ავტორი:

"მიზანი შეიძლება იყოს საქართველოში პანიკისა და შიშის დათესვა" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში "ქართული ლეგიონის" სახელით და რას ამბობს მამუკა მამულაშვილი

"მიზანი შეიძლება იყოს საქართველოში პანიკისა და შიშის დათესვა" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში "ქართული ლეგიონის" სახელით და რას ამბობს მამუკა მამულაშვილი

"გაავრცელეთ მეგობრებო, სარწმუნო წყაროს ცნობით რუსები საქართველოსა და სომხეთში, 60 000 სპეციალური დანიშნულების რაზმის მოსამსახურეების გადასროლა მიმდინარეობს ტურისტების სახით", - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში "ქართული ლეგიონის“ სახელისა და სიმბოლიკის გამოყენებით ვრცელდება.

ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ ეს ცნობა სინამდვილეს არ შეესაბამება.

რა ინფორმაციას ფლობს "ქართული ლეგიონი“ რუსეთის შესაძლო გეგმებზე, ვინ შეიძლება იდგეს დეზინფორმაციული კამპანიის უკან და რა საფრთხეები არსებობს ამ თვალსაზრისით, ამის შესახებ მამუკა მამულაშვილი გვიამბობს.

მამუკა მამულაშვილი:

- მსგავსი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია. თუ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს, მას მხოლოდ ჩვენი ოფიციალური გვერდების საშუალებით ვავრცელებთ. სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში "ქართული ლეგიონის" სახელით ძალიან ბევრი არაოფიციალური გვერდია შექმნილი, რომლებიც ცდილობენ დეზინფორმაციის გავრცელებას.

დიდი ალბათობით, ეს შესაძლოა სპეცსამსახურების ინტერესებში შედიოდეს, მიზანი შეიძლება იყოს საქართველოში პანიკისა და შიშის დათესვა. ჩემი თხოვნაა, ვინც თვალს ადევნებს საინფორმაციო სივრცეს, აუცილებლად გადაამოწმოს, რომელ რესურსზე კითხულობს ან ისმენს ინფორმაციას. რაც შეეხება 60 000 სპეცრაზმელის საქართველოში და სომხეთში გაგზავნას, ამაზე საუბარი აბსურდულია.

რუსეთს, ჩემი ინფორმაციით, არასდროს ჰყოლია ამ რაოდენობის სპეცრაზმელი და შესაბამისად წარმოუდგენელია, რომ შემდეგ უცებ ასეთი ძალა საქართველოში და სომხეთში შემოსაყვანად გამოიყენოს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინასთან ომში დიდ დანაკარგებს განიცდის.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ პანიკის დათესვასთან ერთად, პროცესის მიზანი უშუალოდ "ქართული ლეგიონის“ დისკრედიტაცია და მისი სახელით მანიპულირებაა?

- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ჩვენი დისკრედიტაციაც იყოს. შემდეგ შეიძლება თქვან, რომ "ქართული ლეგიონი" ყალბ და არასერიოზულ ინფორმაციებს ავრცელებს. თუმცა საინტერესოა ისიც, რომ თუ მსგავსი ინფორმაცია სომხეთშიც ვრცელდება, მაშინ პრობლემა უფრო მასშტაბურია და საქმე გვაქვს რუსული სპეცსამსახურების საქმიანობასთან.

- ბოლო პერიოდში რუსეთი საქართველოს საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო რაოდენობის შემოდინება დაფიქსირდა. თავად რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მაგალითად 18 აგვისტოს, 24 საათის განმავლობაში, დაახლოებით 20 000-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მოგვიანებით სხვა მონაცემი გაავრცელა და განაცხადა, რომ ლარსის გავლით საქართველოში 7 880 ადამიანი შემოვიდა. რამდენად შეიძლება ასეთი მასშტაბის ნაკადი უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენდეს და რა კავშირში შეიძლება იყოს ერთმანეთთან რუსეთის მედიაში გავრცელებული ცნობა რუსეთის 20 000 მოქალაქის საქართველოში შემოსვლასა და ქართულ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, 60 000 სპეცრაზმელის თაობაზე?

- ასეთი რაოდენობის, თუნდა 7 880 რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლა მხოლოდ ერთ დღეში, რა თქმა უნდა, სერიოზული საკითხია. რა თანხასაც არ უნდა ხარჯავდეს მტრულად განწყობილი ქვეყნიდან შემოსული ტურისტი საქართველოში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი რისკების შემცველი იყოს. რუსეთის მხრიდან ადამიანების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობს ინფილტრაციის საფრთხე.

საუბარია არა მხოლოდ სტრატეგიული ობიექტების, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების მდგომარეობისა და განწყობების შესწავლაზე - რამდენად მზად არის საზოგადოება რუსეთის გავლენისა და ანექსიისთვის. თუმცა, მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა ამ საკითხის მიმართ, გამოვრიცხავ იმას, რომ რუსეთი საქართველოსა და სომხეთში 60 000 სპეცრაზმელის შემოსვლას გეგმავს. ამ ინფორმაციას საერთოდ არ აქვს სერიოზული საფუძველი.

ასევე, ამ ეტაპზე პირადად მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად. მით უმეტეს, იმ პრორუსი ხელისუფლების პირობებში, რომელიც დღეს საქართველოშია. "ქართული ოცნება“ ისედაც უსიტყვოდ ასრულებს პუტინის ყველა კაპრიზს.

- ბოლო დღეების განმავლობაში მოსკოვსა და თბილისში ერთდროულად გააქტიურდა საუბარი გეორგიევსკის ტრაქტატზე. თქვენ თუ ხედავთ რაიმე კავშირს ამ ორ პროცესთან დაკავშირებით?

- სიმართლე გითხრათ, ამ დისკუსიას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოსკოვში გეორგიევსკის ტრაქტატზე ილაპარაკებენ თუ არა, პუტინს თუ დასჭირდა საქართველოს ანექსიას მაინც მოახდენს და ამას არ დასჭირდება 60 000 სპეცრაზმელი. საფრთხე ნამდვილად არის და ქართველებს მეტი სიფრთხილე გვმართებს.

უკრაინაში ფრონტის ხაზი სტატიკურია, რუსები წინ ვერ მიიწევენ და უდიდესი დანაკარგი აქვთ. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ჯარი "ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია, ფაქტობრივად არ არსებობს საღი ძალა, რომელიც მათ წინ აღუდგება, არ არის გამორიცხული იმპერიის აღდგენაზე მეოცნებე პუტინმა, ასევე იმპერიალისტური ბუნების რუს ხალხს საქართველოში გამარჯვებით დაუამოს ეგო.

ჩემთვის უცნაურია მსჯელობა იმის შესახებ, თითქოს პოლიტიკაა ბინძური, თორემ რუსი ხალხი არაფერ შუაშია. მერწმუნეთ, ნებისმიერ რუსს სურს, საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იხილოს. ის ტურისტებიც კი, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, სიზმარში საქართველოს ოკუპაციას ხედავენ. მართალია ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს პუტინი არ გააღიზიანოს და მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ შორეული თუ უახლესი ისტორიიდან ვიცით, როგორი მეგობრობა იცის რუსმა - ბრძოლის ველზე მიტოვება, ოკუპაცია და ქართული ელიტის დახვრეტა. აი ეს არის რუსული მეგობრობა. ამიტომ, გამორიცხული არ არის პროვოკაციული სცენარი საქართველოს ან სომხეთის წინააღმდეგ. ამას არ სჭირდება ჯარის მობილიზება და სამხედრო ინტერვენცია. საქართველოს ოკუპაციისთვის დღეს პატარა რუსული ინტრიგა სავსებით საკმარისია. ამ კუთხით ასევე მოწყვლადია სომხეთი.

ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მონიტორინგი გავუწიოთ სომხეთში მიმდინარე პროპაგანდას და გავარკვიოთ ამ ორ ქვეყანაში ერთდროულად ხომ არ ვრცელდება პანიკისა და შიში დამთესი ყალბი ინფორმაციები.

- და ბოლოს, უკრაინაში მიმდინარე ომს რომ დავუბრუნდეთ: გუშინ და დღეს უკრაინული დრონების შეტევის შედეგად რუსეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები დაზიანდა. დღეს ასევე რუსეთში, Ozon-ის ლოჯისტიკურ ცენტრებზე განხორციელდა შეტევა. რა მნიშვნელობა აქვს ამას რუსეთისთვის სამხედრო თვალსაზრისით?

- რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ობიექტების დაზიანება და განადგურება უკრაინისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო მიზნის მიღწევაა. კიდევ ერთხელ ვულოცავ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი დაზიანდება ან განადგურდება რუსეთის ტერიტორიაზე.