“უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მის მთავრობაში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით პასუხგასაცემი კითხვები“ აქვს,“ - ამის შესახებ ქვეყნის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, 35 წლის მიხაილო ფედოროვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. პოპულარული მინისტრი, რომელმაც შეიარაღებული ძალების მოდერნიზება მოახდინა და დრონებით ომის წარმოების პიონერი გახდა, გასულ თვეში თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელთან უთანხმოება მოუვიდა.
ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას დაწყებული ფულის გათეთრების გამოძიება აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად ფლობდა პრეზიდენტი ინფორმაციას მისი უახლოესი გარემოცვის მხრიდან შესაძლო კორუფციულ ქმედებებზე. საუბარია უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოაშკარავებულ სქემაზე, რომლის მიხედვითაც 3 მილიონ დოლარზე მეტი უკრაინული ვალუტის მითვისება ხდებოდა ფულის გათეთრებაში ბრალდებული ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის გირაოს გადასახდელად. საქმის გამოაშკარავების შემდეგ, ზელენსკის ოფისის მაღალჩინოსანი, რომელიც სქემაში ფიგურირებდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

“დაე, თავად გასცეს პასუხი ამ კითხვას... მე მჯერა, რომ ის მზად არის ასეთი კითხვებისთვის. მისი პასუხისმგებლობაა გვითხრას, იცოდა თუ არა ამ ყველაფრის შესახებ... მე არ მსურს ვარაუდების გაკეთება“, - განაცხადა ფედოროვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესყიდვებში კორუფციული ელემენტები აღმოფხვრა, ეს პრობლემა მაინც ახდენს გავლენას ფრონტის ხაზის ბრძოლისუნარიანობაზე. თუმცა, ყოფილმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ გააჩნია მტკიცებულება პრეზიდენტის პირადი კორუფციის შესახებ და ბოლო რამდენიმე კვირაა მასთან კონტაქტი არ ჰქონია.
ფედოროვმა, რომლის გადაყენების შემდეგ კიევის ქუჩებში მხარდამჭერები ყოველკვირეულ საპროტესტო აქციებს მართავდნენ, YouTube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და პოლიტიკური რეფორმებისა და არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, “დემოკრატია არ უნდა გახდეს პუტინის მძევალი“.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საომარი მდგომარეობა მოქმედებს და არჩევნები შეჩერებულია, ფედოროვი მიიჩნევს, რომ მას აქვს “მორალური უფლება“ დაიწყოს ეს დისკუსია: “თუ ჩვენ არასოდეს ჩავატარებთ არჩევნებს, მაშინ ჩვენ აღარ ვიქნებით დემოკრატია“.
ზელენსკიმ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ომის დროს არჩევნების ჩატარება უზარმაზარ საფრთხეს შეიცავს:
ექსპერტები ასევე მიუთითებენ არაერთ დაბრკოლებაზე, როგორიცაა ფრონტზე მყოფი ჯარისკაცების, მილიონობით ლტოლვილისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების მიერ ხმის მიცემის ორგანიზება, ისევე როგორც რუსული დეზინფორმაციის საფრთხე.
ზელენსკის პრესსპიკერმა ფედოროვის განცხადებებს უცნაური უწოდა: “ვინაიდან ყოფილი მინისტრი 2019 წლიდან მოყოლებული ყველა მთავრობის წევრი იყო, უცნაურია, როდესაც ის ისე საუბრობს, თითქოს ეს მის გარეშე არსებული სხვა მთავრობები ყოფილიყო. როგორც ყველას ახსოვს, მაშინ მისგან მკაცრი განცხადებები არ გვსმენია“.

ფედოროვი, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების “დრონების არმიით“ აღჭურვასა და რუსეთის ტერიტორიაზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სამხედრო ობიექტებზე შორ მანძილზე დარტყმების ორგანიზებაში მიუძღვის წვლილი, უახლოეს კვირებში აშშ-ში გამგზავრებას გეგმავს. იქ ის იმედოვნებს, რომ შეხვდება ელონ მასკს, რათა დაარწმუნოს მილიარდერი, გააფართოოს Starlink-ის სისტემის მოქმედება რუსეთის საჰაერო სივრცეში, რათა ხელი შეუწყოს უკრაინულ დარტყმებს ისე, რომ კრემლმა ამ სისტემით სარგებლობა ვერ შეძლოს.
მან ასევე გააკრიტიკა დასავლელი პარტნიორების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ბიუროკრატია იარაღის მიწოდების შეფერხების გამო. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის აქტიური მხარდამჭერია და ომის დაწყებიდან 16 მილიარდი ფუნტი დახარჯა იარაღის მიწოდებაზე, ფედოროვი ამბობს, რომ ბიუროკრატია აფერხებს პროცესს.
ამ ეტაპზე ყოფილი მინისტრი უარყოფს უშუალო პოლიტიკურ ამბიციებს, თუმცა მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად აღდგება საარჩევნო პროცესი, ექნება თუ არა მას საკმარისი ენერგია და რაც მთავარია, ენდობა თუ არა მას ხალხი ამ პოზიციაზე.