ავტორი:

“ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს...“ - რას წერს ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა

“ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს...“ - რას წერს ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა

ვერაზე მოკლული მოზარდის, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა აბიტურიენტების სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩარიცხვასთან დაკავშირებით “ფეისბუქზე“ წერს და აღნიშნავს, რომ დღეს ნიკოლოზს მის მშობლებთან ერთად უნდა ეზეიმა უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა.

“ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს... დე მიყვარხარ ჩემო ცხოვრება,“ - წერს თათია ჩირგაძე და ვიდეოს აქვეყნებს.

  • ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი - 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამასთან, დედა კაპანაძის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს. რაც შეეხება მომხდარს, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა.

არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა. "ალფა რომეოს" მარკის ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.