კიდევ რამდენი ხანი დასჭირდება ჩინეთს ჰუმანოიდი ჯარისკაცი რობოტების საბრძოლო ველზე გამოსაყენებლად? ეს კითხვა პეკინში, სადაც ამჟამად მსოფლიოს ჰუმანოიდი რობოტების თამაშები მიმდინარეობს უკვე ბევრს აწუხებს. ტექნოლოგიური წინსვლის თავბრუდამხვევი ტემპისა და მოხსნილი რეკორდების ფონზე, ერთ-ერთმა ჩინელმა დეველოპერმა “CBS News“ -ს განუცხადა, რომ ამას ათწლეულზე ნაკლები დასჭირდება.
2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დახურულ არენაზე ათობით ჰუმანოიდი რობოტი იდგა, რომელთაც გარს ინჟინრები და გულშემატკივრები ეხვივნენ. რინგზე წითელ-შავ თავსაბურავებში გამოწყობილი ორი რობოტი კიკბოქსინგში ეჯიბრებოდა ერთმანეთს, ტანვარჯიშის ხალიჩასთან კი სხვები თავის რიგს ელოდნენ. ბავშვის ზომის შედარებით მცირე რობოტები მინიატურულ მოედანზე ფეხბურთს თამაშობდნენ, ზოგიერთი ჰუმანოიდი დაბრკოლებების მქონე დისტანციაზე დარბოდა, სხვები ცოცვაში ამყარებდნენ რეკორდებს.

კვირას ერთ-ერთმა მანქანამ სპრინტერ უსაინ ბოლტის 100-მეტრიანი რეკორდიც კი მოხსნა, მან დისტანცია 9.39 წამში დაფარა, რითაც ბოლტის 2009 წლის მაჩვენებელი (9.58 წამი) გააუმჯობესა.
თუმცა, ყველაფერი იდეალურად არ მიმდინარეობს. შეჯიბრებისას რამდენიმე რობოტი წაიქცა, აალდა ან უსაფრთხოების ჯებირებს შეეჯახა, რის შემდეგაც ისინი საკაცით გაიყვანეს. მაყურებელი ამ სანახაობით საკმაოდ იხალისა.
მიუხედავად ამისა, მთავარი კითხვა, რომელიც მაყურებელს უჩნდება, მომავალი სპორტული რეკორდები კი არა, ის არის, თუ როდის აღჭურვავენ ამ ცივ, უსულო მანქანებს იარაღით და გადააქცევენ მათ ჯარისკაცებად.
სპრინტი, სიგრძეზე ხტომა, სიმძიმეების აწევა და კრივში შეჯიბრი იმ ფიზიკურ მონაცემებს ავლენს, რომელთა საბრძოლო ველზე გადატანაც ძალიან მარტივად არის შესაძლებელი.
შანხაიში ბაზირებული კომპანია AG BOT-ის ინჟინერმა, იანგ კუნმა “CBS News“-ს განუცხადა, რომ დღევანდელი რობოტექნიკის საბოლოო მიზანი რობოტი-ჯარისკაცების შექმნა და ჩინური კომპანიები ამ შედეგამდე 5-10 წელიწადში მივლენ.
“ეს არის ის, რაც ნამდვილად გვსურს, მსოფლიოში ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რობოტების მეშვეობით ვაჩვენებთ ისეთი ქვეყნის ძალას, როგორიც ჩინეთია, რაც ყველას დაუკარგავს თავდასხმის სურვილს. ეს მსოფლიოს ომს ააცილებს“, - აღნიშნა მან.
შეკითხვაზე, ხომ არ გახდებიან რობოტები “ბოროტები“ (როგორც ფილმ “ტერმინატორშია“) იანგმა თავი გააქნია.

“არა, ასე არ ვფიქრობ. რობოტებს ემოციები არ აქვთ, ეს მხოლოდ ადამიანის თვისებაა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ აკონტროლებს და ქმნის მათ,“ - განაცხადა ინჟინერმა.
მიმდინარე თამაშების მიზანი ჩინეთის ტექნოლოგიური პროგრესის დემონსტრირებაა. სი ძინპინს სურს, რომ ჩინეთი მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში ლიდერობდეს, ამის გამო პეკინი ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტექნიკის სფეროში უზარმაზარ ინვესტიციებს დებს.