პოლიტიკური დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე კიდევ უფრო მწვავე ფაზაში გადადის. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნიკა გვარამიას შორის გაჩენილი ბზარი ურთიერთბრალდებებსა და ფინანსურ სკანდალებში გადაიზარდა.
ერთი მხრივ, ენმ-ის წარმომადგენელი ანა წითლიძე გვარამიას პარტიულ "ღალატში“, მედია რესურსების გაძარცვასა და მმართველი გუნდის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს, რასაც გვარამია არანაკლებ მძიმე საპასუხო დარტყმით პასუხობს.
"ახალის“ თანადამფუძნებელი ყოფილ თანაპარტიელებს პოლიტიკურ კორუფციაში, ბუნდოვან მილიონიან გარიგებებსა და "ქართულ ოცნებასთან“ ფარულ თანამშრომლობაში სდებს ბრალს.
"ადამიანი, რომელსაც თვეში 85 ათასი ლარი - და ეს ყველაზე ნაკლები თანხა იყო - ხელფასად ჰქონდა მაშინ, როცა მისი თანამშრომლების დიდი ნაწილი თვეების განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდნენ.
შემდეგ ესეც არ ეყო: ჯერ ბიძინას დავალებით "მთავარი არხი“ დახურა, მერე კი ისევ იმ ადამიანებს მიადგა, ვინც მას ჩააცვა და ღალატის სანაცვლოდ 40 მილიონი აიღო...“ - წერდა წითლიძე.
"რაკიღა "ნაცმოძრაობამ" მოიგონა ბინძური ტყუილები და ისეთი შეურაცხყოფაც კი მაკადრა, როგორც აფხაზეთის დავიწყების სურვილი, თან არა მარტო მე, არამედ ჩემს მეგობრებსაც, ახლა მე დავსვამ შეკითხვებს იმაზე, რაც მართლა მოხდა.
ქვემოთ ნიკა გილაურის ინტერვიუს ვდებ, რომელიც დღეს "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა. ამ ფონზე იდეა მომივიდა, მოვისმინოთ დავით კირკიტაძის (ენმ სიის 26ე ნომერი) ან რამაზ ნიკოლეიშვილის (ენმ-ს სიის მე-12 ნომერი) ინტერვიუები.
პირველმა ენმ-საგან 9 მილიონად იყიდა ოფისი (პროქსის მეშვეობით) და დღეს ამ ოფისიდან ჩინურ მანქანებს ყიდის და ფულს აკეთებს. დღემდე გაურკვეველია, ენმ-ს წევრმა კირკიტაძემ ხელისუფლებაში ყოფნისას იშოვა ამხელა თანხა (თავი რომ დავანებოთ სახლებსა და მანქანებს), თუ ბიძინას დროს, რაც მხოლოდ ბიძინასთან თანამშრომლობითაა შესაძლებელი. ასევე გაურკვეველია, თუ 9 მილიონი დაჯდა პარტიის ანგარიშზე, რატომ "ტირის" ენმ, რომ არაფრის ფული არ აქვს.
მეორემ, რამაზ ნიკოლეიშვილმა, ასევე მისმა მძღოლმა აბდულა ისმაილოვმა "მოახერხეს" და 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ჯერ წევრებად შევიდნენ და შემდეგ იმ დეპუტატთა ჯგუფში მოხვდნენ, ვისაც ხმა არ ამოუღია არც ერთხელ. რამაზ ნიკოლეიშვილი შემდეგ საპარლამენტო სიაში მაინც მოხვდა 2024 წელს, თან მე-12 ნომრად.
მისი აზრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ისევე, როგორც კირკიტაძის, არავის არ გაგვიგია. ეს ხალხი საერთოდ არავის უნახავს არჩევნების შემდეგ. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ გილაურისგან განსხვავებით, საკუთარი პარტიის პატიმრების ფულიც კი არ გადაუხდიათ, სხვების კი არა.
და სხვების გაქრობაზე (სად გაქრა გილაური?) და პოლიტიკურ კორუფციაზე ლაპარაკობს ეს პარტია, თან სრულ ტყუილებს.
"ახლების" სიაში ერთ ადამიანს მაინც თუ იპოვით ვინმე ან გილაურის ჩასმულს, ან ფული ვინც გადაიხადა, საჯაროდ პასუხი მომთხოვეთ და მამხილეთ.
გილაურის გაუჩინარებაზე რომ ლაპარაკობს, იმ პარტიას ვეკითხები: ეს ხალხი სადაა? ან როგორ ხდება, რომ არავინ არ შეხებიათ და დღემდე ფულს აკეთებენ? შემთხვევით ხდება ესეც ბიძინას საქართველოში? შეკითხვა რიტორიკულია.რაც მეტ ტყუილს მოიგონებთ, მით მეტ სიმართლეს მიიღებთ. გარანტიას გაძლევთ.
"გვარამიამ ჩემი პოსტების საპასუხოდ რომ ვერაფერი მოიფიქრა, ეტყობა, დათვრა - ასე შვრება ხოლმე, როცა გამბედაობა სჭირდება - და ახლა ღობე-ყორეს ედება, და ყვირის: წითლიძეს გოროზია ბინებს ჩუქნისო. ნიკა ეგ ჭორი უკვე გავლილია. ჯერ "კეზერამ" აჩუქაო მტენიდნენ, მანამდე - ინჯიამო, კიდევ მანამდე - "ქოცებმაო". გაცვდა ეგ ამბავი. რამე ახალი მოიფიქრე, თორემ ხომ ხედავ, ვერც გილაური გადაფარე, ვერც შენი ქურდობა, თაღლითობა და ღალატი. და ვინც ამ ჭორებს ავრცელებდა, ბოლოს ბოდიშების მოხდა მოუწიათ, შენ ბოდიშს ვერ მოგთხოვ, გაფარჩაკებული კაცისგან რა უნდა მოვითხოვო".