ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობა ისევ პიკზეა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ "ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაცია“ გამოაცხადა, რასაც თავად "ეკონომიკური D-Day“ (Economic D-Day) უწოდა. თეთრი სახლის ლიდერი თეირანს სრული ეკონომიკური ბლოკადითა და უპრეცედენტო საერთაშორისო იზოლაციით ემუქრება, ხოლო ირანის მხარე აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ ვაშინგტონის შიდა ეკონომიკური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.
სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ ვრცელ მიმართვაში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის ხელისუფლებას ჰქონდა დიპლომატიური შეთანხმების მიღწევის შანსი, თუმცა მათ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს.
"არავის მიუცია ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის შეთანხმების დადების უფრო დიდი შესაძლებლობა, ვიდრე მე. მათდა სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლეს. ამიტომ, დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას, რაც კი ოდესმე განხორციელებულა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო და ეკონომიკური წნეხის შედეგად ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტი და საჰაერო ძალები ფაქტობრივად განადგურებულია, სამხედრო ქარხნები ნანგრევებად არის ქცეული, ეროვნული ვალუტა უფასურდება და ქვეყანა "ძაფზე ჰკიდია“.
ამასთანავე, ვაშინგტონი მკაცრ გაფრთხილებას უგზავნის მესამე ქვეყნებსა და საერთაშორისო ბიზნესსაც. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც თავის ფინანსურ ინსტიტუტებს, აეროპორტებს, კომპანიებს ან სამთავრობო სტრუქტურებს ირანისთვის "გადარჩენის რგოლის“ მისაწოდებლად გამოიყენებს, "უზარმაზარ ეკონომიკურ შედეგებს“ წააწყდება.
ნავთობის კონტრაბანდა; ფინანსური გაცვლითი ხაზები (Swap lines) და ფულადი გზავნილები; ვალუტის გადასაცვლელი პუნქტებისა და ფიქციური (ფრონტალური) კომპანიების საქმიანობა; ირანულ გემებთან დაკავშირებული საზღვაო რეესტრების ფუნქციონირება.
"ეს მანიაკები უკვე კუთხეში არიან მომწყვდეული. ეს ისტორიული ზომები მათ და მათ მიერ მთელ მსოფლიოში ტერორის გავრცელების შესაძლებლობას დააზიანებს. ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“, - დაასრულა ტრამპმა.
ვაშინგტონის მკაცრ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) გამოეხმაურა. თეირანი აშშ-ის ქმედებებს "ეკონომიკურ ტერორიზმს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი პოლიტიკა გლობალურ სტაბილურობასა და სუვერენიტეტს ემუქრება.

არაღჩის შეფასებით, ტრამპის მიერ გამოცხადებული "ეკონომიკური D-Day“ რეალურად ამერიკის შეერთებული შტატების შიდა ეკონომიკური პრობლემების გადაფარვას ემსახურება.
"ე.წ. ეკონომიკური D-Day ყურადღების გადატანას წარმოადგენს თავად ამერიკის კრიზისიდან: უპრეცედენტო ვალიდან და საპროცენტო ხარჯების ზრდიდან. წარუმატებელი პოლიტიკის გაგრძელება კიდევ უფრო მეტ მარცხსა და ირანელების მტრულ დამოკიდებულებას გამოიწვევს“, - დაწერა ირანის პირველმა დიპლომატმა.