ავტორი:

უიშვიათესი დიაგნოზი და 10-საათიანი ოპერაციის დროს ამოჭრილი 9 ორგანო - 42 წლის კლერის გამაოგენებელი ისტორია: ის გადარჩა და დღეს სხვების დახმარებას ცდილობს

უიშვიათესი დიაგნოზი და 10-საათიანი ოპერაციის დროს ამოჭრილი 9 ორგანო - 42 წლის კლერის გამაოგენებელი ისტორია: ის გადარჩა და დღეს სხვების დახმარებას ცდილობს

ოქსფორდშირელი ორი შვილის დედა, 42 წლის კლერ გერინგი ექიმთან მუცლის მარჯვენა მხარეს ძლიერი ტკივილის გამო მივიდა. თავდაპირველად სპეციალისტები ეჭვობდნენ, რომ პრობლემა ენდომეტრიოზთან იყო დაკავშირებული.

შემდგომმა კვლევებმა, მათ შორის კოლონოსკოპიამ, აჩვენა, რომ მისი აპენდიქსი ამოტრიალებული იყო. დამატებითმა გამოკვლევებმა კი ორგანოზე ავთვისებიანი ქსოვილის არსებობა დაადასტურა.

კლერს საბოლოოდ მეოთხე სტადიის პსევდომიქსომა პერიტონეი (PMP) დაუდგინდა - უკიდურესად იშვიათი სიმსივნური დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად აპენდიქსში წარმოქმნილი სიმსივნისგან იწყება.

  • რა არის პსევდომიქსომა პერიტონეი?

PMP-ს ზოგჯერ "ჟელესებრ მუცელსაც“ უწოდებენ. დაავადების დროს სიმსივნური უჯრედები წარმოქმნიან ლორწოს მსგავს ნივთიერებას - მუცინს, რომელიც მუცლის ღრუში ვრცელდება და სხვადასხვა ორგანოს გარშემო გროვდება.

დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის შებერილობა, შეშუპება, ტკივილი და მუცლის მოცულობის შესამჩნევი გაზრდა.

კლერის შემთხვევაშიც მუცელი იმდენად გაებერა, რომ, მისი თქმით, "ოთხი თვის ორსულს“ ჰგავდა.

"ვიფიქრე, რომ უბრალოდ 40 წლის გავხდი და ასაკის მატებასთან დაკავშირებული მუცელი გამიჩნდა“, - იხსენებს ქალი.

ამასთანავე, მას კიბოსთვის დამახასიათებელი წონის კლება არ ჰქონია, რამაც შესაძლოა დაავადების აღმოჩენა კიდევ უფრო გაართულა.

PMP იმდენად იშვიათია, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 3-4 შემთხვევა ფიქსირდება მილიონ ადამიანზე.

  • 10-საათიანი ოპერაცია - ცხრა ორგანოს ამოღება

დიაგნოზის შემდეგ კლერი სპეციალიზებულ კლინიკაში, Basingstoke and North Hampshire Hospital-ში გადაამისამართეს. ეს გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან საავადმყოფოებს შორის, რომლებიც PMP-ის მკურნალობაზე სპეციალიზდებიან.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აპენდიქსში არსებული სიმსივნე უკვე გახეთქილი იყო და ავთვისებიანი ქსოვილი მუცლის ღრუს სხვადასხვა ნაწილში გავრცელებულიყო.

ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ დაავადებისგან ორგანიზმის მაქსიმალურად გასაწმენდად უკიდურესად მასშტაბური ოპერაცია იყო საჭირო, რამაც დაახლოებით 10 საათი გასტანა.

ექიმებს ქალისთვის სრულად უნდა ამოეღოთ:

  • აპენდიქსი;
  • საკვერცხეები;
  • საშვილოსნოს მილები;
  • ნაღვლის ბუშტი;
  • ელენთა;
  • საშვილოსნო;
  • საშვილოსნოს ყელი;
  • დიდი ბადექონი;
  • მუცლის ღრუს პერიტონეუმის გარსი.

ასევე ამოიღეს ჭიპი და ღვიძლისა და ნაწლავის ნაწილი. ქირურგებს დიაფრაგმიდან და შარდის ბუშტიდან სიმსივნური უჯრედების მოცილებაც დასჭირდათ.

  • ერთი წლის შემდეგ - დაავადების კვალი აღარ ჩანს

ოპერაციიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ კლერს ორგანიზმში დაავადების "არანაირი კვალი“ აღარ აქვს.

თუმცა ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა - ექიმები მას მომდევნო 20 წლის განმავლობაში რეგულარულად დააკვირდებიან, რათა დაავადების შესაძლო დაბრუნება დროულად გამოავლინონ.

ქალს ოპერაციის შემდეგ გართულებებიც ჰქონდა. ცოტა ხნის წინ ნაწლავის გაუვალობის გამო მან საავადმყოფოში 10 დღე გაატარა.

მიუხედავად ყველაფრისა, კლერი ამბობს, რომ ოპერაცია "მცირე ფასია“ სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.

"ძველ საკუთარ თავს ვეღარასდროს დაუბრუნდები. უბრალოდ, ახალს ეჩვევი", - ამბობს ის.

საკუთარი გამოცდილების შემდეგ კლერმა გადაწყვიტა, დახმარება გაუწიოს ადამიანებს, რომლებიც იმავე იშვიათ დაავადებას ებრძვიან.

მან თანხა შეაგროვა ორგანიზაცია Pseudomyxoma Survivor-ისთვის, რომელმაც მას დიაგნოზის მიღების შემდეგ მხარდაჭერა გაუწია.საქველმოქმედო ღონისძიებებით ქალმა უკვე 16 002 ფუნტი შეაგროვა.

"როდესაც ჩემი ცხოვრება გაურკვეველი და მარტოობის განცდით იყო სავსე, სწორედ ეს ორგანიზაცია დამეხმარა. ახლა მინდა, ეს მხარდაჭერა სხვებსაც დავუბრუნო“, - ამბობს კლერი.

წყარო