ორი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოსცადონ სხვადასხვა ტიპის იოგა, მედიტაცია, სუნთქვითი და სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკები, მოძრაობითი სესიები, ცეკვა და სხვა ვორქშოფები. პროგრამაში ასევე იქნება sober rave, კონცერტები, ლექციები, საბავშვო სივრცე, ჯანსაღი საკვები, თამაშები, საჩუქრები და სხვა აქტივობები.
Yoga Festival-ის იდეა გაჩნდა სურვილიდან, შექმნილიყო სივრცე, სადაც ადამიანები საკუთარ ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვას გართობასთან, დააკავშირებდნენ. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ფხიზელი გართობის კულტურის პოპულარიზაციაა - იდეა, რომ კარგი მუსიკისთვის, ცეკვისთვის და თავისუფლად გართობისთვის ალკოჰოლი და სხვა სუბსტანციები აუცილებელი არ არის.
ფესტივალი განკუთვნილია არა მხოლოდ მათთვის, ვინც უკვე წლებია იოგას პრაქტიკას მისდევს. პირიქით - ეს არის შესაძლებლობა მათთვისაც, ვისაც არასდროს უცდია იოგა, მედიტაცია ან სხვა მსგავსი პრაქტიკა და სურს, ერთ სივრცეში სხვადასხვა მიმართულებას გაეცნოს.
ორგანიზატორების თქმით, ერთ-ერთი მთავარი სტერეოტიპი, რომლის დამსხვრევაც სურთ, სწორედ ისაა, რომ იოგას დასაწყებად ადამიანი აუცილებლად მოქნილი, სპორტული ან „სულიერი“ უნდა იყოს. იოგასთვის არც იდეალური სხეული არსებობს და არც საჭირო გამოცდილება - უბრალოდ უნდა მოხვიდე და სცადო.
Yoga Festival-ზე სტუმრებს შეუძლიათ მეგობრებთან, პარტნიორებთან და ბავშვებთან ერთად მისვლა - პროგრამა სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანებისთვის იქნება გათვლილი.
„გვინდა, ადამიანებმა ორი დღით დაივიწყონ ყველაფერი და უბრალოდ სცადონ ახალი რაღაცები, იმოძრაონ, იცეკვონ, დაისვენონ და კარგად გაატარონ დრო.“
Yoga Festival 2026 5–6 სექტემბერს, ლისზე, Zion Garden-ში გაიმართება.
სრული პროგრამა: yogafest.ge
ბილეთები: biletebi.ge
R