ევროპაში გაუსაძლისმა სიცხემ ალპებში მთამსვლელებისთვის სასიკვდილო საფრთხე შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ საალპინისტო სეზონი ახალი დაწყებულია, მონბლანზე უკვე სამი მთამსვლელი დაიღუპა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველაზე პოპულარულ მარშრუტზე განთავსებული თავშესაფრების დახურვის ბრძანება გასცა.

“ეს წარმოუდგენლად საგანგაშო ციფრია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 10-20 წლის წინ წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა ხდებოდა. კლდეზვავების უმრავლესობა პირდაპირ კლიმატურ კრიზისს უკავშირდება“, - აცხადებს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის დოქტორი ლუდოვიკ რავანელი.
ალპებსა და მთლიანად ევროპაში ძლიერი სიცხის ტალღამ, კონტინენტზე ტემპერატურული რეკორდები მოხსნა. შვეიცარიის ბაზელ-ბინინგენის რეგიონში ჩრდილოეთ ალპებისთვის რეკორდული ტემპერატურა, 39.7°C დაფიქსირდა. საფრანგეთის პოპულარულ საალპინისტო რეგიონ შამონიში კი თერმომეტრის სვეტი რეგულარულად სცდება 30ºC-ს.

ამ მოვლენამ კრიტიკული გავლენა იქონია ე.წ. ნულოვანი გრადუსის იზოთერმზე - სიმაღლეზე, რომლის ზემოთაც ტემპერატურა 0°C-ზე დაბლა ეცემა. თუ ზაფხულში ეს ზღვარი ჩვეულებრივ 3,500–4,000 მეტრზე გადის, წელს, ივლისში ალპების ზოგ ნაწილში მან ნორმაზე 1,400 მეტრით მაღლა აიწია. ექსტრემალურ გვალვასთან ერთად, ეს ალპების კლდოვანი ფერდობების ისტორიულად ყველაზე არასტაბილურ მდგომარეობის მიზეზი გახდა.
ლუდოვიკ რავანელის განმარტებით, ათასობით წლის განმავლობაში კლდის ბზარებში არსებული “უხილავი ყინული“ ერთგვარი ცემენტის როლს ასრულებდა, რაც მთებს სიმყარეს უნარჩუნებდა. ტემპერატურის მატებასთან ერთად ეს მრავალწლოვანი მყინვარული გრუნტი ახლა დნება და კლდის მასებს ათავისუფლებს. პარალელურად, მაღალი ტემპერატურა მყინვარების უკან დახევასა და დათხელებასაც იწვევს, რაც კლდის კედლებს საყრდენს ართმევს.

სენ-ჟერვეს ოლქის მერმა, ჟან-მარკ პეიემ, ყველაზე პოპულარულ მარშრუტზე მდებარე ორი თავშესაფრის დახურვის განკარგულება გასცა. ადგილობრივი ტურისტული ეკონომიკისთვის საალპინისტო სეზონს სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია, შესაბამისად, ეს არის უკიდურესი ზომა, რომელიც 2022 წლის შემდეგ არ გამოყენებულა.
იმ შემთხვევაშიც კი თუ აგრილდება, ექსტრემალური სიცხის შედეგები წლის ბოლომდე შენარჩუნდება. რავანელის თქმით: “ზედაპირის ხელახლა გაყინვის მიუხედავად, ზაფხულის სითბური ენერგია გრუნტში შეღწევას ნოემბერ -დეკემბრამდე ან იანვრამდეც კი განაგრძობს“.