მიანმარში სამხედროების მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ბუდისტურ მონასტერზე, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიციონერი მებრძოლებისა და ადგილობრივი მაშველების ინფორმაციით, იერიში პარასკევს დილით განხორციელდა.
თავდასხმა ცენტრალურ საგაინგის რეგიონში, ქალაქ მანდალაიდან დასავლეთით, დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარე მიაუნგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაი ჰო ო-ში მდებარე მონასტერში მოხდა. ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:00 საათზე, როდესაც მოსახლეობა ბუდისტური მარხვის აღსანიშნავად მედიტაციისთვის იყო შეკრებილი, სამხედრო ავიაციამ ტერიტორია დაბომბა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, იერიში ორჯერ განმეორდა. მეორე დარტყმა სწორედ მაშინ განხორციელდა, როდესაც ადგილობრივი მოხალისეები ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანას ცდილობდნენ.
“სანამ ჩვენ ხალხის გადარჩენას ვცდილობდით, თვითმფრინავი მეორედ მოფრინდა დასაბომბად“, - ყვება ერთ-ერთი ოპოზიციონერი მებრძოლი, რომელიც შემთხვევის ადგილზე მუშაობდა.
მაშველების ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ყველა ხანდაზმული პირი იყო. დაღუპულებს შორის 11 მამაკაცი და 3 ქალია. მსხვერპლთა ასაკი 50-დან 70 წლამდე მერყეობს. მათგან 5 პირი ერთი სოფლიდან იყო, ხოლო დანარჩენი 9 - მეზობელი დასახლებიდან. საჰაერო იერიშის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო რამდენიმე ბუდისტმა ბერმაც.
მიანმარის სამხედრო მთავრობას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ სამხედროებს ხშირად ადანაშაულებენ საზოგადოებრივ და სამოქალაქო შენობებზე თავდასხმებში, ისინი აცხადებენ, რომ მხოლოდ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე მიაქვთ იერიში.
მიანმარში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2021 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა და დემოკრატიულად არჩეული ლიდერი აუნგ სან სუ ჩი ჩამოაგდეს. მას შემდეგ ქვეყანა სამოქალაქო ომშია ჩაფლული და იქ საომარი მდგომარეობა მოქმედებს.