ევროპის კლიმატის ცვლილების სამსახურის, Copernicus-ის მონაცემებით, პოლარული რეგიონების მიღმა ზღვის ზედაპირის საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ 21.1°C-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით საგანგაშოა წლის ამ პერიოდისთვის, რადგან ოკეანეები თავის პიკურ ტემპერატურას, როგორც წესი, სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულის გასვლის შემდეგ, მარტსა და აპრილში აღწევენ. ხოლო აგვისტოში კი ტემპერატურა წესით კლებაში უნდა იყოს.
დამყარებულმა რეკორდმა გადააჭარბა როგორც 2024 წლის მარტის მაჩვენებელს (21.09°C), ისე 2023 წლის აგვისტოს რეკორდს (20.98°C).
წყლის ტემპერატურის მატება წყნარ ოკეანეში განვითარებულ ძლიერ მოვლენას “ელ ნინიოს“ უკავშირდება. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა და Copernicus-ის პროგნოზით, “ელ ნინიო“ უახლოეს თვეებში კიდევ უფრო გაძლიერდება და ბოლო ათწლეულების განმავლობაში არნახულ მასშტაბებს მიაღწევს. თუმცა, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ეს წყლის ანომალიური ტემპერატურის ერთადერთი მიზეზი არ არის: “ელ ნინიო“ დამატებით სითბოს წარმოქმნის იმ ფონზე, როდესაც ოკეანეები ათწლეულებია თბება ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების გამო.

საზღვაო ეკოსისტემების დაზიანება: ტემპერატურის მატება იწვევს საზღვაო “ცხელ ტალღებს“, რაც მარჯნის რიფებს, წყალმცენარეებსა და კვებით ჯაჭვს აზიანებს.
მეთევზეობის კრიზისი: წყლის პარამეტრების ცვლილების გამო ზღვის სახეობები მიგრაციას იწყებენ, რაც დარტყმას აყენებს მეთევზეობასა და აკვაკულტურას.
ზღვის დონის აწევა და ქარიშხლები: გაცხელებისას წყალი ფართოვდება, რაც ზღვის დონის მატებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, თბილი ოკეანე ატმოსფეროში მეტ სითბოსა და ტენიანობას გამოყოფს, რაც ძლიერ ნალექსა და ქარიშხლების მიზეზი ხდება.
ნახშირბადის შთანთქმის შემცირება: თბილი წყალი ნაკლები ეფექტიანობით ითვისებს CO2-ს, რაც ოკეანის, როგორც პლანეტის მთავარი ბუნებრივი ფილტრის, ფუნქციას ასუსტებს.