ავტორი:

სამეფო მოვალეობების უარყოფიდან და აშშ-ში გადაბარგებიდან 6 წლის შემდეგ, ჰარი და მეგანი დიდ ბრიტანეთში ბრუნდებიან - რა დეტალებზე წერს ბრიტანული პრესა?

სამეფო მოვალეობების უარყოფიდან და აშშ-ში გადაბარგებიდან 6 წლის შემდეგ, ჰარი და მეგანი დიდ ბრიტანეთში ბრუნდებიან - რა დეტალებზე წერს ბრიტანული პრესა?

BBC-ის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი და მისი მეუღლე ჰერცოგინია მეგანი დიდი ბრიტანეთში დაბრუნებას გეგმავენ.

ამ ინფორმაციის შესახებ პირველად გამოცემებმა Daily Telegraph-მა და Sun-მა განაცხადეს. მათი ცნობით, პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგანი აგვისტოს ბოლოს კალიფორნიიდან დიდ ბრიტანეთში გადასვლას აპირებენ, თუმცა არა სამეფო, არამედ ლონდონის გარეთ მდებარე კერძო რეზიდენციაში.

მათი შვილები, შვიდი წლის პრინცი არჩი და ხუთი წლის პრინცესა ლილიბეტი, სექტემბრიდან სწავლას ბრიტანულ სკოლაში დაიწყებენ.

BBC News-ის ცნობით, მეფე ჩარლზ III-ს ამ გადაწყვეტილების შესახებ კვირას აცნობეს.

პრინც ჰარის წარმომადგენელსა და ბუკინგემის სასახლეს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. თუმცა წყვილთან დაახლოებულმა წყარომ ცნობის უტყუარობა დაადასტურა, - წერს Reuters-ი.

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ შვილებთან ერთად მეფე ივლისში მოინახულეს, თუმცა ბრიტანეთში გადაბარგების თემა მაშინ არ განუხილავთ. აღსანიშნავია, რომ მეფემ თავისი შვილიშვილები ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად ნახა.

BBC-ის ცნობით, ჩარლზ III-მ გასულ უქმეებამდე არაფერი იცოდა მათი გადასვლის შესახებ, თუმცა მოხარულია, რომ შესაძლებლობა ექნება კერძო გარემოში უფრო ხშირად ნახოს პრინცის ოჯახი.

  • პრინც ჰარისა და მეგანისთვის ოფიციალური სტატუსის დაბრუნება არ იგეგმება, ისინი კვლავ კერძო პირებად დარჩებიან.

მათი გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს პრინც უილიამსა და პრინცესა ქეთრინსაც.

შეგახსენებთ, პრინცმა ჰარიმ და მეგანმა სამეფო მოვალეობების შესრულება 2020 წლის გაზაფხულზე შეწყვიტეს და იმავე წელს დიდი ბრიტანეთი დატოვეს.

პრინცი ჰარი და მეგანი დიდ ბრიტანეთში ერთად 2022 წლის შემდეგ არ ყოფილან, როდესაც ისინი დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვას დაესწრნენ.

წყვილის უსაფრთხოება დიდხანს რჩებოდა დაძაბულობის მიზეზად, რადგან სასექსის ჰერცოგის მოთხოვნა პოლიციურ დაცვაზე უარყოფილი იყო.

გასულ წელს პრინცმა ჰარიმ წააგო სასამართლო დავა იმ დაცვის დონესთან დაკავშირებით, რომელიც მას და მის ოჯახს ბრიტანეთში ყოფნისას ეკუთვნოდა.

მანამდე პრინცი ჰარი აცხადებდა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშები ხელს უშლიდა ბრიტანეთში ჩამოსვლასა და მეუღლისა თუ შვილების ჩაყვანაში.