ბელგიაში ნამდვილი სამეფო სენსაციაა. ყოფილი ავტომოვაჭრე, 26 წლის კლემან ვანდენკერკჰოვი პრინცი გახდა მას შემდეგ, რაც ბელგიის მეფის, ფილიპეს უმცროსმა ძმამ, 63 წლის პრინცმა ლორანმა ახალგაზრდა შვილად აღიარა და მემკვიდრედ ოფიციალურად გამოაცხადა.
როგორც ირკვევა, აღიარების ცერემონია დაახლოებით ნახევარი წლის წინ, მერიის შენობაში, ჩუმად ჩატარდა, თუმცა მომხდარის შესახებ დეტალები საზოგადოებისთვის ახლახან გახდა ცნობილი.

ახლად გამომცხვარ პრინცს მამის კერძო ქონებაზე ზუსტად ისეთივე მემკვიდრეობითი უფლებები ექნება, როგორიც ლორანის დანარჩენ შვილებს - 20 წლის პრინცესა ლუიზას, 20 წლის პრინც ნიკოლასსა და 19 წლის პრინც ეიმერიკს.
თუმცა, მიუხედავად ახალი ტიტულისა, კლემანი ვერ მიიღებს სამეფო ყოველთვიურ ფულად შემწეობას, არ შეასრულებს ოფიციალურ სამეფო მოვალეობებს და არ ექნება ბელგიის სამეფო ტახტზე ასვლის უფლება.

მას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მამის სამეფო გვარს - საქსენ-კობურგს (Saxe-Coburg).

სამეფო საიდუმლო წლების განმავლობაში საგულდაგულოდ ინახებოდა, სანამ კლემანი გასულ სექტემბერს ბელგიურ ტელეარხ VTM-ის დოკუმენტურ ფილმში არ გამოჩნდა და საჯაროდ არ დაადასტურა, რომ მისი ბიოლოგიური მამა პრინცი ლორანია.
კლემანი 2000 წლის აგვისტოში დაიბადა. დედამისი ცნობილი ბელგიელი მომღერალი ვენდი ვან ვანტენია. მას და პრინც ლორანს 1990-იან წლებში, პარიზის მოდის ჩვენებაზე შეხვედრის შემდეგ, ხმაურიანი რომანი ჰქონდათ, მანამ, ვიდრე პრინცი 2003 წელს პრინცესა კლერზე დაქორწინდებოდა.

როგორც ირკვევა, დედამ კლემანს მამის ვინაობა მხოლოდ მაშინ გაუმხილა, როდესაც ბიჭი 16 წლის გახდა. ოთხი წლის შემდეგ მან გამბედაობა მოიკრიბა, პრინცს დაურეკა და მათ დნმ-ის ტესტი ჩაიტარეს, რომელმაც 99.5%-იანი დამთხვევა აჩვენა.
“ერთად წავედით საავადმყოფოში. მახსოვს, მითხრა, მე პირველი შევალ, შენ რომ თავი მშვიდად იგრძნოო“, - იხსენებს კლემანი. თავად პრინცმა ლორანმაც დაადასტურა ეს ფაქტი და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში მათ ერთმანეთთან “ღია და გულწრფელი საუბრები“ ჰქონდათ.
საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს კლემანი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შემთხვევით გადაეყარა პრინც ლორანს, თუმცა მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მის წინაშე საკუთარი ბიოლოგიური მამა იდგა.
პრინცად კურთხევამდე კლემანი ქალაქ დეინზეში მდებარე Opel-ის ავტოსალონში ავტომობილების გამყიდველად მუშაობდა და სამეფო ცხოვრებისგან სრულიად შორს იყო. მას გრაფიკული დიზაინი აქვს შესწავლილი, ძალიან უყვარს სწრაფი მანქანები და ცხენები.