ავტორი:

რუსეთში ქანიე უესტის კონცერტი გაუქმდა? - "ზემოდან ზარი" და რეპერის კონცერტის მოწინააღმდეგე ბიზნესმენები: რას წერს მედია

რუსეთში ქანიე უესტის კონცერტი გაუქმდა? - "ზემოდან ზარი" და რეპერის კონცერტის მოწინააღმდეგე ბიზნესმენები: რას წერს მედია

ამერიკელი რეპერის, ქანიე უესტის, იგივე Ye-ს, სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილი კონცერტების ჩატარების საკითხი ეჭვქვეშ დგას და მათი ბედი გაურკვეველია. 10 და 11 ოქტომბერს "გაზპრომ არენაზე“ დაგეგმილი შოუების ჩატარებას თავად სტადიონი აღარ ადასტურებს და აცხადებს, რომ ორგანიზატორებთან შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება საერთოდ არ გაუფორმებია.

  • ამასთან, კონცერტის ორგანიზატორი Say Agency ამტკიცებს, რომ ღონისძიება არ გაუქმებულა და მისი ჩატარება კვლავ იგეგმება.

სიტუაციას კიდევ უფრო მეტ ინტრიგას სძენს რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კონცერტის ჩაშლის გადაწყვეტილება შესაძლოა მოსკოვიდან მიღებული ზარის შემდეგ ყოფილიყო მიღებული.

"გაზპრომ არენა“: კონცერტი ჩვენს მოედანზე ვერ გაიმართება

24 აგვისტოს "გაზპრომ არენამ“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ ქანიე უესტის კონცერტის ორგანიზატორი თავად არ არის.

  • სტადიონის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებას მოსკოვური საკონცერტო სააგენტო Say Agency აწყობს, თუმცა "გაზპრომ არენას“ მასთან სტადიონის იჯარის შესახებ ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული.

სტადიონის წარმომადგენლების განცხადებით, ასეთი ხელშეკრულება საერთოდ არ არსებობს და, შესაბამისად, კონცერტი "გაზპრომ არენაზე“ ვერ გაიმართება.

ყველაზე უცნაური დეტალი ამ ამბავში ისაა, რომ კონცერტს თავად არენა აანონსებდა.

17 აგვისტოს არენის ოფიციალურ Telegram-არხზე ქანიე უესტის კონცერტების ანონსი გამოქვეყნდა და ბილეთების გათამაშებაც გაიმართა. კონცერტის შესახებ ინფორმაცია სტადიონის ვებგვერდზეც იყო განთავსებული, თუმცა მოგვიანებით შესაბამისი ინფორმაცია "გაქრა".

ამიტომ განსაკუთრებით მოულოდნელი აღმოჩნდა 24 აგვისტოს გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ღონისძიებისთვის საჭირო საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული არც ყოფილა.

ორგანიზატორი: "კონცერტი არ გაუქმებულა“

"გაზპრომ არენას“ განცხადების შემდეგ Say Agency-მ კონცერტის გაუქმება უარყო.

სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ანა სუბჩევამ განაცხადა, რომ კონცერტი აუცილებლად გაიმართება და არენასთან თანამშრომლობის პროცესში მანამდე პრობლემები არ ჰქონიათ.

მისი თქმით, "გაზპრომ არენამ“ სააგენტოს საიჯარო ხელშეკრულება უკვე გაუგზავნა და მისი ხელმოწერა 27 აგვისტომდე იყო დაგეგმილი. სუბჩევას განცხადებით, სააგენტოსთვის მოულოდნელი იყო არენის საჯარო განცხადება, რადგან სტადიონის წარმომადგენლები მათ წინასწარ არ დაჰკავშირებიან.

Say Agency-მ მოგვიანებით ოფიციალურ განცხადებაშიც აღნიშნა, რომ "ამ ეტაპზე კონცერტი YE არ გაუქმებულა“ და სააგენტო ცდილობს "გაზპრომ არენასთან“ დაკავშირებას.

რუსული მედია წერს: გადაწყვეტილება "ზემოდან“ მიიღეს

ამავდროულად, გამოცემა "ფონტანკა“ ხელისუფლების სტრუქტურებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ქანიე უესტის კონცერტი ყველა საჭირო უწყებაში შეთანხმებული არ ყოფილა.

წყაროების ინფორმაციით, საბოლოოდ "გაზპრომ არენაში“ მოსკოვიდან დარეკეს და ღონისძიების გაუქმება მოსთხოვეს. ერთ-ერთი წყაროს თქმით, კონცერტის ჩატარების საკითხი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განიხილებოდა, თუმცა მაშინ სხვა ორგანიზატორები იყვნენ ჩართული და მათ, სავარაუდოდ, უარი უთხრეს.

ამჯერად კი, წყაროს შეფასებით, კონცერტის შესახებ ინფორმაცია საჭირო ფორმალური პროცედურების დასრულებამდე გავრცელდა.

ეს ვერსია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. შესაბამისად, "მოსკოვიდან ზარის“ შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე წყაროების ცნობად რჩება.

"ფონტანკას“ ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში 300-ზე მეტი მაყურებლის მონაწილეობით მასობრივი ღონისძიების ჩასატარებლად შესაბამისი შეთანხმებებია საჭირო, მათ შორის კულტურის კომიტეტთან. გამოცემის წყაროების ცნობით, ორგანიზატორებს ყველა აუცილებელი თანხმობა მიღებული არ ჰქონდათ, თუმცა კონცერტის რეკლამა და ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებული იყო.

რუსული მედიის ცნობით, ქანიე უესტისთვის ჰონორარის სახით 1,5 მილიარდ რუბლზე მეტი იყო გათვალისწინებული.

კიდევ ერთი ვერსია - ვინ დგას კონცერტის შესაძლო აკრძალვის უკან?

ამ ფონზე კიდევ უფრო ხმაურიანი ინფორმაცია გაავრცელა Telegram-არხმა "ВЧК-ОГПУ“.

არხის მიერ გავრცელებული ვერსიით, ქანიე უესტის პეტერბურგში ჩასვლის წინააღმდეგ შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენები, ძმები მიხაილ და იური კოვალჩუკები ყოფილიყვნენ. იმავე წყაროს ცნობით, რეპერის ჩამოსვლას წინააღმდეგობას უწევდა რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვიც.

კონცერტების გარშემო გაურკვევლობის გამო მაყურებელთა ნაწილმა უკვე სცადა შეძენილი ბილეთების დაბრუნება.

რუსული მედიის ინფორმაციით, Say Agency-ს მიერ მითითებულ INTICKETS-ის სერვისში ბილეთის დაბრუნებისას მომხმარებლებს შეტყობინება ხვდებათ, რომ დაბრუნება ამ ეტაპზე მიუწვდომელია და მათ ორგანიზატორს უნდა მიმართონ.

ამასთან, ორგანიზატორის საჯარო პირობებში წერია, რომ გაუქმებული ან გადატანილი ღონისძიების შემთხვევაში ბილეთის ნომინალური ღირებულება ბრუნდება, თუმცა მომსახურების საკომისიო შესაძლოა არ ანაზღაურდეს.