"ყველაზე მთავარი ჩემთვის არის, შევინარჩუნო ის უბრალოება და ბუნებრიობა, რის გამოც ადამიანებმა თავიდან შემიყვარეს“ - ამბობს ხატია მინდიაშვილი. მან კულინარიული ვიდეოების ჩაწერა რვა თვის წინ დაიწყო და უბრალოებით, გულწრფელობით აუდიტორია იმდენად მიიზიდა, დღეს მისი გვერდის გამომწერების რიცხვი 200 ათასს აჭარბებს.
- ხატია, ყველას გაოცებას იწვევს, ამდენად ახალგაზრდას საიდან გაქვთ ამდენი ცოდნა და გამოცდილება კულინარიაში?
- ეს ყველაფერი ძირითადად ჩემით ვისწავლე. არასდროს მივლია კულინარიის გაკვეთილებზე ან რაიმე სპეციალურ კურსზე. რაც ვიცი, უმეტესწილად ძველი კულინარიული წიგნებიდან, ინტერნეტიდან, სხვადასხვა რეცეპტის გაცნობით და, რა თქმა უნდა, ბევრი ცდითა და პრაქტიკით ვისწავლე. ხშირად რაღაცას პირველად ვაკეთებ, შეიძლება არ გამომივიდეს, მაგრამ შემდეგ ისევ ვცდი და ვხვეწ.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F1088643206966960%2F&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>
ალბათ, სწორედ ამ მუდმივმა ინტერესმა და ცდის სურვილმა დამიგროვა ეს "უძირო სკივრი“.
- გვიამბეთ თქვენ შესახებ..
- მე გახლავართ ხატია მინდიაშვილი, დაქორწინებული გიორგი თოხაძეზე, ვზრდით ორ ვაჟს - დანიელ და გაბრიელ თოხაძეებს. დავიბადე ქალაქ გორში, ვცხოვრობდი ქურთის მუნიციპალიტეტ სოფელ ქემერტში.დღესდღეობით ეს სოფელი აღარ არსებობს, 2008 წლის ომის დროს განადგურდა.. ცუდი ბავშვობა ნამდვილად არ მქონია, რადგან ოჯახი მყავდა: დედა, მამა, ძმა. დღეს სამწუხაროდ დედა და მამა აღარ მყავს, მაგრამ მყავს მეუღლე, შვილები და ძმა.
- ტრაგედია პატარა ასაკში გადაიტანეთ? ამბობენ, რომ თქვენი მშობლები ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ...
- ნამდვილად ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ ჩემი მშობლები. მე პატარა ვიყავი, ცალ-ცალკე რომ გადაწყვიტეს ცხოვრება. ამიტომ ალბათ, მე რომ 10 წლის გავხდი, იმის მერე ერთად არც მინახავს დედ-მამა. ცოტა რთულია ამ თემაზე საუბარი. ორივე ძალიან ახალგაზრდები დავკარგე, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში. იმდენად რთული ცხოვრება მაქვს გამოვლილი, საუბარი მართლა ძალიან რთულია.
ბევრი შიმშილიც გამოვიარე, სიმწარე, ტკივილი, მაგრამ სიყვარული დედ-მამის არასდროს მომკლებია, არც მე და არც ჩემს ძმას. საბედნიეროდ დღესდღეობით მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, შვილები, მეუღლე.
- რა ასაკში დაოჯახდით?
- 18 წლის ასაკში დავოჯახდი, მეუღლეც ზუსტად ჩემი ასაკის არის. დღეს 26 წლის ვართ ორივე, ჩემი მეუღლე საკმაოდ წარმატებული მოჭიდავეა და არაერთი ტურნირის ჩემპიონი. მეც სპორტით ვიყავი დაკავებული და გაცნობაც ზუსტად სპორტიდან მოდის. გაცნობიდან მალევე დავოჯახდით და დღესდღეობით ორი პატარა ბიჭის მშობლები ვართ.

- გვიამბეთ თქვენს სპორტულ მიღწევებზე...
- ბევრი მოსაყოლი არაფერი მაქვს, მაგრამ მეც საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი სპორტში, ბევრი სპორტის სახეობა ვცადე - ჭიდაობა, თავისუფალი ძიუდო, სამბო. რაღაც ტურნირებზე მეც მაქვს მოპოვებული მედლები.
- დედობამ რა შეცვალა თქვენში?
- რადიკალურად ყველაფერი შეცვალა დედობამ ჩემს ცხოვრებაში. თავიდან ბოლომდე ბავშვებზე გადავეწყვე, ცხოვრებას უფრო მიეცა აზრი, მეტი მიზანი და მოტივაცია მომეცა. მე ჩემი ცხოვრება მათ გარეშე წამითაც აღარ წარმომიდგენია. ახლა აქ ვერ დავიწყებ მათ სიყვარულზე საუბარს, რადგან სიტყვები არ არსებობს ამის გამოსახატად, არც ემოციები.
- კულინარიას რომ დავუბრუნდეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
- კულინარიით დაინტერესება დაახლოებით 3-4 წლის წინ დავიწყე, ძირითადად ოჯახიდან გამომდინარე. თავიდან ეს უბრალოდ ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი იყო, შემდეგ კი ნელ-ნელა უფრო მეტად შემიყვარდა და გადავწყვიტე, ჩემი მომზადებული კერძები და რეცეპტები სხვებისთვისაც გამეზიარებინა.ჩემი კულინარიული გვერდის შექმნიდან და აქტიურად გაზიარებიდან სულ რაღაც 8 თვეა გასული, თუმცა ამ მოკლე დროში ძალიან კარგი შედეგები მივიღე, რასაც ნამდვილად არ ველოდი და ძალიან მიხარია.
ყველაზე დიდი მიღწევა ჩემთვის ის არის, რომ ამ 8 თვეში შევძელი ადამიანების დაინტერესება, მათი ნდობის მოპოვება და საკუთარი პატარა საქმის განვითარება. თითოეული გამომწერი, დადებითი შეფასება და მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ყველაფერი ჩემთვის მხოლოდ დასაწყისია და იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო ბევრს მივაღწევ.
- რას ნიშნავს თქვენთვის 200 ათასი გამომწერი?
- 200 ათასი გამომწერი ჩემთვის უბრალოდ რიცხვი ნამდვილად არ არის. ეს არის 200 ათასი ადამიანი, ვინც ჩემს გვერდს ენდობა, ჩემს რეცეპტებს ამზადებს, მაძლევს მოტივაციას და ყოველდღიურად მაძლევს იმის სურვილს, რომ კიდევ უფრო მეტი და უკეთესი გავაკეთო. განსაკუთრებით ემოციურია ჩემთვის ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი სულ რაღაც 8 თვეში მოხდა. როცა ვიწყებდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ შედეგს მივაღწევდი. თითოეული გამომწერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს 200 ათასი ჩემთვის დიდი მოტივაციაა, რომ არ გავჩერდე და კიდევ ბევრი გემრიელი რეცეპტი გავუზიარო ჩემს აუდიტორიას.
- როგორ ფიქრობთ, უბრალო სამზარეულომ, ჭურჭელმა, ბიუჟეტურმა რეცეპტებმა მიიზიდა ხალხი?
- ალბათ, სწორედ ეს უბრალოება და ბუნებრიობაა ის, რაც ჩემს აუდიტორიას იზიდავს. მე არ მინდა ვაჩვენო ის, რაც რეალურად არ მაქვს. მინდა, ჩემი გვერდი იყოს ისეთი, როგორიც ჩემი ყოველდღიური ცხოვრებაა - მარტივი, რეალური და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადამიანმა ნახოს, რომ გემრიელი კერძის მოსამზადებლად აუცილებელი არ არის ძვირადღირებული პროდუქტები, მდიდრული სამზარეულო ან განსაკუთრებული ჭურჭელი. მთავარია სურვილი, მონდომება და სიყვარული, რასაც აკეთებ. ვფიქრობ, სწორედ ამ რეალურობამ დამაახლოვა ჩემს აუდიტორიასთან.

- ძალიან იშვიათია, მაგრამ უარყოფით კომენტარებს როგორ ხვდებით?
- სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან უარყოფითი კომენტარები გულთან ახლოს მიმქონდა. მაგრამ დროთა განმავლობაში მივეჩვიე და მივხვდი, რომ ყველას თავისი აზრი აქვს და ეს სრულიად ნორმალურია. დადებით შეფასებებს ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიღებ და ვითვალისწინებ, ხოლო უარყოფით კომენტარებს, თუ მათში რაიმე სასარგებლოა, ვაანალიზებ, დანარჩენს კი უბრალოდ ვაიგნორებ.
- კამერასთან იშვიათად ჩნდებით, მაგრამ უამრავ კომპლიმენტს იღებთ. ხართ ძალიან ლამაზი და მოდური. რა არის თქვენი თავის მოვლის, სტილის საიდუმლო?
- სიმართლე რომ გითხრათ, თავის მოვლისთვის დიდად არც დრო მრჩება. როგორც უკვე ვახსენე, ჩემი ყოველდღიურობა ძირითადად ბავშვებს და ოჯახს უკავშირდება და თითქმის თავიდან ბოლომდე მათზე ვარ გადართული. ამიტომ, განსაკუთრებული რუტინა ნამდვილად არ მაქვს თუ დაბანას, ელემენტარულ ჰიგიენას და ხანდახან მოწესრიგებას თავის მოვლად ჩავთვლით, ეგეც დიდი მიღწევაა.
რაც შეეხება სტილს, მიყვარს მარტივად, კომფორტულად და ბუნებრივად ჩაცმა. ალბათ, ჩემი მთავარი სტილია ის, რაც ჩემს ყოველდღიურობას შეესაბამება.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მინდა პირველ რიგში ის, რაც უკვე დავიწყე, კიდევ უფრო განვავითარო. მინდა, უფრო მეტი საინტერესო და მარტივი რეცეპტი გავუზიარო ჩემს აუდიტორიას და მომავალში კიდევ უფრო მეტი სიახლე შევთავაზო. არ მიყვარს წინასწარ ძალიან დიდი გეგმების დასახვა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, არ მინდა გავჩერდე. მინდა, ეს საქმე კიდევ უფრო მეტად გავაკეთო, ვისწავლო, განვვითარდე და ვნახოთ, სადამდე მიმიყვანს ეს ყველაფერი. ყველაზე მთავარი კი ჩემთვის ის არის, რომ შევინარჩუნო ის უბრალოება და ბუნებრიობა, რის გამოც ადამიანებმა თავიდან შემიყვარეს.