ავტორი:

კაცი, რომელიც მგლებმა გაზარდეს, მან 12 წელი ველურ ბუნებაში გაატარა - "ესპანელი მაუგლი" 80 წლის ასაკში გარდაიცვალა: რეალური ამბავი, რომელიც დღემდე გაოცებას იწვევს

კაცი, რომელიც მგლებმა გაზარდეს, მან 12 წელი ველურ ბუნებაში გაატარა - "ესპანელი მაუგლი" 80 წლის ასაკში გარდაიცვალა: რეალური ამბავი, რომელიც დღემდე გაოცებას იწვევს

1965 წელს, ესპანეთის სიერა-მორენას მთებში სამოქალაქო გვარდიის ოფიცრებმა შოკისმომგვრელი სანახაობა იხილეს: უღრან ტყეში სრულიად შიშველი, ოთხზე მოსიარულე, ფეხშიშველი ახალგაზრდა კაცი დადიოდა. მას არ შეეძლო ლაპარაკი და კითხვებზე მხოლოდ ღრენითა და ხრიალით პასუხობდა.

  • ეს იყო 19 წლის მარკოს როდრიგეს პანტოხა - ბიჭი, რომელმაც ადამიანური ცივილიზაციისგან სრულ იზოლაციაში, მთებში 12 წელი იცხოვრა. თუმცა ყველაზე გასაოცარი ის გახლდათ, რომ ამ ველურ გარემოში გადარჩენაში მას მგლების ხროვა დაეხმარა, რომელმაც ის საკუთარი ოჯახის წევრად მიიღო.

სასტიკი ბავშვობა და გაქცევა ველურ ბუნებაში

მარკოსის ტრაგიკული ისტორია 3 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც დედა გარდაეცვალა. მამამ ცოლად სხვა ქალი მოიყვანა, დედინაცვალი კი პატარა ბიჭს სასტიკად ექცეოდა. ოჯახი გაჭირვებაში ცხოვრობდა, რის გამოც 7 წლის მარკოსი მთებში თხების სამწყემსად გაგზავნეს, სადაც ის ერთ მოხუც მწყემსთან ერთად ცხოვრობდა. მოხუცმა ბავშვს ცეცხლის დანთება და უბრალო იარაღების კეთება ასწავლა, თუმცა მალევე გარდაიცვალა და 7 წლის ბავშვი უზარმაზარ მთებში სრულიად მარტო დარჩა.

მარკოსი აკვირდებოდა ცხოველებს, სწავლობდა, თუ რომელ კენკრასა და ფესვებს ჭამდნენ ისინი. ერთ დღესაც მას დედა მგელი შეხვდა.

"მას შემდეგ, რაც თავის ლეკვებს ხორცი აჭამა, ერთი ნაჭერი ჩემკენ გამოაგორა. შეხების მეშინოდა, მეგონა თავს დამესხმებოდა. ბოლოს ავიღე და შევჭამე. მეგონა მიკბენდა, მან კი ენა გამოყო და ლოკვა დამიწყო. იმ დღის შემდეგ მე მათი ოჯახის წევრი გავხდი“, - იხსენებდა მარკოსი წლების შემდეგ.ბიჭს მგლების გარდა სხვა მეგობარიც ჰყავდა - გველი, რომელიც ყველგან დაჰყვებოდა, რადგან მარკოსი მას თხის რძით უმასპინძლდებოდა.

გადარჩენა და ცივილიზაცია

1965 წელს, როდესაც პოლიციელებმა იპოვეს, მარკოსი ველური ცხოველივით იცავდა თავს - ყმუოდა და კბენდა მათ. ის მთიდან ძალის გამოყენებით, დაბმული ჩამოიყვანეს.

მარკოსისთვის ცივილიზაციაში დაბრუნება ცხოვრების ყველაზე საშინელ კოშმარად იქცა. ის მონაზვნების თავშესაფარში მიიყვანეს, სადაც ხელახლა ასწავლეს გამართულად სიარული, ლაპარაკი და მაგიდასთან ჭამა. ფეხებიდან სქელი კოჟრების მოჭრის გამო ის გარკვეული ხანი ეტლში იჯდა, ხოლო პარიკმახერთან პირველად მიყვანისას შიშისგან კანკალებდა - ეგონა, სამართებლით ყელს გამოჭრიდნენ.

მან ვერაფრით შეძლო თანამედროვე საზოგადოებასთან ადაპტაცია. ქალაქის ხმაური, მანქანები და ხალხმრავლობა მას აშინებდა. ქირით ცხოვრებისას მას საწოლში ძილი უჭირდა და იატაკზე, საბნების გროვაზე ეძინა. მოგვიანებით ის მწყემსად და მიმტანად მუშაობდა, თუმცა, რადგან ფულის ცნება არ ესმოდა, გარშემომყოფები მას ხშირად ატყუებდნენ და იყენებდნენ.

სევდიანი დასასრული

2018 წელს მიცემულ ინტერვიუში მარკოსმა გულწრფელად აღიარა, რომ ადამიანების ბუნებით ღრმად იმედგაცრუებული იყო. მან სცადა მთებში, თავის ძველ გამოქვაბულში დაბრუნება, თუმცა იქაურობა უკვე შეცვლილი დახვდა - ბუნების ადგილას აგარაკები და ელექტრო ღობეები დახვდა.

რაც მისთვის ყველაზე ტრაგიკული იყო, მგლებმაც კი აღარ მიიღეს იგი: "გრძნობ, რომ იქვე არიან, მათი სუნთქვაც კი გესმის... მაგრამ აღარ გიახლოვდებიან. მე ადამიანის სუნი მდის, სუნამოს სუნი მაქვს“, - ამბობდა ის.

მარკოს როდრიგეს პანტოხა, რომლის საოცარი ისტორიის შესახებ 2010 წელს ცნობილი ესპანური ფილმი "მგლებს შორის“ (Among Wolves) გადაიღეს, 80 წლის ასაკში, ესპანეთის ჩრდილოეთით მდებარე პროვინციაში გარდაიცვალა. მან სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა რწმენა, რომ მისი 80-წლიანი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი, ლამაზი და თავისუფალი წლები სწორედ ველურ ბუნებაში, მგლების ხროვასთან ერთად გატარებული 12 წელი იყო.