დასავლეთ ალასკაში, მოშორებულ სამხედრო სარადარო სადგურთან ახლოს, საშინელი ავიაკატასტროფა მოხდა. ჩარტერულმა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 8 ადამიანი იმყოფებოდა, Cape Newenham-ის რადარის აეროპორტში დაშვებისას კატასტროფა განიცადა. სამხედრო უწყების ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაღუპულია.
ავარია მოხდა ანკორიჯიდან დასავლეთით, დაახლოებით 450 მილის (725 კმ) მოშორებით მდებარე აეროდრომზე. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს (NTSB) ალასკის რეგიონის ხელმძღვანელის, კლინტ ჯონსონის განცხადებით, თვითმფრინავში ორი პილოტი და ექვსი მგზავრი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი, რომელიც ანკორიჯიდან აფრინდა, სავარაუდოდ, ხუთშაბათს ნაშუადღევს, Cape Newenham-ის რადართან მიახლოებისას ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო ხომალდი სამოქალაქო კომპანიისგან დაქირავებული (კონტრაქტორი) თვითმფრინავი იყო.

Cape Newenham-ის სარადარო სადგურს წყნარი ოკეანის სამხედრო-საჰაერო ძალების რეგიონული მხარდაჭერის ცენტრი მართავს. ეს ობიექტი წარმოადგენს შორეული რადარების ქსელის ნაწილს, რომელიც აკონტროლებს საჰაერო სივრცეს ალასკაში და მის საზღვრებთან. ჯერჯერობით ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ, თუ რა სახის სამუშაოებს ასრულებდნენ დაღუპული პირები.
“ეს არის უმძიმესი დანაკარგი ჩვენი სამხედრო ოჯახისთვის და იმ თემებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით“, - განაცხადა ალასკის სარდლობის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა რობერტ დევისმა. მან ბორტზე მყოფ პირებს უწოდა “თავიანთი საქმის ერთგული პროფესიონალები, რომლებიც ასრულებდნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მისიას საკმაოდ რთულ პირობებში“.
ამჟამად მაშველები და საგამოძიებო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ. გენერალმა დევისმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამძებრო და სამაშველო ჯგუფებს მათი სწრაფი და დაუღალავი რეაგირებისთვის.