ავტორი:

თურქი ვარსკვლავის მამამ შვილის ეკრანულ პარტნიორს უჩივლა - რა აღმოაჩინა მან 17 წლის ქალიშვილის WhatsApp-ში

თურქი ვარსკვლავის მამამ შვილის ეკრანულ პარტნიორს უჩივლა - რა აღმოაჩინა მან 17 წლის ქალიშვილის WhatsApp-ში

თურქული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და პოპულარული მსახიობი, 17 წლის ულქუ ჰილალ ჩიფთჩი, ამჯერად ეკრანზე შესრულებული როლით კი არა, პირადი ცხოვრების გარშემო ატეხილი სკანდალით აღმოჩნდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მსახიობი, რომელიც ბავშვობიდან მონაწილეობს ცნობილ თურქულ სერიალებში და ბოლო წლებში განსაკუთრებით "İnci Taneleri“-სა და "Yeraltı“-ს პროექტებით გახდა ცნობილი, მოულოდნელად ოჯახური სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა.

საქმე იმდენად გამწვავდა, რომ ულქუს მამამ, უნალ ჩიფთჩიმ, ქალიშვილისა და მისი 27 წლის კოლეგის, ჰაქან ჩელებიას, შესახებ პროკურატურას მიმართა. მამის მტკიცებით, მან ქალიშვილის WhatsApp-ის მიმოწერაში ისეთი დეტალები ნახა, რომლებმაც მსახიობებს შორის რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ეჭვი გაუჩინა. ამასთან, ის ამტკიცებდა, რომ არასრულწლოვანი ქალიშვილი მისი თანხმობის გარეშე მონაწილეობდა პროექტებში.

თუმცა ამბის მეორე მხარეს სრულიად განსხვავებული ვერსია აქვს. ულქუ ჰილალ ჩიფთჩი ამბობს, რომ ჰაქან ჩელები მისი მხოლოდ ახლო მეგობარია, მათ შორის რომანტიკული ურთიერთობა არ არსებობს, ხოლო მისი პროფესიული საქმიანობა მშობლების თანხმობით მიმდინარეობდა. მსახიობი მამის საჩივარს მშობლებს შორის მიმდინარე განქორწინების პროცესსაც უკავშირებს.

ვინ არის ულქუ ჰილალ ჩიფთჩი - გოგონა, რომელმაც მსახიობობა 4 წლის ასაკში დაიწყო

ულქუ ჰილალ ჩიფთჩი თურქეთში უკვე წლებია ცნობილია როგორც ბავშვობიდან ეკრანზე გამოჩენილი მსახიობი. 2009 წლის 11 იანვარს ზონგულდაქის პროვინციის დევრექში დაბადებულმა მსახიობმა კარიერა დაახლოებით 4 წლის ასაკში, სარეკლამო რგოლებით დაიწყო. მოგვიანებით ის თურქული ტელესერიალების არაერთ ცნობილ პროექტში გამოჩნდა.

მის კარიერაში განსაკუთრებით აღსანიშნავია "Elif“, სადაც მელექის როლი შეასრულა, "Karadayı“, "Kırgın Çiçekler“, "O Hayat Benim“, "Tozkoparan İskender“, "Dönence“ და სხვა პროექტები. 2024 წელს მან ფართო აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო სერიალ "İnci Taneleri“-ში აიჩას როლით, ხოლო 2026 წელს NOW TV-ის "Yeraltı“-ში მელექ ასლანის პერსონაჟს ასრულებს.

სწორედ "Yeraltı“-ს გადასაღებ მოედანზე გაიცნო მან მსახიობი ჰაქან ჩელები, რომლის სახელიც მოგვიანებით ამ სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა.

მამამ ქალიშვილის WhatsApp-ის მიმოწერა ნახა

2026 წლის 5 აგვისტოს თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ულქუს მამამ, უნალ ჩიფთჩიმ, სტამბოლის ანადოლუს რესპუბლიკურ პროკურატურას მიმართა. მამის თქმით, მისი 17 წლის ქალიშვილი OnTalent-ის მენეჯერული კომპანიის საშუალებით მსახიობად მუშაობდა, თუმცა ის ამტკიცებდა, რომ არასრულწლოვანი ულქუს მუშაობაზე მისი, როგორც მამის, თანხმობა არ მიუცია.

მაგრამ საჩივრის ყველაზე ხმაურიანი ნაწილი სწორედ WhatsApp-ს უკავშირდებოდა.

უნალ ჩიფთჩიმ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ ქალიშვილის WhatsApp-ის მიმოწერა ნახა და იქ, მისი მტკიცებით, აღმოაჩინა ინფორმაცია, რომელიც მას აფიქრებინებდა, რომ ულქუს მის თანატოლზე კი არა, მასზე დაახლოებით 10 წლით უფროს მსახიობთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა.

მისი თქმით, საუბარი ეხებოდა "Yeraltı“-ს მსახიობ ჰაქან ჩელებიას, რომელიც იმ პერიოდში 27 წლის იყო.

მამა ამბობდა, რომ ამ გარემოებამ შეაშფოთა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა როგორც ჰაქან ჩელებიას, ისე მენეჯერული კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი გზით მოქმედება.

მამა ამტკიცებდა, რომ ულქუსა და ჰაქან ჩელებიას შორის ურთიერთობა არსებობდა და რომ მსახიობი, რომელიც მასზე დაახლოებით ათი წლით უფროსია, არასრულწლოვან ქალიშვილთან რომანტიკული ურთიერთობაში იყო.

  • საჩივარში ასევე ფიგურირებდა OnTalent-ის მენეჯერი გიოზდე ილმაზი. მამა აცხადებდა, რომ კომპანიისგან ქალიშვილის სამუშაოზე მისი თანხმობა არ მიუღიათ.

მამის საჩივრიდან მალევე თურქულმა მედიამ გაარკვია, რომ ოჯახში მანამდეც სერიოზული კრიზისი არსებობდა. ულქუს დედას, ქადერ ჩიფთჩის, ქმრისთვის განქორწინების სარჩელი დაახლოებით ორი თვით ადრე ჰქონდა შეტანილი - 19 ივნისს.

მედიის ცნობით, განქორწინების საქმეში დედა ქმრის ღალატზე საუბრობდა და სასამართლოს სთხოვდა გარკვეული აუდიოჩანაწერებისა და სატელეფონო/მესიჯების მონაცემების შესწავლას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეხებოდა თავად ულქუს შემოსავალს.

დედის მიერ განქორწინების საქმეში წარმოდგენილი ვერსიით, ულქუს მსახიობობიდან მიღებული შემოსავლების ანგარიშებზე კონტროლი მამას ჰქონდა და დედა ამტკიცებდა, რომ ამ თანხებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობდა. ასევე მოთხოვნილი იყო შვილების მეურვეობის საკითხის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა.

საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი 23-24 აგვისტოს გავრცელდა, როდესაც თურქულმა მედიამ პროკურატურაში ულქუს მიერ მიცემული ჩვენების დეტალები გამოაქვეყნა.

17 წლის მსახიობმა მამის თითქმის ყველა ძირითადი ბრალდება უარყო.

მისი თქმით, ის დაახლოებით 12 წელია მსახიობობს და პროექტებში მუშაობა დედისა და მამის თანხმობის გარეშე არ ხდებოდა. ულქუმ პირდაპირ უარყო მამის განცხადება, თითქოს მას 27 წლის მსახიობთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა.

პროკურატურის გადაწყვეტილება

23 აგვისტოს ანადოლუს რესპუბლიკურმა პროკურატურამ მამის საჩივართან დაკავშირებით დაწყებული საქმე შეწყვიტა. გამოძიებამ ვერ გამოავლინა საკმარისი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმის გასაგრძელებლად. არასრულწლოვანის მუშაობის საკითხიც სისხლის სამართლის დანაშაულად არ შეფასდა.