2 დღის წინ სოციალურ ქსელში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე განცხადება და წერილი გამოქვეყნდა, რომელიც ექსპრემიერის თქმით, მას გაუგზავნეს.
"ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!"

"ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული “რისკის” გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება. ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა...,“ - აღნიშნულია ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

"სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა", - ციტირებს "რუსთავი 2“ მამუკა მდინარაძის პრესსამსახურის კომენტარს.
"ღარიბაშვილს ახლა უნდა, რომ უარყოს ის, რაც უკვე აღიარებული აქვს. მას დანაშაული ჩადენილი აქვს და ახლა იმ ქონებას ედავებიან, რაც მან ამასობაში დააგროვა. მისი ციხეში ჩასმა ხომ არ არის თვითმიზანი, ედავებიან იმიტომ, რომ რა ქონებაც დააგროვა, ის დააბრუნებინონ“, - ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Ambebi.ge-სთან და ექსპრემიერის წერილს ეხმიანება:
- ღარიბაშვილის განცხადების გამოქვეყნების დღესვე გავაკეთე პროგნოზი, რომ არანაირი მოლოდინი არ მაქვს და მორიგ აბდაუბდას ვიხილავთ-მეთქი და პრინციპში, ასეც მოხდა. ეს წერილი ლოგიკური აბსურდია. ის რომ ციხეში წავიდა ნებაყოფლობით თავის დროზე, სასამართლოს მიღმა რასაც ჰქვია, ეს უკვე იყო დანაშაულის აღიარება იმიტომ, რომ უდანაშაულო ადამიანი თავისი ფეხით ციხეში რატომ უნდა წავიდეს, გაუგებარია. ახლა თითქოს აღიარების წინააღმდეგია. ეს არის შიდა, საკმაოდ ბინძური სამზარეულოს თამაშები, საუბარია ბანალურად მხოლოდ ფულზე და მეტი არაფერი, მას ფულს სთხოვენ და ვაჭრობს, თავისებურად. ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი თემებია დღეს, ტრაქტატთან დაკავშირებით უმძიმესი თემაა წამოსული და ღარიბაშვილის პირადი ჭინთვები არავის აინტერესებს, მეტის მოლოდინი არც მქონდა და ვამბობდი, ტყუილად ელოდებით რამეს, მორიგი აბდა-უბდა იქნება და მეტი არაფერი-თქო.
ღარიბაშვილმა ჯერ ის დაწერა, ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ივანიშვილიაო, გუშინდელ წერილში მისთვის ძვირფას ადამიანად მოიხსენია და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ 24 საათის განმავლობაში ის ცოტათი შეაჯანჯღარეს, აზრზე მოიყვანეს, რასაც ჰქვია. ვის რაში სჭირდება, ვის ეშინია მისი პოლიტიკაში მოსვლის და ვის დაჰკარგვია, ერთი? ღარიბაშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის მითოლოგია სრული აბსურდია. რა პოლიტიკა, ღარიბაშვილი მუდმივად ხელით სატარებელი იყო, მისი პოლიტიკური ინტელექტი არის პლინტუსს ქვემოთ, ის იდგა თავიდან ბოლომდე ბიძინაზე, საკუთარი არაფერი გააჩნდა, სრული პოლიტიკური ნული იყო და დღესაც იგივეა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, მხარდამჭერები ჰყავსო... მას მხარდამჭერები არ ჰყავს, ვინც მას მხარს უჭერდა, მისი ხელიდან რაღაც სიკეთეებს იღებდა, დღეს ყველა ჩამოშორდა და ყველა აგინებს, გვარებს არ ჩამოვთვლი, რომელი შეუნარჩუნდა?! ასე რომ, მას არც პოლიტიკური ინტელექტი აქვს, არც პოლიტიკური გუნდი ჰყავს და საერთოდ, არაფერს წარმოადგენს პოლიტიკაში.
არ ვფიქრობ, რომ მდინარაძემ შეუთვალა, მისი პოლიტიკაში დაბრუნების 1% რისკი იყო. შეიძლება ვიღაცა იყენებდა დაძაბვის მიზეზად, თორემ თუ ვინმეს სერიოზულად მიაჩნდა, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკური ნეიტრალიზაცია საჭირო იყო, ისიც კაი სულელი ყოფილა. მდინარაძეს თუ მიაჩნდა, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკურ პრობლემას წარმოადგენდა, ისედაც არ ვარ მასზე მაღალი აზრის და მისი თუ ეშინოდათ, მთლად იმაზე უარესი ყოფილა, ვიდრე ვფიქრობდი.. ამოცანა ხომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში გამოჩენა არ იყო, კობახიძის დაჯგუფების ამოცანა არის ბიძინას სტერილიზაცია, რომ მის ირგვლივ არავინ დატოვონ, ეს არის მათი ერთადერთი ამოცანა, რომ მის ერთადერთ მემკვიდრეებად დარჩნენ. ღარიბაშვილის მოშორების ინტერესი არა მის პოლიტიკაში ინტეგრაციას უკავშირდებოდა, არამედ ბიძინასგან ჩამოშორებას, ესაა მთელი ისტორია. არა მგონია, ახლა ეს ჩვენი საზოგადოებისთვის მაინც და მაინც საინტერესო იყოს იმიტომ, რომ ღარიბაშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში გამოგონილი ფაქტორია, რეალურად არ არსებობს.

ბრძოლას ვიწყებო, ეს დანაშაულის არაღიარების პოლიტიკას ნიშნავს, ანუ იმავე ტალღაზე უნდა დაჯდეს, რაზეც ზის ლილუაშვილი, რომელიც არ აღიარებს დანაშაულს. ჩაჯდა და აღიარა დანაშაული და ეს არის მთელი აბსურდი სიტუაციის. ლილუაშვილი თანმიმდევრული მაინც იყო, თავიდანვე არ უღიარებია დანაშაული და არც ციხეში წასულა, ეს ადგა და 5 წლით თავისი ფეხით წავიდა, თან ნებაყოფლობით, სასამართლოს გვერდის ავლით, რითაც აღიარა დანაშაული, ხომ?! ახლა უნდა უარყოს ის, რაც უკვე აღიარებული აქვს. მას დანაშაული ჩადენილი აქვს და ბანალურად საუბარია იმ ქონებაზე, რაც დააგროვა ამ პერიოდში, მას ამ ქონებას ედავებიან, მისი ციხეში ჩასმა ხომ არ არის თვითმიზანი, ედავებიან იმიტომ, რომ რა ქონებაც ამასობაში დააგროვა, ის დააბრუნებინონ, ამაზეა საუბარი. ეს ჩვენთვის იმდენად საინტერესოა, რამდენადაც მიანიშნებს სისტემურ კორუფციაზე ქვეყანაში, თორემ პირადად ღარიბაშვილის ბედი, მისი ასე ვთქვათ, განცდები, საერთოდ არ არის საინტერესო. მას არც ახლა ამოუღია ხმა, - მიშველეთ! დაიძახა, გააკეთა ვითომ პრევენტული განცხადება, რომ ამ 24 საათში ბიძინა რაღაცნაირად ხელს დააფარებდა და მაშველ რგოლს გადაუგდებდა. ბიძინამ, როგორც მისთვისაა დამახასიათებელი, საერთოდ იგნორი გაუკეთა, ამ 24 საათში ალბათ კიდევ დამატებითი გაფრთხილებები მიიღეს მანაც და მისმა სიმამრმა და სხვებმა, გამოვიდა გუშინ და რაღაც უკბილო, გაუგებარი აბსურდი გაავრცელა. ყველა ელოდა, ღარიბაშვილი რაღაცას იტყვისო, მე არ ველოდი და ვთქვი, მორიგ აბდაუბდას ველი-თქო და ასეც მოხდა.
ასეთი პერსონაჟებისგან არაფერს უნდა ველოდოთ, გაგახსენებთ ბაჩიაშვილს, რომელზეც თავიდანვე ვამბობდი, რომ ის იბრძვის თავისი ფულისთვის, მას ამ ქვეყანაში არც პოლიტიკა აინტერესებს, არც ხალხი და არც დემოკრატია, მხოლოდ თავისი ფულის გადარჩენა. მან ხელოვნურად მოახდინა თემის პოლიტიზება, თავი პოლიტპატიმრად გამოაცხადა, სამწუხაროდ, საზოგადოებაც აჰყვა ამ თამაშში, მაგრამ საბოლოო ჯამში ხომ არ იცით, სადაა დღეს ბაჩიაშვილი? როგორც კი გარიგება შედგა, ქართული დემოკრატიაც ფეხზე დაიკიდა, მეც, თქვენც და ქვეყანაც, არის თავისთვის. აი, ამ ხალხთან გვაქვს საქმე და ღირს ეს ხალხი ჩვენს ყურადღებად, ან თანაგრძნობად?!
ესენი კლასიკური მედროვეები არიან, მეტი არაფერი, რომლებმაც სიკეთე მიიღეს ბიძინას ხელიდან, ახლა ენანებათ ამ სიკეთის დათმობა და ვითომ უნდათ, რაღაც პოლიტიკას მიაბან თავისი თემა და ამით ივაჭრონ. ჩვენ ამაზე არ უნდა წამოვეგოთ, ასეთი ადამიანები არ იმსახურებენ პატივისცემას, მით უმეტეს ღირსებაზე როცა ლაპარაკობენ იმიტომ, რომ იქ ღირსება არაფერ შუაშია. შიდა ინტრიგები, ზოგადად, აჩვენებს სისტემის მანკიერებას, რაც ქვეყნისთვის არის ძალიან მძიმე. მოქმედ პრემიერს რაც შეეხება, დიდი ხანია კობახიძე გასაშვებადაა მზად, მაგრამ ბიძინამ რომ ის გაუშვას, ჯერ ცოდვები უნდა მოაგროვოს, მერე ვიღაცას აჰკიდოს და ბოლოს ჩარეცხოს. ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა. შეიძლება ბიძინას უნდა კობახიძის ხელით ტრაქტატზე ხელის მოწერა და მერე ჩარეცხვა, თვითონ ხომ არ დაიბრალებს, მე მოვაწერეო. მე მგონი, სახელებით - ირაკლებით არჩევდა ხელის მომწერს. ერეკლე მესამე, ახლა ერეკლე მეოთხე ჰყავს და ამან თუ არ გაუმართლა, მერე ერეკლე მეხუთეს მოძებნის და ხელს მოაწერინებს ტრაქტატზე.
"ჩემთვის გაუგებარია, რას აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი და რატომ ირჩევს ახლა ამგვარ სტრატეგიას. მან თავად აღიარა დანაშაული, ხელი მოაწერა საპროცესო შეთანხმებას და საზოგადოებამ იხილა საქმეში არსებული დამაჯერებელი მტკიცებულებები. ზოგადად, პატივს ვცემ ირაკლი ღარიბაშვილს და მის ოჯახს, მაგრამ პატივისცემა არ ნიშნავს იმას, რომ მის ყველა განცხადებას უნდა დავეთანხმოთ.
"ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ვერ მიიღებს მცდელობას, რომ უკვე არსებული ფაქტებისა და სამართლებრივი პროცესის ფონზე ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკურ დევნად, ან სხვის პასუხისმგებლობად წარმოჩნდეს. ამომრჩეველს გაცილებით მეტი პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე ამას შესაძლოა ზოგიერთი პოლიტიკოსი ფიქრობდეს. თუ ვინმეს აქვს კონკრეტული პრეტენზია, ან ბრალდება, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება. უსაბუთო პოლიტიკური შეტევები კი მხოლოდ აზიანებს პროცესს. ვფიქრობ, მისი უკანასკნელი ნაბიჯები ძალიან საწყენია იმ მილიონზე მეტი ადამიანისთვის, ვინც წლების განმავლობაში "ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.
ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ ბრძოლის დაწყებით ვერაფერს მოიგებს. ყველაზე გონივრული ნაბიჯი იქნება, ემოციებს საბოლოოდ არ აჰყვეს, უკან წაიღოს ბოლო განცხადებები და შეცდომა რაღაც ფორმით აღიაროს. ეს მისთვის გაცილებით ღირსეული გამოსავალი იქნება, ვიდრე დაპირისპირების გაგრძელება. პოლიტიკაში ზოგჯერ უკან დახევა დამარცხება კი არა, უფრო დიდი ზიანის თავიდან აცილების ყველაზე გონივრული საშუალებაა.