გაუფორმდება თუ არა ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, მარიამ შათირიშვილმა განუცხადა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავმა, ვასილ მხეიძემ მიაწოდა. ასევე, უწყების ცნობით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავად ჯუანშერ ბურჭულაძემაც. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარისა და აპარატურის შეძენის მიზნით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ჩატარებულ რამდენიმე საიდუმლო შესყიდვას.