ავტორი:

"რა გმირი ქმარი მყავს, ისე გადახტა, არც კი დაფიქრებულა“ - აჭარისწყალში ჩავარდნილი უცხოელი ტურისტები ადგილობრივებმა დახრჩობას გადაარჩინეს (ვიდეო)

"რა გმირი ქმარი მყავს, ისე გადახტა, არც კი დაფიქრებულა“ - აჭარისწყალში ჩავარდნილი უცხოელი ტურისტები ადგილობრივებმა დახრჩობას გადაარჩინეს (ვიდეო)

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც მდინარე აჭარისწყალში, ორი უცხოელი ტურისტი - ცოლ-ქმარი ჩავარდა.

შემთხვევის დროს მათ დასახმარებლად ადგილობრივი მცხოვრებლები მივიდნენ.

მოქალაქეებმა ორივე ტურისტი საკუთარი ძალებით წყლიდან ამოიყვანეს და ნაპირზე უსაფრთხოდ გადაიყვანეს.

შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მოქალაქე ლალი ხიმშიაშვილი წერს, რომ ტურისტების გადარჩენაში მისი მეუღლე, რეზი ხაბაძე, მონაწილეობდა. მისივე ინფორმაციით, ხაბაძე ხიდიდან წყალში გადახტა და ტურისტი ქალი გადაარჩინა.

"რა გმირი ქმარი მყავს, ისე გადახტა, არც კი დაფიქრებულა“, - წერს ლალი ხიმშიაშვილი.

მომხდარის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში მოქალაქეების არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები ადგილობრივებს გაბედულებისა და სწრაფი რეაგირებისთვის მადლობას უხდიან.

"ქართველი კაცის სულისკვეთება, ინსტინქტი და გაბედულობა შეგაძლებინებს ყველაფერს. ასე უნდა ვიყოთ ყველა. ეს არის ჩვენი ვალი. ყოჩაღ რეზი და იმ მეორე ვაჟკაცსაც. უფალი გფარავდეთ ორივეს. მადლობა გამბედაობისთვის“, - აცხადებენ მოქალაქეები.