცხადებით, ბოლო თავდასხმის შედეგად გარემოსთვის ზიანი არ მიყენებულა.