დავით ნატროშვილის შესახებ ბოლო წლებში საერთაშორისო მედია ძირითადად მისი ბიზნეს წარმატების გამო წერს. ქართველი მეწარმე SPRIBE-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია - კომპანიის, რომლის შექმნილმა თამაშმა "Aviator“-მა გლობალურ iGaming ბაზარზე განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა.
ნატროშვილის ქონების ზუსტი ოდენობა საჯაროდ დადასტურებული არ არის, თუმცა უცხოური წყაროები მას ასობით მილიონი დოლარის ქონების მქონე ბიზნესმენად განიხილავენ. აი, მისი პირადი ცხოვრება კი ნაკლებად საჯაროა.

ცნობილია, რომ დავით ნატროშვილი მეუღლესთან, ნინა ჭუმბურიძესთან და ვაჟთან, ალექს ნატროშვილთან ერთად მონაკოში ცხოვრობს.
დავით ნატროშვილის მეუღლის, ნინა ჭუმბურიძის, შესახებ საჯარო სივრცეში ბევრი ინფორმაცია არ იძებნება. მისი პროფესიული საქმიანობისა და კარიერის შესახებ ვრცელი ბიოგრაფიული ცნობები უცხოურ მედიაში არ გამოქვეყნებულა და ის ძირითადად ნატროშვილის მეუღლის სტატუსით ჩნდება.
თუმცა ნინა მეუღლესთან ერთად მნიშვნელოვან საქველმოქმედო საქმიანობაში მონაწილეობს.
2025 წელს დავით ნატროშვილი და ნინა ჭუმბურიძე აშშ-ში, Kutztown University of Pennsylvania-ში, დაბრუნდნენ, სადაც მათ უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შემოწირულება გაიღეს. თანხით შეიქმნა Small Business Development Suite, რომელსაც დავით ნატროშვილის სახელი მიენიჭა.
უნივერსიტეტის ოფიციალურ მასალაში ეს შემოწირულობა პირდაპირ არის მოხსენიებული, როგორც "David and Nina's gift“.
ნატროშვილისთვის უნივერსიტეტთან კავშირი განსაკუთრებულია. სწორედ Kutztown University-ში მიიღო მან MBA და წლების შემდეგ იქ უკვე სრულიად სხვა სტატუსით დაბრუნდა - წარმატებულ ბიზნესმენად და დონორად.
როგორც თავად ნატროშვილი იხსენებდა, ახალგაზრდობაში საქართველოში მცხოვრებმა სტუდენტმა უნივერსიტეტისგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო. წლების შემდეგ კი გადაწყვიტა, შესაძლებლობა სხვა სტუდენტებისთვისაც შეექმნა.
ოჯახი მონაკოში
დავით ნატროშვილის ამჟამინდელ საცხოვრებლად უცხოურ წყაროებში მონაკოა მითითებული. საერთაშორისო პროფილებში აღნიშნულია, რომ ის მონაკოში ცხოვრობს მეუღლესთან, ნინა ჭუმბურიძესთან და შვილთან ერთად.
მონაკოში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ექსკლუზიური საცხოვრებელი ადგილია, სადაც განსაკუთრებით ბევრი მაღალი ქონების მქონე ადამიანი ცხოვრობს.
ნატროშვილის ცხოვრების სტილის შესახებ საჯარო ინფორმაცია არც ისე ბევრია. ის არ მიეკუთვნება იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ყოველდღიურად ძვირადღირებულ მანქანებს, იახტებსა და პირადი ცხოვრების დეტალებს სოციალურ ქსელებში აჩვენებენ. თუმცა გამონაკლისი აღმოჩნდა საათების კოლექცია, რომლის შესახებ ambebi.ge ცოტა ხნის წინ წერდა.
გრანდიოზული დაბადების დღე მონტე-კარლოში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საჯარო ეპიზოდი დავით ნატროშვილის დაბადების დღის აღნიშვნას უკავშირდება.
ნატროშვილმა მონტე-კარლოში რამდენიმედღიანი ღონისძიება გამართა, რომელსაც 120-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ როგორც საერთაშორისო ბიზნესისა და iGaming ინდუსტრიის წარმომადგენლები, ისე ცნობილი სპორტსმენები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ UFC-ის ცნობილი მებრძოლები, მათ შორის ალექს პერეირა, მერაბ დვალიშვილი და ჯონი უოკერი.

iGaming-ის სფეროს ცნობილი წარმომადგენელი Pierre Lindh ღონისძიებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ნატროშვილის დაბადების დღე ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ წვეულებად აღწერა.

განსაკუთრებული იყო ქართული საღამოც - ღონისძიების ერთ-ერთი ნაწილი ქართულ თემატიკას დაეთმო, სტუმრებისთვის ქართული მუსიკა და პროგრამა მოეწყო.


დავით ნატროშვილისა და ნინა ჭუმბურიძის ვაჟია ალექს ნატროშვილი.
ის მონაკოში ცხოვრობს, სოციალურ ქსელებში აქტიურია და სამოყვარულო კრივით არის დაკავებული.
ნატროშვილების ოჯახის ფუფუნებაზე წარმოდგენას კიდევ ერთი დეტალი ქმნის - 16 წლის ალექს ნატროშვილის ავტომობილების კოლექცია. მონაკოში მცხოვრებმა ახალგაზრდა მოკრივემ YouTube-ის ვიდეოში რამდენიმე ძვირადღირებული ავტომობილი დაათვალიერებინა, მათ შორის Bugatti Chiron Super Sport, Koenigsegg Jesko Attack და მოდიფიცირებული Ferrari Purosangue.
გამოცემა NEWS.MC-ის ინფორმაციით, ვიდეოში ასევე საუბარია ოჯახის მიერ შეკვეთილ რამდენიმე Bugatti Tourbillon-ზე, კოლექციაში არსებულ Pagani Huayra BC-სა და სხვა ჰიპერქარებზე, რომლებიც მონაკოსა და დუბაის შორის არის განთავსებული. ზოგიერთი ავტომობილი სპეციალურად ოჯახის მოთხოვნებით, ინდივიდუალური სპეციფიკაციითაა შექმნილი.

YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს საკმაოდ ხმაურიანი სათაური აქვს - "16 year old Billionaire Kid in Monaco $100,000,000 Secret Car Garage!!!“.
ვიდეოში ალექსი თავად საუბრობს ავტომობილებისადმი საკუთარ ინტერესზე და ოჯახის ახალი ავტომობილების შერჩევის პროცესშიც მონაწილეობს.
წაიკითხეთ ასევე: