ოჯახურ გარემოზე ორიენტირებული ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც ვისკონსინის შტატში იმართება, ნამდვილ ქაოსში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც დამსვენებლებს შორის უმართავი, მასობრივი ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

გასულ კვირა საღამოს, უესტ - ელისში მდებარე ფესტივალის ტერიტორიაზე მომხდარი არეულობის გამო, პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა.

ტელეკომპანია “Fox6 Milwaukee“ -ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ დარბოდნენ კვების ზონაში ათეულობით მოჩხუბარი, ძირითადად მოზარდები და ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
ერთ-ერთ ეპიზოდში შავებში ჩაცმული სულ მცირე 5 პირი სცემდა მამაკაცს, რომელიც მიწაზე ემბრიონის პოზაში იწვა. იქვე, მეზობელ დახლთან, კიდევ ერთი ადამიანი წააქციეს, რომელმაც დაცემისას თავი ბეტონის იატაკს დაარტყა.

ვიდეოს მიხედვით, ხალხის უმრავლესობა შემთხვევის ადგილს გაერიდა და ახლომდებარე საცხოვრებელი ქუჩისკენ გაიქცა.
აღსანიშნავია, რომ 6 - დან 16 აგვისტომდე დაგეგმილ ფესტივალზე 17 წლამდე მოზარდებს 12:00 საათის შემდეგ სრულწლოვანი მეთვალყურეობის გარეშე შესვლა ეკრძალებოდათ. ადმინისტრაციის ცნობით, სამართალდამცავებმა რეაგირება მყისიერად მოახდინეს. დაკავებულთა ვინაობა და ასაკი ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.