ადამიანი დედამიწაზე ერთ-ერთ უმძლავრეს ევოლუციურ ძალად იქცა. ქალაქებში გადასარჩენად სხვადასხვა ცხოველები, ურბანული მელიებიდან დაწყებული, შუშაზე მცოცავი ხვლიკებით დასრულებული, ექსტრემალური ადაპტაციის გზას ადგანან. მეცნიერები ამ პროცესს “თანამედროვე ევოლუციას“ უწოდებენ, რომელიც ხშირად სულ რამდენიმე თაობაში ხდება.
პუერტო-რიკოში მცხოვრები ხვლიკები რადიკალურად განსხვავდებიან თავიანთი ტყის ნათესავებისგან. შენობებზე ასასვლელად და ცხელ ზედაპირებზე სწრაფად გადასაადგილებლად, ამ რეპტილიებს უფრო გრძელი კიდურები და თითებზე სპეციალური ქერცლები განუვითარდათ, რაც მათ ლითონსა და შუშაზე მოჭიდებაში ეხმარება. ეს ცვლილებები სულ რამდენიმე წელიწადში მოხდა.

აშშ-ში კი, ქალაქის ენოტები, რომლებსაც ხუმრობით “ნაგვის პანდებს“ უწოდებენ, ფიზიკურ ტრანსფორმაციას განიცდიან. კვლევებმა აჩვენა, რომ მათ უმოკლდებათ დრუნჩი და ადამიანების მიმართ ნაკლებად აგრესიულები ხდებიან, რაც მოშინაურების ადრეულ ნიშნებზე მიუთითებს.

ბრიტანული წითელი მელიები კი ქალაქებში ბევრად უფრო სწრაფად მრავლდებიან, ვიდრე სოფლად, რადგან ურბანულ გარემოში საკვები მეტია.

ქალაქის ხმაურმა ფრინველებიც შეცვალა. ბევრმა მათგანმა სიმღერის ტონი, მოცულობა და დრო შეცვალა, რათა მათი ხმა ავტომობილების ხმაურში არ ჩაიკარგოს. მაგალითად, კალიფორნიაში მცხოვრებ ჩიტებს (Junco) უფრო პატარა ფრთები განუვითარდათ, რათა მჭიდროდ დასახლებულ ქუჩებში მანევრირება გაუადვილდეთ. გარდა ამისა, ისინი ნაკლებად აგრესიულები გახდნენ და ბუდეებს ხეების ნაცვლად პირდაპირ შენობებზე იკეთებენ.
ევოლუცია მხოლოდ ქალაქებში არ მიმდინარეობს. ადამიანის საქმიანობა ცხოველებს ფიზიოლოგიურ ცვლილებებსაც აიძულებს. ზოგიერთ რეგიონში იმატა ეშვების გარეშე დაბადებული სპილოების რაოდენობამ. მიზეზი მარტივია: ბრაკონიერები ეშვების გამო ხოცავენ სპილოებს, უეშვოები კი ცოცხლდებიან და ამ გენს შთამომავლობას გადასცემენ.

მსგავსი პროცესი ხდება წყლის სამყაროშიც: თევზები ზომაში პატარავდებიან, რადგან მეთევზეები დიდ თევზებს იჭერენ, პატარები კი გადარჩენას და გამრავლებას ახერხებენ. ზოგიერთი თევზი კი ინდუსტრიული ქიმიკატების მიმართაც კი რეზისტენტული გახდა.
აქვთ თუ არა ყველას გადარჩენის შანსი?
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სახეობა საოცარ მდგრადობას იჩენს, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ბევრ ცხოველს უბრალოდ არ აქვს დრო ევოლუციისთვის, რადგან გარემო ზედმეტად სწრაფად იცვლება.
კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ენდრიუ სიჰი აღნიშნავს, რომ პირველი ნაბიჯი ყოველთვის ქცევის შეცვლაა. თუ ცხოველი მოახერხებს ქცევით ადაპტაციას, მას ეძლევა შანსი, მოგვიანებით გენეტიკურადაც შეიცვალოს.
იხილეთ ასევე: