ამიერკავკასიაში პირველად, თოდუას კლინიკაში გულის რითმის დარღვევის აბლაცია Volt™ PFA ტექნოლოგიით ჩატარდა

ამიერკავკასიაში პირველად, თოდუას კლინიკაში გულის რითმის დარღვევის აბლაცია Volt™ PFA ტექნოლოგიით ჩატარდა

გულის რიტმის დარღვევების მკურნალობაში საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გაჩნდა: თოდუას კლინიკის არითმოლოგთა გუნდმა ამიერკავკასიაში პირველად გულის რითმის დარღვევის აბლაცია უახლესი Volt™ PFA ტექნოლოგიის გამოყენებით ჩაატარა.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, ეს არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა, არამედ ცოდნის, გამოცდილების, სპეციალური მომზადებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის ერთ სივრცეში თავმოყრის შედეგი - შესაძლებლობა, რომ პაციენტმა იმავე მოწინავე მიდგომებით მიიღოს მკურნალობა საქართველოში, რისთვისაც აქამდე ხშირად უცხოეთის წამყვან კლინიკებს მიმართავდა.

რას ცვლის Volt™ PFA ტექნოლოგია არითმოლოგიაში, რა შესაძლებლობებს აძლევს ის ექიმებსა და პაციენტებს და რას ნიშნავს ამიერკავკასიაში მისი კლინიკური გამოყენების პირველი შემთხვევა - ამ და სხვა საკითხებზე თოდუას კლინიკის არითმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მინდია ბუცხრიკიძეს ვესაუბრეთ.

  • ბატონო მინდია, თოდუას კლინიკამ ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარა გულის რითმის დარღვევის აბლაცია Volt™ PFA ტექნოლოგიით. რას ნიშნავს ეს სიახლე ქართული მედიცინისთვის და უშუალოდ პაციენტებისთვის?

პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არითმოლოგიური მკურნალობის მიმართულებით ხელმისაწვდომი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი უახლესი ტექნოლოგიური პლატფორმა. Volt™ PFA - Pulsed Field Ablation არის აბლაციის ახალი თაობის მეთოდი, რომელიც გულის ქსოვილზე ზემოქმედებისთვის სითბოს ან სიცივის ნაცვლად იყენებს ძალიან მოკლე, მაღალი ძაბვის ელექტრულ იმპულსებს.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამიერკავკასიაში ამ ტექნოლოგიის პირველი კლინიკური გამოყენება სწორედ ჩვენს ცენტრში განხორციელდა. თუმცა ჩემთვის მთავარი არა თავად „პირველობის” ფაქტია, არამედ ის, რომ ქართველ პაციენტს თანამედროვე არითმოლოგიური მკურნალობის მისაღებად აღარ სჭირდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ წასვლა.

  • რას გულისხმობს Volt™ PFA ტექნოლოგია და რა განსხვავებაა მკურნალობის მასსა და ტრადიციულ, აქამდე არსებულ მეთოდებს შორის?

ტრადიციული აბლაციის დროს ძირითადად ვიყენებთ რადიოსიხშირულ ენერგიას ანუ ქსოვილის გათბობას ან კრიოაბლაციას - მის გაყინვას. PFA კი პრინციპულად განსხვავებული ტექნოლოგიაა.

აქ მოქმედების საფუძველია ელექტროპორაცია. ელექტრული იმპულსი გულის კუნთის კონკრეტულ უჯრედებში ქმნის მიკროსკოპულ ცვლილებებს უჯრედის მემბრანაში და შედეგად იწვევს იმ ქსოვილის ინაქტივაციას, რომელიც არითმიის წარმოქმნასა და შენარჩუნებაში მონაწილეობს.

ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ აღარ გვჭირდება ქსოვილის არც „დაწვა“ და არც „გაყინვა“ - სამიზნე არითმოგენულ ქსოვილზე ვმოქმედებთ ელექტრული ველით.

  • რა უპირატესობა აქვს პულსური ველის ამ მეთოდს პაციენტის უსაფრთხოების თვალსაზრისით?

PFA-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა სწორედ მისი ქსოვილ-სელექციურობაა. გულის კუნთის უჯრედები ელექტრული ველის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ შესაძლებელია არითმიის გამომწვევ ქსოვილზე ეფექტური ზემოქმედება მიმდებარე სტრუქტურების მაქსიმალური დაცვის პირობებში.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინაგულების ფიბრილაციის აბლაციისას, რადგან მარცხენა წინაგულის სიახლოვეს მდებარეობს საყლაპავი, ნერვული სტრუქტურები და სხვა მნიშვნელოვანი ანატომიური წარმონაქმნები. ამიტომ PFA-ს მთავარი იდეა: მაქსიმალური ეფექტი სამიზნე გულის ქსოვილზე და მინიმალური არასასურველი ზემოქმედება მის გარშემო მდებარე სტრუქტურებზე.

  • Volt™ ინტეგრირებულია 3D სანავიგაციო სისტემასთან. როგორ ეხმარება რეალურ დროში შექმნილი გულის სამგანზომილებიანი რუკა ექიმს აბლაციის წერტილების მაღალი სიზუსტით შერჩევაში?

ეს ჩემთვის, როგორც ელექტროფიზიოლოგისთვის, Volt™ სისტემის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხარეა. კათეტერი ინტეგრირებულია Abbott-ის EnSite™ X 3D სანავიგაციო სისტემასთან.

პროცედურის დროს ეკრანზე ვხედავთ გულის სამგანზომილებიან მოდელს, კათეტერის პოზიციას და ელექტრულ ინფორმაციას. შეგვიძლია ზუსტად დავინახოთ, სად მივაწოდეთ ენერგია, სად არის მიღწეული საჭირო ელექტრული ეფექტი და სად შეიძლება დამატებითი ჩარევა იყოს საჭირო.

ეს ნიშნავს, რომ პროცედურა არის არა მხოლოდ სწრაფი, არამედ ვიზუალიზებული და ინდივიდუალურად მორგებული კონკრეტული პაციენტის ანატომიაზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არათერმული მოქმედების გამო თავიდან ვიცილებთ იმ რისკების ნაწილს, რომლებიც ქსოვილის გათბობასთან ან გაყინვასთან არის დაკავშირებული.

  • უფრო დეტალურად რომ განგვიმარტოთ, გულის რითმის რა ტიპის დარღვევების დროს გამოიყენება Volt™ PFA ტექნოლოგია და ვისთვის არის ის განსაკუთრებით ეფექტური?

ამ ეტაპზე PFA-ს მთავარი და ყველაზე კარგად შესწავლილი გამოყენება არის წინაგულების ფიბრილაციის კათეტერული აბლაცია, განსაკუთრებით ფილტვის ვენების ელექტრული იზოლაცია.

Volt™ სისტემის მნიშვნელოვანი თავისებურებაა ისიც, რომ იგი შექმნილია სპეციალურად PFA მიდგომისთვის და საშუალებას გვაძლევს, მკურნალობა ძალიან ზუსტად მოვარგოთ პაციენტის ანატომიასა და არითმიის ტიპს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველა პაციენტისთვის ერთი და იგივე მიდგომა არ არსებობს. გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად, არითმიის ფორმის, ხანგრძლივობის, გულის სტრუქტურული მდგომარეობის, თანმხლები დაავადებებისა და წინა მკურნალობის შედეგების გათვალისწინებით.

R