ავტორი:

"მოგიყვებით სიმართლეს" - რას წერს და რა სქრინებს აქვეყნებს ტარიელ კაკაბაძე

"მოგიყვებით სიმართლეს" - რას წერს და რა სქრინებს აქვეყნებს ტარიელ კაკაბაძე

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს და ეხმიანება შსს-ს განცხადებას, რომლის თანახმად კაკაბაძებ და გაუჩინარებული დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა წინასწარ იცოდნენ გურამ დადიანიძის გვერდზე პოსტის გამოქვეყნების შესახებ:

  • "მოგიყვებით სიმართლეს: 2026 წლის 16 ავისტოს, ჩემს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე - არიელ კაკაბაძე/ Tariel Kakabadze მომწერა ადამიანმა ფეისბუქ პროფილით "ნასვამი ჩოჩორი".

მითხრა, რომ ჩართულია გურამ დადიანიძის საქმის პროცესში და სურდა დახმარების გაწევა. მე სერიოზულად არ აღვიქვი მისი ნათვამი, მაგრამ ვუთხარი რომ თუ რამე ინფორმაციას მიიღებდა, მოეწოდებინა ჩემთვის და მოეწერა პროფილზე: Tariel Kakabadze.

აღნიშნული პროფილის პოვნა გაუჭირდა და თავად ვიპოვე ის. ამის შემდეგ მომაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კახა გელაშვილის სახელით შექმნილ ფეიკ გვერდიდან თავად კახა გელაშვილი იყო შესული და ასევე შესული იყო სხვა პიროვნებაც ვლადიკავკაზიდან. მისი თქმით, პოსტი "დედა ცოცხალი ვარ" დადებულია კახა გელაშვილის მიერ.

ჩემმა თანამშრომელმა აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვლებლივ მიაწოდა გამომძიებელსა და პროკურორს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვფრინდი, 10 საათიანი ფრენის შემდეგ. ინტერნეტთან წვდომა არ მქონდა 10 საათის განმავლობაში. ჩამოფრენიდან რამდენიმე საათში მესენჯერში ვკითხულობ ამ ე.წ. ფეიკიდან შემოსულ მესიჯს სადაც მატყობინებს, რომ მისი დაწერილია ოსურ ენაზე პოსტი: "დადგა ჟამი".

როგორც ჩანს, ვიღაცამ გამოიყენა ეს ადამიანი ჩემს გასაშავებლად, მაგრამ მე ყველა ჩვენი კომუნიკაცია შენახული მაქვს. ჩემს პოსტს დავურთავ აღნიშნული ანგარიშიდან შემოსული მესიჯის სქრინს და ასევე ჩემი პასუხის სქრინს, სადაც ვსაყვედურობ მას, რომ მსგავსი ქმედება დაუშვებელია!

სასწრაფოდ დადგინდეს ვინ იმალება "ნასვამი ჩოჩორი"-ს უკან!" - წერს ტარიელ კაკაბაძე.

ტარიელ კაკაბაძე ამ თემაზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს:

"სქრინი რომელიც აჩვენებს, რომ აღნიშნულ პირს "ნასვამი ჩოჩორი" ვუსაყვდურე, რომ მსგავსი პოსტი არ უნდა დადებულიყო!აქ ნათლად ჩანს, რომ ამ პოსტის დადება შეთანხმებული არ იყო ჩემთან!ვიწინასწარმეტყველე, რომ სოფო ბიბილაშვილის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენებდნენ ამ ყველაფერს!გული მიგრძნობდა, რომ ასე მოხდებოდა და ასეც მოხდა!ძალიან სწორად მივდივართ და ეს აწუხებთ. არ სურთ ამ საქმის გამოძიება".

რა მოხდა?

დღეს, 20 აგვისტოს, შსს-მ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ფეისბუქ გვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ და გაუჩინარებული ბიჭის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა წინასწარ იცოდნენ, რომ გურამ დადიანის ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოქვეყნდებოდა. ცნობისთვის, დადიანიძის "ფეისუქის" გვერდზე სიტყვები - Арцыд растаг - 18 აგვისტოს დაიპოსტა.

შსს-ს განცხადება:

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის "ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე.

  • გურამ დადიანიძის "ფეისბუქ“ გვერდზე, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს განთავსებული პოსტის წარმომავლობის დადგენის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში განახორციელეს არაერთი შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა - სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. როგორც ირკვევა, აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტ აპლიკაცია "ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში დაიგეგმა, რომლის წევრებიც არიან გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები.

ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში გურამ დადიანიძის ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის ფეისბუქ პროფილი იყო რეგისტრირებული, არ ჰყავდა ახალი მფლობელი და შესაძლებელი იყო მისი შეძენა. აღნიშნული ნომერი შეიძინა "ტელეგრამ“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე შეღწევა. მოგვიანებით კი გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე სტატუსი გამოაქვეყნა ამავე ჯგუფის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა.

ასევე, ჯგუფის წევრებმა წარსულში გურამ დადიანიძის მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე გაააქტიურეს სხვადასხვა აპლიკაცია (WhatsApp; Viber).

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი არ გამოიყენონ გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.