ავტორი:

გვინეაში, ნაგვის გიგანტური მთა ჩამოიშალა და საცხოვრებელი სახლები მოიყოლა - დაიღუპა სულ მცირე 30 ადამიანი: ტრაგედიის დეტალები (ფოტო)

გვინეაში, ნაგვის გიგანტური მთა ჩამოიშალა და საცხოვრებელი სახლები მოიყოლა - დაიღუპა სულ მცირე 30 ადამიანი: ტრაგედიის დეტალები (ფოტო)

დასავლეთ აფრიკის ქვეყნის, გვინეის დედაქალაქ კონაკრიში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ქალაქის უმსხვილეს ღია ნაგავსაყრელზე ნაგვის გიგანტური მასა ჩამოიშალა, რამაც საცხოვრებელი ქოხების ნგრევა და ხალხის ნაგვის ქვეშ მოყოლა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, სტიქიას, სულ მცირე, 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც სააგენტო Associated Press-ი იუწყება, ტრაგედია დედაქალაქის უდიდეს ნაგავსაყრელ “დარ-ეს-სალამში“ მოხდა. ადგილობრივი მედიის, Guinea News-ის ინფორმაციით, ნარჩენების უზარმაზარმა მასამ და სიმძიმემ მის ქვეშ მოყოლილი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევა გამოიწვია.

ოფიციალური პირების განცხადებით, ნგრევის შედეგად სერიოზულად დაშავდა კიდევ 6 ადამიანი, ხოლო რამდენიმე სახლი სრულად განადგურდა. მაშველებმა გადარჩენილთა საპოვნელად და ნანგრევებიდან ამოსაყვანად მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უკვე დაიწყეს.

  • იგნორირებული გაფრთხილება და ძლიერი წვიმა

სტიქიის პროვოცირება გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ მოახდინა, რამაც ღამით ნარჩენების მასა მთლიანად დაასველა და ნაგავსაყრელზე უკიდურესად საშიში პირობები შექმნა.

აღსანიშნავია, რომ “დარ-ეს-სალამის“ ნაგავსაყრელი სწორედ კვირას უნდა დახურულიყო. როგორც სამხედრო-საინჟინრო ბატალიონის სანიტარულმა ოფიცერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბალდე მამადუ ბაილომ განაცხადა, ნაგავსაყრელზე არსებული საფრთხის შესახებ ხელისუფლებას მოსახლეობა არაერთხელ ჰყავდა გაფრთხილებული. მეტიც, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ახლოს მცხოვრებ ადამიანებს გასასახლებელი შეტყობინებებიც კი დაეგზავნათ და ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვეს.

მიუხედავად ამისა, ბევრმა ოჯახმა უარი თქვა საცხოვრებლის დატოვებაზე და სტიქიის მომენტში მაინც საფრთხის ზონაში რჩებოდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ტერიტორიული ადმინისტრირებისა და დეცენტრალიზაციის მინისტრმა, დიენაბუ ტურემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დარჩენილი ოჯახების უსაფრთხო ადგილას გადასაყვანად.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, მსგავსი საშინელი შემთხვევა ამავე ნაგავსაყრელზე 2017 წელსაც მოხდა. მაშინ ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა, სულ მცირე, 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამაც ნაგავსაყრელის უსაფრთხოების შესახებ სერიოზული კითხვები ჯერ კიდევ წლების წინ გააჩინა.

ამჟამად კატასტროფის ზონაში მუშაობენ საგანგებო სიტუაციებისა და ჰუმანიტარული კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ.

წყარო