აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომისა და სრული იზოლაციის დაწყებას ანონსებს. ვაშინგტონი სანქციების გაძლიერებითა და მეორადი შეზღუდვებით ემუქრება ყველა იმ ქვეყანასა თუ კომპანიას, რომელიც თეირანთან თანამშრომლობას გააგრძელებს. რამდენად რეალურია ტრამპის ეს მუქარა, შეუძლია თუ არა მხოლოდ ეკონომიკურ ბერკეტებს ირანის დაჩოქება, რა პასუხი აქვს თეირანს და სად არის ამ გეოპოლიტიკურ მარათონში საქართველოს ადგილი - ამ საკითხებთან ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე გვესაუბრება:
- ამერიკის მემარჯვენე ფრთა უკვე დიდი ხანია ცდილობს, ახლო აღმოსავლეთში ძლიერი მემკვიდრეობა შექმნას. ტრამპმაც სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი - რომ იმას მიაღწევს, რაც წინა პრეზიდენტებმა ვერ შეძლეს. თუმცა, ეს სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე პრაქტიკულად განსახორციელებლად. მით უმეტეს, რომ ლიმიტირებულმა საჰაერო თუ საზღვაო იერიშებმა აშშ-ისთვის გადამწყვეტი, სასარგებლო შედეგი ვერ მოიტანა. კი, ეკონომიკურად ირანს უკვე ძალიან მძიმე დარტყმა მიადგა - ვარდნა, პრაქტიკულად, კატასტროფულია. ეროვნული ვალუტა, ირანული რიალი, 80%-ით არის გაუფასურებული და ეს პროცესი კიდევ უფრო აქტიურად გრძელდება. შესაბამისად, მოსახლეობა არ ენდობა საკუთარ ვალუტას, საერთაშორისო ბაზრები არ ენდობიან მას და პარტნიორებიც კი ცდილობენ, გვერდი აუარონ რიალში ვაჭრობას. შესაბამისად, თუ ტრამპმა პირდაპირი ეკონომიკური დარტყმა გადაწყვიტა, ეს მიბმული უნდა იყოს არა მხოლოდ სანქციების გამოცხადებაზე, არამედ მათ აღსრულებაზეც. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ირანის მთავარი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია (გარკვეულწილად რუსეთიც, მაგრამ ძირითადად მაინც ჩინეთი). ჩინეთისთვის სანქციების დაწესება, თუკი ამას თან არ მოჰყვება გარკვეული სამხედრო ქმედებებიც, არ ვიცი, რამდენად შედეგიანი იქნება...

- სამხედრო ქმედებებში კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ ირანის მთავარი ეკონომიკური არტერიების, ანუ ნავთობისა და მისი ლოგისტიკური ხაზების მოშლას. ეს მარტო ზღვა არ არის, ექსპორტი ხმელეთიდანაც ხდება. ამ სისტემის სრული მოშლა და განადგურება, რაც გარკვეულ ეტაპზე მცირედით განხორციელდა, მხოლოდ სანქციებით შეუძლებელია. მით უმეტეს, ირანი ისედაც სანქციების პირობებში ცხოვრობს, ის არ არის ქვეყანა, რომელმაც არ იცის, რა არის სანქციები. ირანი, პრაქტიკულად, ერთ-ერთი ყველაზე სანქცირებული სახელმწიფოს სტატუსს ატარებს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის გვერდით.
შესაბამისად, ერთადერთი ბერკეტი, რაც აშშ-ს რჩება, არის არა უბრალოდ სატრანზიტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, არამედ უშუალოდ ეკონომიკური და ნავთობ ობიექტების დაბომბვა. ეს შეეხება არა პორტებს, არამედ უშუალოდ ნავთობსაბადოებსა და ქარხნებს. თუმცა, როდესაც მარტში ისრაელმა მსგავსი იერიში განახორციელა, ტრამპს ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა, რადგან ამან გლობალურად ნავთობის ფასის მატება გამოიწვია. ამიტომაც, ახლა რთული სათქმელია, რეალურად განხორციელდება თუ არა "ეკონომიკური ნორმანდიის დესანტის“ მასშტაბის რაიმე ქმედება, როგორც მან ეს პროცესი შეაფასა.
- თქვენ ამბობთ, რომ სანქციები ირანისთვის უცხო არ არის. თუმცა ტრამპი სამხედრო კომპონენტზეც მიანიშნებს და პარტნიორებსაც ემუქრება. რატომ არ მიდის ამერიკა ამ ნავთობ ობიექტების პირდაპირ განადგურებაზე?
- იმიტომ, რომ ეს გლობალურ სანავთობო ბაზარზე პანიკას გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ირანული ნავთობის უდიდესი ნაწილი ჩინეთში მიდის, ის მაინც გლობალური ბაზრის ნაწილია. თუ ბაზარზე დეფიციტი გაჩნდა, ფასები მყისიერად ავარდება. ამას ემატება ისიც, რომ ირანიც პასუხობს: ჰუსიტები პარალელურად არაბეთში "Aramco“-ს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ბომბავენ. ეს მიმდინარე პროცესია. როდესაც მარტში ისრაელმა მიიტანა იერიში ირანულ ობიექტებზე, ტრამპს ძალიან უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, რადგან ნავთობზე ფასები გაიზარდა. ამიტომ ვაშინგტონი სიფრთხილეს იჩენს. ჩინეთი, რუსეთი და ახლო აღმოსავლეთის რიგი ქვეყნები აშშ-ის სანქციებს სრულად მაინც არ დაემორჩილებიან. თუ ჩინეთიდან ფულის დინება და ნედლეულის გატანა არ შეჩერდა, ირანისთვის ფუნდამენტური ცვლილება არ მოხდება.
- რაც შეეხება მეორად სანქციებს, გასაგებია, რომ ჩინეთისა თუ რუსეთისთვის ამის გვერდის ავლია შესაძლებელია, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით რა ტიპის საფრთხეები არსებობს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენც ეჭვმიტანილები ვართ ირანთან გარკვეულ სავაჭრო ურთიერთობებში?
- ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს საკითხი საერთოდ ფიგურირებდეს ამ განხილვებში. დიახ, სანქციები ფორმალურად ყველას შეეხება, მაგრამ ვაშინგტონის მთავარი სამიზნე მსხვილი მოთამაშეები არიან. საქართველოსთან ირანს მხოლოდ ბიტუმის შემოტანა და ძალიან მცირე, უმნიშვნელო სავაჭრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც გლობალურ სურათში არაფერს ცვლის. ეს სანქციები არის არა მცირე ქვეყნების დასასჯელად, არამედ პოლიტიკური აქტი ტრამპის მხრიდან, რათა აიძულოს თავისი დიდი მოკავშირეები და ჩინეთი, ზეწოლა მოახდინონ თეირანზე და აშშ-ის პირობებით მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვან.
- ე.ი ჩვენთვის, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს პროცესი კრიტიკულ საფრთხეს არ შეიცავს?
- პრაქტიკულად გამორიცხულია. პატარა ქვეყნები ან მცირე კომპანიები, რომლებსაც რუსეთთან ან ირანთან პატარა სავაჭრო კავშირები აქვთ არ განიხილებიან. მთავარი საყრდენი და სამიზნე ჩინეთია. საქართველოს ან სომხეთის ინტერესები ამ კონტექსტში საერთოდ არ განიხილება.