საქართველოში, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაულის (პედოფილიის) სტატისტიკა, მართლაც რომ შემაშფოთებელია: 2022-2023 წლებში, ამ ტიპის დანაშაულის მსხვერპლი 260 ბავშვი გახდა; 2025 წელს, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 170 ბავშვი იყო, ხოლო სექსუალური ექსპლუატაციისა - ექვსი. ეს, ოფიციალური მონაცემებია, თუმცა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რეალური ციფრები გაცილებით მაღალია, რადგან მსგავსი დანაშაული უმეტესად, დაფარული რჩება. როგორ დავიცვათ პატარები პედოფილებისგან? - ამის თაობაზე, ფსიქოლოგი თამაზ ლაღიძე გვესაუბრება:
- ბატონო თამაზ, რა ფენომენია პედოფილია და როგორ ადამიანებში ყალიბდება?
- პედოფილია, ეს არის მოვლენა, რომლის დროსაც ადამიანს უჩნდება სურვილი, სექსუალური კავშირი დაამყაროს მოზარდთან, ან ბავშვთან. ეს სურვილი შეიძლება არც გადავიდეს რეალურ ქმედებაში და ადამიანი, რომელსაც მსგავსი ინტერესები აქვს, მოძალადე არ გახდეს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სურვილი რეალობაში ხორციელდება. ძნელია იმის თქმა, როგორ ყალიბდება მსგავსი სურვილები, რადგან პედოფილიის არსი და ბუნება ბოლომდე არ არის გამოკვლეული. ისიც ნაკლებადაა შესწავლილი თუ რატომ ჩნდება ეს მიდრეკილება ადამიანში. სპეციალისტებს ძირითადი აქცენტი ნეიროგანვითარებაზე და ადამიანის ტვინში მიმდინარე პროცესებზე გადააქვთ. უმეტესობა ფიქრობს, რომ პედოფილია ტვინის სტრუქტურის და მოქმედების დარღვევით არის გამოწვეული.
- ძირითადად, რა ტიპის ადამიანები ხდებიან პედოფილები?
- პედოფილის ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა, რამდენიმე თვისებას მაინც ასახელებენ: ამ ტიპის დანაშაულს, უმეტესად, დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები სჩადიან, რადგან რაც უფრო დაბალი IQ აქვს ადამიანს, მით უფრო ნაკლებად აქვს განვითარებული თვითკონტროლის უნარი. ის ნაკლებად ფიქრობს, რა მოჰყვება მის მიერ ჩადენილ საქციელს. ამბობენ, რომ პედოფილები ხშირად ტრიალებენ სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან და როცა ასე ხდება, პედაგოგების ყურადღება აუცილებელია. ასევე არსებობს სტერეოტიპი, რომ პედოფილი უსიამოვნო გამომეტყველების და იერის მქონე ადამიანია, რომელიც მოზარდისთვის უცხოა და სრულიად შემთხვევით, ქუჩაში ხვდება, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა.
- რატომ?
- შემთხვევათა 90%-ში, მსხვერპლი მოძალადეს საკმაოდ კარგად იცნობს - ის, ან მისი ოჯახის წევრია, ან ნათესავი, ან მასწავლებელი, მწვრთნელი, ექიმი და ა.შ. ორიოდე წლის წინ, საქართველოში გახმაურდა შემთხვევა, როცა მოსწავლეზე მანდატურმა იძალადა. აშკარაა, რომ მოძალადეები, მსხვერპლთან და მის ოჯახთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები არიან. ცხადია, მკითხველს გაუჩნდება შეკითხვა - რა თვისებები გამოარჩევს პედოფილს? - არსებობს რამდენიმე შემაშფოთებელი სიგნალი, რომელსაც მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს: როცა ზრდასრული ხშირად ცდილობს ბავშვთან ერთად განმარტოებას, მასთან მარტო დარჩენას. მეორე ნიშანია საჩუქრების ჩუქება და ბავშვის გაფრთხილება, რომ მშობელს ამ საჩუქრის შესახებ არაფერი უთხრას, რომ ეს მათი პატარა საიდუმლოა. ამ გზით, პოტენციური მოძალადე ბავშვთან დაახლოებას და მისი ნდობის მოპოვებას ახერხებს, რადგან ბავშვები, მსგავსი მანიპულაციის ზემოქმედების ქვეშ, ადვილად ექცევიან. შედეგად, დამნაშავეს ბავშვთან განმარტოება და დაახლოება უადვილდება. ასე რომ, პედოფილებს საშიში გარეგნობა და ქცევები სულაც არა აქვთ, უბრალოდ, კარგად იციან, როგორ მოახდინონ ბავშვზე გავლენა და ამას სხვადასხვა გზით ახერხებენ.
- რა უნდა იღონოს მშობელმა? - როგორ დაიცვას არასრულწლოვანი შვილი დამნაშავისგან?
- მშობელს უნდა შეეძლოს ბავშვთან ღია, გახსნილი საუბარი და თავისი საზღვრების დაცვა უნდა ასწავლოს: ბავშვს უნდა ვასწავლოთ, როგორ მოიქცეს, როცა ზრდასრული მასთან მარტო დარჩენას და შეხებას ცდილობს. ცნობილია, რომ მშობლები ბავშვებს ხშირად აფრთხილებენ: თუ ქუჩაში უცხო ადამიანი რაღაცას შემოგთავაზებს, არ გამოართვა და არ გაჰყვეო, მაგრამ ეს გაფრთხილება ხშირად, უშედეგოდ რჩება: აშშ-ში ასეთი კვლევა ჩაატარეს - რამდენიმე მსახიობი დაიქირავეს. ისინი ქუჩაში მიმავალ ბავშვებთან მიდიოდნენ და ვითომ, დაკარგული ლეკვის პოვნაში დახმარებას სთხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბავშვების უმრავლესობა გაფრთხილებული იყო, ზრდასრული ადამიანის თხოვნას, თითქმის ყველა დაემორჩილა და გაჰყვა. ასე რომ, მარტო გაფრთხილება საქმეს ვერ შველის: მოზარდებს უნდა ვუსმინოთ და მსგავს თემებზე გამუდმებით, ინტენსიურად ვესაუბროთ. გადავამოწმოთ, რამდენად სწორად გაიგო ჩვენი ნათქვამი და დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი დამნაშავის მანიპულაციის მსხვერპლი არ გახდება. განსაკუთრებული სიფხიზლეა საჭირო, როდესაც მოზარდი სოციალური ქსელით ვინმეს ეკონტაქტება, ან მის ფოტოებს საჯაროდ ვაქვეყნებთ. ნებისმიერი ფოტო, რომელზეც ბავშვია ასახული, მოძალადისთვის შეიძლება ტრიგერი გახდეს.
- რა თვისებებს ამჟღავნებს მოზარდი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა?
- ასეთი ბავშვები, უმეტესად, თავის თავში იკეტებიან და ხასიათი ეცვლებათ. მათ სირცხვილის განცდა უჩნდებათ და მშობელთან უფრო ნაკლებად საუბრობენ, ვიდრე ადრე. ხშირად, სწავლასაც თავს ანებებენ და ინტერესს კარგავენ იმ საქმიანობის მიმართ, რომელიც ადრე ძალიან მოსწონდათ. ასეთ დროს, ბავშვის განვითარება ფერხდება და ის ძველ ჩვევებს უბრუნდება, მაგალითად: თუ თოჯინებით დიდი ხანია აღარ თამაშობს, შეიძლება თოჯინებთან თამაში ისევ დაიწყოს. ძალადობის მსხვერპლ მოზარდებს აუხსნელი, მოულოდნელი შიშები უჩნდებათ, მაგალითად: თუ მოძალადე შავგვრემანია, ყველა შავგვრემანი ადამიანის მიმართ შიში აქვთ. მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება ძილშიც: მსხვერპლს შეიძლება კოშმარული სიზმრები დაეწყოს, სიბნელის შიში განუვითარდეს და განწყობა რადიკალურად შეეცვალოს. დაკვირვებული მშობელი ყველა ამ ნიშანს ადვილად შეამჩნევს.
შესაძლოა, ეს ცვლილებები სულაც არ იყოს იმის მანიშნებელი, რომ თქვენი შვილი ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ მაინც სასურველია, სპეციალისტს მიმართოთ. ის გამოიკვლევს და დაადგენს, რამ გამოიწვია ბავშვის ქცევის შეცვლა და რაც მთავარია, თქვენს მიმართ ნდობა უნდა გაუღვივოთ და გულახდილად დაელაპარაკოთ. ყველაზე მძიმე გადასალახი სწორედ უნდობლობაა: ძალადობის მსხვერპლ მოზარდს ჰგონია, რომ დედ-მამა არ დაუჯერებს, რომ ჯობია დამალოს, რაც თავს გადახდა. ხშირად, მშობელი ამგვარ ცვლილებებზე ყურადღებას არ ამახვილებს და ბავშვის საიდუმლო საიდუმლოდ რჩება.
- რა შეიძლება გაკეთდეს პრევენციისთვის? - იმისათვის, რომ ასეთ სამწუხარო შედეგამდე არ მივიდეთ?
- პრევენციისთვის სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებულ მეთოდებს იყენებს, მაგალითად: როცა რამდენჯერმე ცნობილი გახდა მწვრთნელების მიერ ჩადენილი ძალადობის შესახებ, ევროპასა და ამერიკაში შემოიღეს წესი, რომ მოზარდთან ერთი მწვრთნელი მარტო არ უნდა დარჩეს, ვარჯიშს აუცილებლად უნდა ესწრებოდეს ორი ზრდასრული, რომ ის დაცული იყოს. მართალია, ასეთ ღონისძიებებს პრევენციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მშობლის როლს მაინც ვერაფერი შეცვლის - ეს იმიტომ, რომ მოძალადეები უმეტესად ახლობელი ადამიანები არიან, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ ბავშვთან დაახლოება, რადგან ერთ სივრცეში, ერთ სახლში იმყოფებიან. ხშირ შემთხვევაში, ბავშვზე მამინაცვალი ძალადობს, სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევები, როცა მოზარდზე ბაბუა, ძმა და მამა ძალადობდა, რაც თავისთავად, შემაძრწუნებელი მოვლენაა! ადამიანთა უმრავლესობა შეიძლება ვერც აანალიზებს, რომ მსგავსი საქციელის ჩადენა შეუძლია, ამიტომ, სიფრთხილე აუცილებელია.
- ზოგიერთ ქვეყანაში, პედოფილებს ქიმიურ კასტრაციას უტარებენ. საქართველოშიც ბევრი ფიქრობს, რომ ეს, გონივრული მეთოდია...
- დიახ, სამხრეთ კორეაში, აშშ-ის რამდენიმე შტატში, ყაზახეთში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ქიმიური კასტრაცია საკანონმდებლო დონეზეა დაშვებული. არსებობს ნებაყოფლობითი კასტრაციაც: ზოგიერთი პედოფილი თვითონვე ცდილობს, ასე მოიქცეს, რადგან ხვდება, რომ შეიძლება თავისი საქციელი ვერ გააკონტროლოს და დანაშაული ისევ ჩაიდინოს. ქვეყნების უმრავლესობაში სასჯელი ციხეში ჩასმაა, მაგრამ ეს სრულ პრევენციას ვერ უზრუნველყოფს: არავინ იცის, როგორი ფსიქიკით გამოვიდა ეს ადამიანი საპატიმროდან და რამდენად შედეგიანი იქნება მასთან სპეციალისტების მუშაობა. პედოფილია უმძიმესი მოვლენაა და ბევრი მიიჩნევს, რომ ასეთი დამნაშავე სიკვდილით უნდა დაისაჯოს. მით უმეტეს, რომ ამგვარ დანაშაულს საქართველოში რამდენიმე ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა, თანამედროვე სამყაროში სიკვდილით დასჯა მიღებული არ არის. არსებობს სხვა, ალტერნატიული საშუალებები, რომელიც პრევენციის საშუალებას იძლევა და ერთ-ერთი მათგანი სწორედ ქიმიური კასტრაციაა.
- და ბოლოს, პედოფილიის არაერთი მსხვერპლი სიმართლეს წლების შემდეგ აღიარებს - როგორც ნატა ვიბლიანმა აღიარა. ეს რით აიხსნება?
- ამის მიზეზი უნდობლობა, სტიგმა და სირცხვილის გრძნობაა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. სირცხვილის განცდა მსხვერპლს ხელს უშლის, რომ სიმართლე თავის დროზე გაამხილოს და ამას მხოლოდ წლების შემდეგ ბედავს, როცა უკვე ზრდასრული, რეალიზებული ადამიანია. ამიტომ, მსგავს დანაშაულზე ხშირად უნდა ვიმსჯელოთ და მედიაშიც გავაშუქოთ. სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო ხანებში, ჩვენი საზოგადოება ძალადობის მსხვერპლის მიმართ უფრო შემწყნარებელი გახდა ანუ მისი ცნობიერება ამაღლდა - ვფიქრობ, რომ ეს მისასალმებელი მოვლენაა.
ხათუნა ჩიგოგიძე
იხილეთ ასევე: