ახალგაზრდა წყვილი ერთ სკოლაში სწავლობდა. იმის მიუხედავად, რომ სკოლის დასრულების შემდეგ ნასტასიამ სწავლა პინსკის უნივერსიტეტში განაგრძო, მათ სიყვარული და ურთიერთობა შეინარჩუნეს - ასე იწყება ბელარუსულ მედიაში გამოქვეყნებული სტატია საქართველოში, ავტოავარიაში დაღუპული ბელარუსი წყვილის შესახებ.
12 აგვისტოს საღამოს, ბელარუსი ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი საქართველოში მდებარე მაღალმთიანი კურორტიდან - გომის მთიდან ბრუნდებოდა. ოზურგეთის მიმართულებით, გზის მე-16 კილომეტრზე, სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხევში გადავარდა და ხეს შეეჯახა. ტრაგედიას ბელარუსის ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ ბრესტელი, 21 წლის გლებ მელნიკი და მისი 20 წლის საცოლე, ნასტასია ფილიუკი.

გამოცემა აღწერს, რომ გომის მთა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, გურიაში, ზღვის დონიდან 2755 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მას ხშირად "ღრუბლებს ზემოთ არსებულ კურორტსაც“ უწოდებენ: კარგ ამინდში აქედან შავი ზღვის ხედები იშლება, ღრუბლები კი სათვალთვალო მოედნების ქვემოთ დაცურავენ. მოგზაურები აქ მზის ჩასვლის სანახავად და ისეთი ფოტოების გადასაღებად ამოდიან, სადაც თითქოს ცაში, ღრუბლებს ზემოთ დგახარ. გლები და ნასტასიაც გომის მთას სწორედ ამ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის ეწვივნენ, თუმცა შინ დაბრუნება აღარ ეწერათ.
ორივე მათგანი ბრესტიდან იყო და 28-ე საშუალო სკოლაში სწავლობდა. გლები ნასტასიაზე ერთი წლით უფროსი გახლდათ. მათი ურთიერთობა, 2023 წლის ზაფხულიდან დაიწყო. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოები ახალგაზრდა წყვილის ჩვეულებრივ, ბედნიერ ცხოვრებას ასახავს: სეირნობა, კოცნა, ჩახუტება და ღიმილი.

2023 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ნასტასიამ პინსკის პოლესიეს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ფინანსების ფაკულტეტზე ჩააბარა. 2025 წლის თებერვალში იგი, სხვა სტუდენტთან ერთად, მშობლიურ სკოლას ეწვია, რათა მოსწავლეებისთვის საკუთარი ფაკულტეტი წარედგინა.

გარდა ამისა, მის პროფილზე შეხვდებით კადრებს საბჭოთა ფორმაში, რომლებიც ბრესტის რკინიგზის სადგურთან არის გადაღებული. ეს ფოტოები 2022 წლის მარტში, ბრესტის ცენტრალურის სადგურის დაცვის ისტორიული რეკონსტრუქციის დროს მომზადდა, სადაც ორმოცდაათამდე მონაწილემ 1941 წლის ივნისის მოვლენები გააცოცხლა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მიკროავტობუსი გზიდან გადავიდა, ხევში გადავარდა და ხეს შეეჯახა. სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ოთხი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ბელარუსის 15 მოქალაქე კი დაშავდა. დაზიანებები მიიღო თავად მძღოლმაც. ადგილობრივების თქმით, ამ დაღმართზე ხშირად დგება გადახურებული მუხრუჭების სუნი. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში მუხრუჭები გადახურდა, რის გამოც, მძღოლმა ავტომობილზე კონტროლი დაკარგა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მძღოლს არ გააჩნდა შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა, რაც მგზავრთა აღნიშნული რაოდენობის გადაყვანას სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, მას უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა.
მამაკაცი დააკავეს და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით წაუყენეს, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 15 აგვისტოს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს 12 დაშავებული ბელარუსი, მათ შორის ხუთი ბავშვი. სამი პირი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
გარდაცვლილთა ცხედრებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ბათუმში ჩაუტარდათ. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე სამშობლოში ნასტასიასა და გლების გადმოსვენება იგეგმება. აღნიშნული საკითხი უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს.