ავტორი:

მსოფლიოს 10 ყველაზე შთამბეჭდავი და უცნაური სახლი ხეზე - სად მდებარეობს საფრენი აპარატის, გიგანტური გირჩისა და სოკოების ფორმის საოცრებები?

მსოფლიოს 10 ყველაზე შთამბეჭდავი და უცნაური სახლი ხეზე - სად მდებარეობს საფრენი აპარატის, გიგანტური გირჩისა და სოკოების ფორმის საოცრებები?

ხეზე ცხოვრება მხოლოდ ბავშვობის ოცნება აღარ არის. დღეს წამყვანი არქიტექტორები მთელ მსოფლიოში ქმნიან ეკოლოგიურ, მდიდრულ და ზღაპრულ თავშესაფრებს, რომლებიც ურბანული ქაოსისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა.

  • ჯერ კიდევ ჩვ.წ. 77 წელს, რომაელი სახელმწიფო მოღვაწე ლიცინიუს მუციანუსი ხის ტოტებზე გრანდიოზულ ბანკეტებს მართავდა და იქვე იძინებდა, რადგან ფოთლებში წვიმის წვეთების ხმა უფრო მეტ სიამოვნებას გვრიდა, ვიდრე მოოქროვილი პანელები და ძვირფასი მარმარილო. დღეს კი, ეს სფერო ნამდვილ ხელოვნებად იქცა.

ტაშენის ახალ წიგნში - “თანამედროვე სახლები ხეზე“ შესული 10 ყველაზე გამორჩეული პროექტი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ბუნებასთან სრული ჰარმონიის მიღწევა:

  • 1. “გიგანტური გირჩები“

იტალიის ალპებში ზღვის დონიდან 1 200 მეტრზე მდებარეობს Beltrame Studio-ს მიერ შექმნილი ორი უჩვეულო სახლი, რომლებიც გიგანტური გირჩების ფორმისაა. ნაძვის ხისგან აშენებული კონსტრუქციები სრულად ერწყმის გარემოს. არქიტექტორების თქმით, ეს არ არის საბავშვო თავშესაფარი, არამედ ადგილია ფიქრისა და განმარტოებისთვის.

  • 2. მოდულური “ხე-სახლი“ ავსტრიაში

არქიტექტორ კრის პრეხტის თქმით, მისი შექმნილი პროექტი “უფრო მეტად ხეა, ვიდრე სახლი“. ის ტოტებიანი ხის ტანს ჰგავს, აღჭურვილია მზის პანელებითა და ეკოლოგიური ტუალეტით, ხოლო ტყის საფარზე მხოლოდ 2 კვადრატულ მეტრს იკავებს.

  • 3. UFO - უცხოპლანეტელების ხომალდი ჩინეთის მთებში

ჩინეთის ეროვნულ პარკში მდებარე ეს საოცრება საფრენი აპარატის ფორმისაა და მთების 360-გრადუსიან ხედს სთავაზობს სტუმრებს. ის სპეციალურად ოჯახებისთვის შეიქმნა: ერთ ნაწილში ბარია, მეორეში - ბარბექიუს ზონა, ხოლო მესამეში, რომელშიც თოკის გვირაბით ხვდებით, ბავშვებისთვის განკუთვნილი ვარსკვლავის ფორმის ბატუტია დამონტაჟებული.

  • 4. ფუფუნება ჯუნგლებში - აუზი და ჯაკუზი მექსიკაში

ხეზე ცხოვრება სულაც არ ნიშნავს კომფორტზე უარის თქმას. იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარე სამფურცლიანი ყვავილის ფორმის სახლს საკუთარი აუზი და ჯაკუზი აქვს. ის ხელით, ტრადიციული მეთოდებითა და ადგილობრივი ვულკანური ქვითაა ნაშენები, რაც ბუნებასთან სრულ ინტეგრაციას ქმნის.

  • 5. 350 ჩიტის ბუდე შვედეთის ტყეში

ცნობილმა Bjarke Ingels Group-მა (BIG) შექმნა შუშის სახლი, რომლის გარშემოც 350 ჩიტის ბუდეა დამონტაჟებული. პროექტი ორნითოლოგებთან კონსულტაციით შეიქმნა, რათა ხელი შეუწყონ ფრინველთა პოპულაციის შენარჩუნებას. ამასთან, სახლს აქვს საკუთარი საუნა და სახურავზე სასეირნო სივრცე.

  • 6. პერისკოპი და საოჯახო ჰამაკი კალიფორნიაში

ჯეი ნელსონმა ეს სახლი თავდაპირველად შვილებისთვის ააშენა, თუმცა ის იმდენად კომფორტული გამოვიდა, რომ მშობლებმა მეორე ოთახი დაამატეს, რათა თავადაც დაესვენათ. სახლს აქვს საკუთარი პერისკოპი, მრგვალი ფანჯრები და უზარმაზარი თოკის ჰამაკი, რომელიც მოზრდილებს ბავშვობის თავისუფლებას ახსენებს.

  • 7. გიგანტური სოკოები ბალის ჯუნგლებში

ბალის ჯუნგლებში, ბრინჯის ნათესებს შორის, სოკოების ფორმის ღია ცის ქვეშ მდებარე სახლია აშენებული. ის თითქმის მთლიანად ბამბუკისგან არის მოქსოვილი და ეყრდნობა ბანიანის ხეებს. მისი იატაკი და კედლები ტალღოვანია და ბუნების ნაზ ფორმებს იმეორებს.

  • 8. წითელი სათამაშო შვედეთის ფიჭვნარში

ეს გიგანტური წითელი ბურთი, რომელიც ფიჭვებზეა დაკიდებული, საახალწლო სათამაშო არ გეგონოთ. ის ალუმინისა და ხის კარკასისგან შექმნილი წყალგაუმტარი კარავია.

“როდესაც ხეებს შორის ხარ, სამყარო უფრო რბილი ჩანს, დრო ნელდება და სიჩუმეც კი ცოცხლდება“, - ამბობს მისი ერთ-ერთი მფლობელი.

  • 9. სიყვარულის ისტორია და რომანტიკა ნორვეგიაში

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ახალგაზრდა კაცმა, ქიარტან არნომ გადაწყვიტა თავისი შეყვარებულისთვის, სელისთვის ხეზე სახლი აეშენებინა და იქ ხელი ეთხოვა. ამ ბედნიერი მოგონების შემდეგ, მათ არქიტექტორებთან ერთად შექმნეს განსაცვიფრებელი სასტუმრო Woodnest, რომელიც ფიჭვის ვიწრო ტანზე, თითქოს ერთ ფეხზე დგას და Hardanger-ის ფიორდის ულამაზეს ხედებს გადაჰყურებს.

  • 10. “სპილენძის მელა“ მეინის შტატში

ჰაიდი რიჩარდსმა ბავშვობის ოცნება აისრულა და ქმართან ერთად ადგილობრივი მორებისგან საკუთარი ხელით ააშენა სახლი, რომელიც დიდ ქანდაკებას ჰგავს. სახლის “დრუნჩი“ საძინებელი ოთახია, ხოლო “ყურები“ მყუდრო ანტრესოლს ქმნის.

წყარო