ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი წერილის მთავარი ასპექტები და ექსპერტის შეფასება - "ბოდიშით უნდა დაიწყო, თუ ითხოვ თანაგრძნობას…"

ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი წერილის მთავარი ასპექტები და ექსპერტის შეფასება - "ბოდიშით უნდა დაიწყო, თუ ითხოვ თანაგრძნობას…"

ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გუშინ მორიგი განცხადება გამოაქვეყნა.

"მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, მათი ექსპერტების ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებები. ვუყურებ აღვირახსნილ პროპაგანდას სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ მედიაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო და მათი მიზანიც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სულ ტყუილად წვალობთ. ეს წერილი მდინარაძემ თავისი ახლო მეგობრის ხელით გადასცა ჩემი ოჯახის წევრს. ის ადამიანი აბსოლუტურად შემთხვევით აღმოჩნდა ამ შარში, ამიტომ, შეგნებულად არ ვასახელებ მის სახელსა და გვარს. რაც შეეხება მდინარაძეს, მას თუ არ სურს უდანაშაულო ადამიანების დაზიანება, შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა.საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ უკვე რვა თვეა მდუმარედ ვზივარ ციხეში", - წერს ის და იქვე აღნიშნავს, რომ მისგან არავის ერთი სიტყვა არ სმენია საჯაროდ - "არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი არც მარჯვნივ, არც მარცხნივ".

ის ასევე მიმართავს ხელისუფლებას:

"თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ, სახლში შემომივარდით როგორც ყაჩაღსა და ბოროტმოქმედს, ამიწიოკეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები, სახლში შეუვარდით დედაჩემსა და მამაჩემს, ჩემს სიმამრსა და სიდედრს…

მთელი ეს საშინელი ტკივილი და ტრაგედია, ყველაფერი მოთმინებით და მდუმარებით, ჩემს გულში დავიტიე, ბიძინა ივანიშვილთან ჩემი ოცწლიანი ურთიერთობის გამო, ჩემი მისდამი უდიდესი სიყვარულის, პატივისცემის, უსაზღვრო მადლიერებისა და აბსოლუტური ერთგულების ძალით…

აგრეთვე ჩემი პოლიტიკური ოჯახის, გუნდისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამო, უსიტყვოდ ვიტვირთე მთელი ეს სიმძიმე და საკუთარი ფეხით წავედი თქვენს მიერ მოწყობილ დაუნდობელ სამსხვერპლოზე. შედეგად, ხუთი წლის ვადით გამიშვით ციხეში, გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების გამო.

აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ და გამწირეთ ციხისთვის. ახლა ციხეშიც არ მასვენებთ, მომადექით ამ წერილით და ითხოვთ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ თქვენს მიერ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიოთ, რომ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე. ამ ყველაფერს თან ახლდა ამორალური შანტაჟი და ზეწოლა - უკვე მეორედ მინიშნება ჩემი სამოცდათხუთმეტი წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით.

თქვენ შეეხეთ ჩემი გულისა და სულის ისეთ შრეებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით "ამაფეთქეთ” და სხვა გზა არ დამიტოვეთ… მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს; ამიტომ, თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ.რაც შეეხება თქვენს მიერ ორგანიზებულ უღირს და ცილისმწამებლურ კამპანიას სოციალურ ქსელებში თუ ტელევიზიაში, თქვენი ექსპერტების და სპიკერების ცრუ მოსაზრებებს და ნარატივებს, მე ერთს გეტყვით: ფრთხილად იყავით - მალე შეგრცხვებათ თქვენივე განცხადებების, როდესაც ჩემს სიმართლეს გაიაზრებთ. თქვენ ყველა კარგად მიცნობთ;

მე ისევ ის ირაკლი ღარიბაშვილი ვარ, ვინც ვიყავი, ისევ იმ სუფთა გულით ვარ, რა გულითაც და როგორი ერთგულებითაც ვემსახურე ჩვენს სამშობლოს, თქვენ ყველასა და მთელ გუნდს. სულ ტყუილად და უსუსურად წვალობთ, რომ ჩემგან გამოიყვანოთ ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე. მე „ბილწთ არ შევეკვრი ზავითა”... არასოდეს წავსულვარ და არც წავალ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ გაჩერდით და დადუმდით!და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო: მე არავის არ ვებრძვი და არც არავის წინააღმდეგ ვიბრძვი; მე მხოლოდ ჩემს საკუთარ თავს და ოჯახს ვიცავ".

  • ამ განცხადებას სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს:

"როცა საკუთარი ოჯახის დაცვაზე საუბრობ, ზოგჯერ ის ოჯახებიც უნდა გაიხსენო, რომლებიც შენი ხელით უარეს დღეში ჩავარდნენ. მაგალითად, პატარა ბიჭი, რომელიც აცემინე და მერე ამაზე მეორე პატარა ბიჭს “ეღადავე” იმის იმედით, რომ ჩაგეთვლებოდა…

ბოდიშით უნდა დაიწყო, თუ ითხოვ თანაგრძნობას…

ხალხი სულგრძელია და შესაძლოა თანაგიგრძნოს კიდეც…"

  • მანამდე კი ექსპერტმა ინტერვიუ მისცა "ინტერპრესნიუსს", რომელშიც აცხადებდა:

"ღარიბაშვილს უკვე აღიარებული ჰქონდა დანაშაული, დიდი ბოდიში, მაგრამ უდანაშაულო ადამიანი ციხეში თავისი ფეხით არ მიდის. როცა მან, ყოველგვარი მართლმსაჯულების პროცედურების გარეშე გადაწყვიტა ციხეში შესულიყო, გვაჩვენა რომ ის ირიბად აღიარებდა დანაშაულს.

ის რომ ღარიბაშვილი ფულის გათეთრებას აღიარებს და კორუფციაში მონაწილეობას არ აღიარებს, ეს ძალიან სასაცილოა. ფულის გათეთრება არანაკლები სიმძიმის დანაშაულია ვიდრე კორუფცია. მითუმეტეს რომ კორუფციის გარეშე პრემიერს თავისი ხელფასით დაგროვილი ფული ვერანაირად ვერ ექნებოდა სახლის სეიფში.

აქედან გამომდინარე ღარიბაშვილის უცნაური გამოხტომა, როცა რაღაცა დაანონსა, ინტრიგა გააჩინა, იყო მისი სასოწარკვეთილი მცდელობა ბიძინა ივანიშვილისთვის ხმა მიეწვდინა, იმას გული მოლბებოდა თუ მისთვის მაშველი რგოლი გადმოეგდო.

ფაქტია, რომ ღარიბაშვილი განცხადება შანტაჟნარევი განცხადება იყო, რასაც, სავარაუდოდ, ივანიშვილის დუმილი მოჰყვა. მომხდარი ივანიშვილმა მისი მხრიდან გარკვეულ ბლეფადაც კი შეაფასა. მას არც ბლეფი არ გამოუვიდა და აბსოლუტურად უცნაური, უკბილო განცხადება გააკეთა...მაფიოზური მართვის პრინციპებიდან გამომდინარეა მე კითხვას ასე დავსვამდი - არის თუ არა ღარიბაშვილი დამნაშავე? - რა თქმა უნდა, არის. რატომ? იმიტომ რომ ბოსი თვლის რომ ის არის მოღალატე. ბოსი მაშინაც კი მართალია, როდესაც მართალი არაა. დიაგნოზი დასმულია - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს..." - წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად