განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მიმდინარე წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოხატა და ამისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსებაც გამოყო.
პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში სამინისტრომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გააგრძელა, მათ შორის 2026 წლის 31 მარტამდე, რათა პროგრამას, დარჩენილი აქტივობების დასრულებისა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონოდა.
სამინისტრომ ჰარვარდს ასევე სთხოვა შესრულებული სამუშაოების ანგარიში და პროგრამის შემდგომი განვითარების კონკრეტული ხედვა. თუმცა, პროგრამის შემდგომი გაგრძელება ვერ შეთანხმდა, რადგან პროგრამის ახალი ეტაპის დასაწყებად სამინისტროსთვის არ ყოფილა წარმოდგენილი შეთანხმებული პროგრამა, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტულ აქტივობებს, ბიუჯეტს, განხორციელების ვადებსა და გაზომვად შედეგებს. შესაბამისად, ახალი ეტაპის დამტკიცების საფუძველი არ არსებობდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კვლავ მზად არის განიხილოს ჰარვარდთან მომავალი თანამშრომლობა - მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების, შეთანხმებული ბიუჯეტის, განხორციელების ვადებისა და გაზომვადი შედეგების საფუძველზე.
სამინისტროს პოზიცია უცვლელია: საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და სახელმწიფო რესურსის ეფექტიან გამოყენებას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა 2022 წლიდან ამოქმედდა.