ზოგჯერ ერთი პატარა ადამიანის ხმა საკმარისი აღმოჩნდება იმისთვის, რომ ცვლილება დაიწყოს. ამის მაგალითი ნიუ-იორკში მცხოვრები 8 წლის ქართველი ემიგრანტის, მაქსიმე კახიძის ისტორიაა, რომელმაც ქალაქის მერს, ზოჰრან მამდანის, ვიდეომიმართვით სთხოვა, McKinley Park-ის ბავშვთა მოედანი კვლავ გაეხსნათ.
მაქსიმემ ვიდეო გადაიღო და პირდაპირ მერს მიმართა. როგორც თავად მოგვიანებით თქვა, დაახლოებით ორი თვის შემდეგ ვიდეოს გადაღებიდან პარკი გაიხსნა. ნიუ-იორკის მერიის ოფიციალურ განცხადებაში მაქსიმეს სიტყვებიც არის მოყვანილი - მან მადლობა გადაუხადა მერსა და NYC Parks-ს იმისთვის, რომ მისი თხოვნა მოისმინეს.
"დაახლოებით ორი თვის წინ ვიდეო ჩავწერე და მერ მამდანის ვთხოვე, დახმარებოდა McKinley Park-ის მოედნის გახსნაში. ის თითქმის ორი წლის განმავლობაში დახურული იყო. რამდენიმე კვირის შემდეგ კი პარკი გაიხსნა“, -განაცხადა მაქსიმემ ნიუ-იორკის მერიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე.
მაქსიმემ მერისგან პირადად მიწვევაც მიიღო და დღეს უკვე თავად აღმოჩნდა ზოჰრან მამდანის გვერდით, ოფიციალურ ღონისძიებაზე, სადაც საკუთარი ისტორია მოჰყვა.
"მე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გავიგე: თქვენს ხმას აქვს მნიშვნელობა. თუკი თქვენ ხედავთ, რომ რაღაც შესაცვლელია, გამოთქვით აზრი და ვინმე თქვენს ხმას მოუსმენს“, - ამბობს მაქსიმე.
მაქსიმემ სხვა ბავშვებსაც მოუწოდა, არ შეეშინდეთ საკუთარი აზრის გამოთქმის, თუ ხედავენ რაღაცას, რაც შესაცვლელია.

მაქსიმეს ისტორია ამერიკულ მედიაშიც მოხვდა. Brooklyn Eagle-მა მაისში დაწერა, რომ ბავშვის Instagram გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო ვირუსული გახდა. გამოცემის ცნობით, NYC Parks-მა ვიდეოს უპასუხა: "We heard you loud and clear, Max“ - ანუ "მაქს, შენი ხმა მკაფიოდ გავიგეთ“. ქალაქის პარკების სამსახურის წარმომადგენელმა გამოცემასთან განაცხადა, რომ პროექტი დააჩქარეს და განახლებული სათამაშო მოედანი დაგეგმილზე ადრე გახსნეს.
McKinley Park-ის სათამაშო მოედნის განახლება დაახლოებით 5 მილიონი დოლარის პროექტია. დიზაინზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2025 წლის მარტში დასრულდა.
"მაქსიმეს (8 წლის) ნიუ-იორკის მერმა ზოჰრან მამდანიმ აუსრულა თხოვნა, პარკი გაუხსნა და ასევე მიიწვია ახალი პარკის გახსნაზე. აგსრულებოდეს, ბებო, ყველა ოცნება წარმატებები!!!“

"ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს და მადლობა მათ, რომ ჩემი სჯეროდათ და ყოველთვის მამხნევებდნენ, რომ ჩემი აზრი გამომეთქვა. მინდა, სხვა ბავშვებმაც იცოდნენ, რომ მათ ხმასაც აქვს მნიშვნელობა“, - განაცხადა მაქსიმემ მერის ღონისძიებაზე.
და ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის არის, რომ 8 წლის ქართველი ბავშვის ხმას მართლაც მოუსმინეს.