"წინასწარ არავინ იცოდა, რას ჩავიცვამდი. თუმცა მოკლე შარვალი ჩემებს არც გაუკვირდებოდათ, მაიამიში საკურაო კოსტიუმით დადიან სუპერმარკეტებში, იმდენად თავისუფალი სამყაროა. რადგანაც გავიგე გემის ფორმის ტორტი იქნებოდა, ყველანაირად შევეცადე ჩაცმულობაც შესაბამისი ყოფილიყო“, - ამბობს Ambebi,ge-სთან 80 წლის ქალბატონი, მზია გალდავა, რომლის ვიდეოც რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - კადრებში აღბეჭდილი იყო მზია გალდავა 80 წლის იუბილეზე - ის მოკლე თეთრ შარვალში შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ვიდეოს სამი მილიონი ნახვა და უამრავი კომენტარი აქვს. მზია გალდავა თავის საინტერესო ცხოვრებაზე გვესაუბრა.
- ქალბატონო მზია, გვიამბეთ თქვენს შესახებ: სად დაიბადეთ და გაიზარდეთ, მოგვიყევით თქვენს პროფესიაზე ...
- დავიბადე და გავიზარდე სენაკში. სკოლის დამთავრების შემდეგ არჩევანი სამედიცინო სფეროზე შევაჩერე, სამედიცინო სასწავლებლის ოთხწლედი ტექნიკუმი დავამთავრე. შემდეგ დიზაინერობის განსაკუთრებული ნიჭი აღმომაჩნდა, რაც გენეტიკურად, დედისგან მომდევს. მაშინდელ ცენტრალურ ტელევიზიაში სტუდიების მოსაწყობად მიმიწვიეს. ძალიან მოეწონათ ჩემი ნამუშევრები, თან ალბათ ადმინისტრაციული ნიჭიც შემატყვეს და უბნის უფროსად დამნიშნეს.
თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ოთხმოცდაათიან წლებში გარკვეული პრობლემები დაიწყო. ხელფასებს ვერ იხდიდნენ, მთელი ორი წელი ხელფასი გაყინული იყო. შემდეგ ხელშეკრულებებით გადაგვიყვანეს, რაც ზოგიერთს შემდგომში გაუუქმდა. მე კი დავრჩი ხელშეკრულებით, მაგრამ ხელფასის გარეშე იქ მუშაობას რა აზრი ჰქონდა?!
იმ დროს ჩემი ქალიშვილი წითელ ჯვარში მუშაობდა, ინგლისური კარგად იცოდა და გადაწყვიტა, სასწავლებლად ამერიკაში წასულიყო. ჩემი გამართლება ის იყო, რომ ჩემს შვილს საელჩოში შევყევი. ჩემი ტელევიზიაში მუშაობის საბუთებიც წავიღე, მაგრამ საბუთებისთვის არც შეუხედავთ, ორივე დედა-შვილს თანხმობა ჩაგვირტყეს. ასე წავედით ამერიკაში 1997 წელს. სხვა ქვეყანაში ყველაფერი ია-ვარდით მოფენილი არ იყო, იყო აღმასვლა, დაღმასვლა, ვარდნა, მაგრამ დღემდე ასე მოვდივარ.

- დღეს როგორია თქვენი ამერიკული ცხოვრება?
- როდესაც კანონმორჩილი ადამიანი ხარ, ამერიკაში ცხოვრება არ არის რთული, პირიქით. ვისაც კანონთან შეგუება უჭირს, მას იქ ყოფნა გაუჭირდება, მაგრამ მე დედა მასწავლებელი მყავდა, კარგად აღმზარდა და დისციპლინას მუდამ შეჩვეული ვიყავი. ვიცოდი, იმ ქვეყანაში, სადაც ჩავედი, მათი წესებით უნდა მეცხოვრა.
- რა არის თქვენი განსაკუთრებულად ახალგაზრდული იერის საიდუმლო?
- ჩემს ვიდეოზე ზღვა კომენტარები იყო, თითქმის ყველა პოზიტიური, მაგრამ ორიოდე თვალში ცუდად მომხვდა. წერდნენ, არ არის 80 წლის, იგონებს, პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებულიო და ასე შემდეგ. არავითარი პლასტიკური ოპერაცია, ბოტოქსი, არანაირი ინიექციებიც კი არ გამიკეთებია არასოდეს! ასევე წერდნენ, ალბათ გენეტიკა, განსაკუთრებული თავის მოვლაო. არც ერთი და არც მეორე. გენეტიკაც არ მაქვს ცუდი, დედა ლამაზი იყო, მამა მაღალი, ახოვანი ვაჟკაცი, მაგრამ ახალგაზრდული იერის მთავარი საიდუმლო პოზიტივია.
ხალხთან ურთიერთობა, ხალხის სიყვარული ჩემთვის უმთავრესია. ნამდვილად არ მეჩვენება, ყველას ვუყვარვარ. მაიამიში კარგი სახელით ვსარგებლობ. ამას ვინც წაიკითხავს, იტყვის, მზია მართალს ამბობსო. ყველა მიმიღია, ყველასთვის ხელი მომიმართავს. არასოდეს მქონია შემთხვევა, ვინმესთან მეკამათა. მართალიც რომ ვყოფილვარ, კამათს თავს ვარიდებ, არ მიყვარს. ძალიან მიყვარს ბუნება. ხატვით მაინცდამაინც კარგად ვერ ვხატავ, მაგრამ ჩემთვის თავად ვქმნი ესკიზებს. როგორც დიზაინერი სხვებზე არ ვმუშაობ, მხოლოდ საკუთარ თავზე.

- მაიამის მზემ, ლაღმა ცხოვრებამ რამდენად დადებითად იმოქმედა თქვენს ცხოვრებაზე?
- დიახ, ხშირად გემზე ვარ, მაიამიდან მარტივია გემით მოგზაურობა და ამან ძალიან მიმიზიდა. 10 000-კაციანი გემია, რომელიც მსოფლიოში ერთადერთია. თითქმის ყოველ თვეში ვმოგზაურობ, ათი წელია გემის "ბრილიანტის ბარათის" მფლობელი ვარ. ეს განსაკუთრებულ მიღებას გულისხმობს. როდესაც შევდივარ, ყინულებში ჩალაგებული შამპანური, ყვავილები შემოაქვთ და საზეიმოდ აღნიშნავენ. შორი მოგზაურობა არ მიყვარს და ამიტომაც ახლოს ვარ ნამყოფი - კუბაში, მექსიკაში და ასე შემდეგ. ეს სულ შვიდდღიანი მოგზაურობაა.
ბევრჯერ იყო შემოთავაზება, შორს წავსულიყავი, მაგრამ უარი ვთქვი.

- დაბადების დღეზე სიმბოლურად მეზღვაურის ფორმა ამიტომ შეარჩიეთ?
- ჩემმა შვილმა რომ მკითხა, რას ჩაიცვამო, ვუპასუხე, გრძელ კაბას, ამერიკაში რომ ვიყიდე-მეთქი. მერე ისე მოხდა, რომ საიდუმლო გაამხილა, გემის ფორმის ტორტი იქნებაო. გემის ტორტის იდეა ჩემი ძმისშვილის - ირინა გალდავას იდეა იყო. ნატო ცომაიასთან მეგობრობს და უთქვამს, მამიდას გემი ძალიან უყვარს, გემის ფორმის ტორტი გავაკეთოთო. ნატო ცომაიამ სრულიად უსასყიდლოდ გააკეთა ეს უზარმაზარი ტორტი და საჩუქრად მოგვართვა. ნატო ცომაია საკონდიტროები ქსელის მფლობელია და მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო პირადად მის და მისი საკონდიტროს თანამშრომლების მიმართ.
წინასწარ არავინ იცოდა, რას ჩავიცვამდი. თუმცა მოკლე შარვალი ჩემებს არც გაუკვირდებოდათ, მაიამიში საკურაო კოსტიუმით დადიან სუპერმარკეტებში, იმდენად თავისუფალი სამყაროა. რადგანაც გავიგე გემის ფორმის ტორტი იქნებოდა, ყველანაირად შევეცადე ჩაცმულობაც შესაბამისი ყოფილიყო. საყელო წამებში შევკერე, მოკლე შარვალიც სადღაც ვიპოვე, შარშან დამიტოვებია და ასე შეესაბამა თემატიკას ჩემი ჩაცმულობა. ახლა ბათუმში ვარ და ბათუმის ხოფის ბაზრობაზე ვიყავი უბრალოდ, სპორტული სამოსით წავედი, ვიფიქრე, ვინ მიცნობს-მეთქი. გავგიჟდი, მთელი ბაზრობა ისე გამომეცნაურა. სამი მილიონი ნახვა აქვს ჩემს ვიდეოს და ალბათ ბაზრობის თანამშრომლებმაც ყველამ ნახა. იმდენად ვერ ვიჯერებდი, ამეტირა კიდეც.
ლეღვის ფასი რომ ვიკითხე, რვა ლარი ღირსო, მაგრამ ამ ქალმა ორ კილომდე ლეღვი ჩაყარა ცელოფანში და საჩუქრად სანამ არ გამომეტანა, ცოცხალი თავით არ მომეშვა. ყავის მადუღარას, რისი ფასიც არ ვიკითხე, ყველაფერს საჩუქრად მთავაზობდნენ. მსგავსი არაფერი მსმენია, ხალხი ასე თავს მევლებოდა. 11 საათზე მისული, ბაზრიდან 6 საათზე გამოვედი. ასე რომ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, თუ ახალგაზრდულად გამოვიყურები, ეს სიყვარული, ურთიერთობები, ჩახუტებაა ყველაზე დიდი სილამაზე და სწორედ ამის დამსახურებაა.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmzia.galdava%2Fposts%2Fpfbid0c8oxX2cY48xieBaA7a5Xs6BP3C2drc8nceSYiDfHUKWdDTH74bwybsWBemFvn8WEl&show_text=true&width=500" width="500" height="328" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>