გაზაფხულზე, გვიან ღამით, პოლიციის სამი თანამშრომელი ღამის კლუბთან მივიდა, სადაც მამაკაცი ტროტუარზე დაცემულ ახალგაზრდა ქალს ფეხებს ურტყამდა. პოლიციის ანგარიშის თანახმად, სამართალდამცველებმა თავდასხმა აღკვეთეს და მოძალადე დააკავეს. ეს ისეთი ტიპის ინციდენტი იყო, რომელსაც პოლიცია თითქმის ნებისმიერ ქალაქში და ნებისმიერ დროს შეიძლება წააწყდეს.
თუმცა, პოლიციელ ქსავიერ ხიმენესის მიერ შედგენილ ოქმში ერთმა დეტალმა მიიპყრო ყურადღება: “მიმდებარე ტერიტორიაზე გეგმურ პატრულირებას ეროვნული გვარდიის დაახლოებით 15 წევრი ახორციელებდა, თუმცა მათ არანაირი ზომა არ მიუღიათ“ - ეწერა ოქმში.
ყოველდღიურად, სამხედრო ფორმასა და ჯავშანჟილეტებში გამოწყობილი ჯარისკაცები აშშ-ის დედაქალაქის ტურისტულ ზონებს ეროვნულ მონუმენტებს, მეტროსადგურებსა და ბეისბოლის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიებს პატრულირებენ.

გასული აგვისტოს შემდეგ, როდესაც ტრამპის ბრძანებით გვარდიელები დედაქალაქში შევიდნენ, ისინი კოლუმბიის ოლქის უმაღლეს სასამართლოში (რომელიც ქალაქის თითქმის ყველა სისხლისსამართლებრივ საქმეს განიხილავს) აღძრული საქმეების მხოლოდ უმცირეს ნაწილში, დაახლოებით 1.3%-ში ფიგურირებენ.
ათობით შემთხვევაში სამხედროები დამნაშავეთა დაკავებაში არ თუ მონაწილეობენ, არამედ თავად გვევლინებიან დანაშაულის მსხვერპლად.
ამჟამად ვაშინგტონში მობილიზებული დაახლოებით 4,500 ჯარისკაცი რაოდენობით აღემატება ადგილობრივ პოლიციას, რომელშიც 3,200 თანამშრომელი ირიცხება. ამასთან, მათი შენახვა უფრო ძვირი ჯდება: გასულ წელს ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს განუცხადა, რომ დედაქალაქში გვარდიელების ყოფნა დღეში $1.65 მილიონი ჯდებოდა და ეს მანამდე, ვიდრე ზაფხულში ჯარისკაცების რაოდენობას გაორმაგებდნენ. შედარებისთვის, ქალაქის პოლიციის ბოლო ბიუჯეტი დღეში დაახლოებით $1.5 მილიონს შეადგენდა.
ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ვაშინგტონში სამხედროების გაგზავნას ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე (2029 წლამდე) გეგმავს, ამ გადაწყვეტილების ჯამური ღირებულება $1.4 მილიარდს მიაღწევს.

სასამართლო ჩანაწერების, დედაქალაქის დემოგრაფიული მონაცემებისა და დანაშაულის სტატისტიკის შედარებით დადგინდა, რომ ჯარისკაცები ძირითადად წვრილმან ინციდენტებზე ისეთ უბნებში რეაგირებენ, რომლებიც ქალაქის სხვა ნაწილებთან შედარებით მდიდრულად, ნაკლებ საშიშად მიიჩნევა და მეტწილად თეთრკანიანებით არის დასახლებული.
Reuters-მა სასამართლო მასალებში ვერ მიაკვლია ვერცერთ ჩანაწერს იმის შესახებ, რომ სამხედროებს მართლწესრიგი დაეცვათ ისეთ უბნებში, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მომხდარი 859 მკვლელობის უმრავლესობა დაფიქსირდა.
თეთრ სახლს სამხედროების საქმიანობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია. მისმა პრესმდივანმა განაცხადა, რომ ტრამპის ძალისხმევამ “დანაშაულის დონე შეამცირა, გააუმჯობესა ქალაქის იერსახე და აამაღლა ათასობით ადამიანის ცხოვრების ხარისხი“.
Reuters-მა ვაშინგტონში 217 სისხლის სამართლის საქმე აღმოაჩინა, სადაც პოლიცია ეროვნული გვარდიის ჩართულობას ახსენებს. მათგან დაახლოებით მეოთხედში (62 საქმეში) ჯარისკაცებმა დამოუკიდებლად შეაჩერეს სავარაუდო დამნაშავეები, ძირითადად მაღაზიიდან ქურდობის ან მეტროს ტურნიკეტზე უფასოდ გადახტომის გამო. კიდევ 43 შემთხვევაში სამხედროები პოლიციას პირის დაკავებაში დაეხმარნენ.
თუმცა აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა რომ, გვარდიელებს აშშ-ის მარშლების უფლებამოსილება აქვთ მინიჭებული, მათ ეფექტური სამართალდამცავი ძალაუფლება შეზღუდული აქვთ.

სამხედრო მოსამსახურეები თავადაც ხშირად ხდებიან თავდასხმის მსხვერპლნი. ეს ფაქტი გასულ წელსაც დადასტურდა, როდესაც დასავლეთ ვირჯინიელ ორ ჯარისკაცს თეთრი სახლის მახლობლად ესროლეს, რის შედეგადაც ერთი მათგანი გარდაიცვალა.

Reuters-მა 62 საქმე აღმოაჩინ, სადაც პირებს ბრალი წაუყენეს ჯარისკაცების ხელის კვრის, ცემისა თუ მუქარის გამო. ცხრა ადამიანს სამხედროებისთვის დანერწყვებაში ედებოდა ბრალი. ერთ-ერთი მამაკაცი შეეცადა ჯარისკაცისთვის იარაღი წაერთმია, როდესაც მას მეტროსადგურში ბეისბოლის ქუდების ქურდობისთვის აკავებდნენ. სხვა პირს ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც მან ჯარისკაცებს განუცხადა, რომ “ბაზუკას სროლით მათი დახოცვა სურდა“.
Reuters-ის მიერ სასამართლო ჩანაწერების ანალიზმა აჩვენა, რომ მაღალი დანაშაულის მქონე უბნებში სამხედროების ყოფნის მცირე მტკიცებულება არსებობს.