ავტორი:

საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციის მენეჯერი კოღოს ნაკბენის შემდეგ გარდაიცვალა - ის 36 წლის იყო

საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციის მენეჯერი კოღოს ნაკბენის შემდეგ გარდაიცვალა - ის 36 წლის იყო

საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციის 36 წლის მენეჯერი, სერგეი ინდეიკინი მალარიით გარდაიცვალა. მისი სიცოცხლე, სავარაუდოდ, ნიგერიაში მივლინების დროს მალარიის გადამტანი კოღოს ნაკბენმა იმსხვერპლა.

  • როგორც ცნობილია, ინდეიკინი ცოტა ხნის წინ ნიგერიაში იმყოფებოდა მივლინებით. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის უზბეკეთში გაემგზავრა, სადაც თავი შეუძლოდ იგრძნო. მალევე მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 24 აგვისტოს გავრცელდა. კოლეგების თქმით, ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ფედერაციის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იყო და მსოფლიოს უდიდეს საჭადრაკო შეჯიბრებებზე ორგანიზაციულ საკითხებზე მუშაობდა.

ინდეიკინი 2021 წლიდან საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციაში მუშაობდა. მისი საქმიანობა მოიცავდა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს, მსოფლიო თასს, სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში მსოფლიო ჩემპიონატებს, პრეტენდენტთა ტურნირებსა და ფედერაციის ეგიდით გამართულ სხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებს.

"ვაქცინა გაიკეთა, თუმცა 100%-იან დაცვას არ იძლევა“

სერგეის გარდაცვალებას მისი მამა, ალექსანდრე ინდეიკინი, გამოეხმაურა. მისი თქმით, შვილმა მალარიის საწინააღმდეგო აცრა სპეციალურად გაიკეთა.

"სერგეი ნიგერიაში მივლინებაში იმყოფებოდა, შემდეგ უზბეკეთში ჩავიდა და იქ შეუძლოდ გახდა. ფედერაციის თანამშრომლების მიერ აღწერილი სიმპტომები ადასტურებს, რომ ეს ნიგერიული მალარია იყო“, - განაცხადა მამამ.

თუმცა, როგორც მამა იხსენებს, თავად სერგეი ამბობდა, რომ ვაქცინაცია დაავადების რისკს ამცირებს და მისი მიმდინარეობის შემსუბუქება შეუძლია, მაგრამ ინფექციისგან სრულ, 100%-იან დაცვას არ უზრუნველყოფს.

გარდაცვლილს მეუღლე და ქალიშვილი დარჩა.