არქეოლოგებმა, რომლებიც ხორვატიის სანაპიროსთან საუკუნეების წინ ჩაძირულ გემს იკვლევენ, ოქროს განძი აღმოაჩინეს. ნაპოვნი ნივთები მიუთითებს, რომ გემზე, შესაძლოა, გავლენიანი და მდიდარი მგზავრი იმყოფებოდა, რომელიც თავის ამალასთან ერთად მგზავრობდა.

ხორვატიის კონსერვაციის ინსტიტუტმა მრავალწლიანი წყალქვეშა გათხრების შედეგები ხომალდი ოფიციალურად ამ ზაფხულს წარადგინა. გემი ახ. წ. VII საუკუნის ბოლოთი ან VIII საუკუნის დასაწყისით თარიღდება.
ის ათ წელზე მეტი ხნის წინ ხორვატიის კუნძულ მლჯეტის სიახლოვეს, ზღვის ფსკერზე აღმოაჩინეს. არქეოლოგიური სამუშაოები აქ 2015 წლიდან მიმდინარეობს.

ოფიციალური პირების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე სამკაულების თვალისმომჭრელი კოლექცია მოჩანს, მათ შორისაა დახვეწილი სამკაული, რომელიც მარგალიტებითა და მწვანე ძვირფასი ქვებით არის შემკული. გარდა ამისა ნივთებში სხვა, ლალით, ზურმუხტითა და მარგალიტებით გაფორმებული ოქროს ნაკეთობები და ბეჭდები გვხვდება, რაც იმას მოწმობს, რომ გემით მაღალი სოციალური სტატუსის მქონე პირი მგზავრობდა.

ჩაძირულ გემზე ასევე ჰერაკლიეს დინასტიის ოთხი იმპერატორის მმართველობის პერიოდში მოჭრილი ოქროს მონეტებიც იპოვეს. აღნიშნული დინასტია ბიზანტიის იმპერიას VII-VIII საუკუნეებში მართავდა.
ხორვატიის კონსერვაციის ინსტიტუტის კვლევების ხელმძღვანელის, იგორ მიჰოლჟეკის თქმით, ჯამში 600 გრამზე მეტი წონის ოქრო, ამ ძვირფასი მეტალის უდიდესი რაოდენობაა, რაც კი ოდესმე ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირული გემიდან ამოუღიათ.