ავტორი:

ჩინეთი აშშ-ის მიერ, ირანთან ვაჭრობის გამო სანქციების დაწესების მუქარას გმობს და აცხადებს რომ საკუთარ ინტერესებს დაიცავს

ჩინეთი აშშ-ის მიერ, ირანთან ვაჭრობის გამო სანქციების დაწესების მუქარას გმობს და აცხადებს რომ საკუთარ ინტერესებს დაიცავს

ჩინეთმა დაგმო აშშ-ის მუქარა, რომელიც სხვა ქვეყნებსაც ეხება. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნები, რომლებიც აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, ირანთან სავაჭრო ურთიერთობებს შეინარჩუნებენ, მათაც ემუქრებათ სანქციები ამერიკის მხრიდან.

პეკინმა აღნიშნული ზომები უკანონოდ შეაფასა და გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ ეროვნული ინტერესების დასაცავად “ყველა საჭირო ზომას“ მიიღებს.

თავიდანვე მოსალოდნელი იყო, რომ პეკინი უარყოფდა აშშ - ის მუქარას მეორადი სანქციების დაწესების შესახებ ნებისმიერი ქვეყნისა თუ უწყებისთვის, რომელიც თეირანთან ვაჭრობას გააგრძელებდა. ჩინეთი ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 80%-ს ყიდულობს და იგი აქამდეც ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის მცდელობებს, შეეზღუდა თეირანის რეჟიმის შემოსავლები.

პეკინის ეს მკვეთრი პოზიცია მნიშვნელოვან კითხვას აჩენს, რამდენად შორს არის წასასვლელად მზად ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთთან და მის ფინანსურ სისტემასთან დაპირისპირებაში, ირანის იზოლაციაში მოქცევის მიზნით.

გასულ ორშაბათს, სანქციების მუქარის გაჟღერებისას, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა, ირანთან სავარაუდო სავაჭრო კავშირების გამო სანქციების ის პირველი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც 60 ფიზიკურ პირს, ორგანიზაციასა და გემს შეეხო. თუმცა, სიაში ვერ მოხვდა ჩინური ფინანსური ინსტიტუტები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ირანული ნავთობით ვაჭრობაში მონაწილეობენ. ეს გამონაკლისი თავისთავად უკვე მიუთითებს აშშ-ს ფრთხილ პოზიციაზე, განსაკუთრებით მომავალ თვეს დაგეგმილ დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის სამიტის წინ.

როგორც ფინანსური და სავაჭრო სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, ტრამპის ადმინისტრაცია კარგად აცნობიერებს ჩინეთის მხრიდან საპასუხო ზომების რისკს. შეერთებულ შტატებს პეკინმა შესაძლოა პასუხი ფინანსური ბაზრების მეშვეობით ან კრიტიკული სასარგებლო წიაღისეულის ექსპორტის შეზღუდვით გასცეს.

როგორც სამშაბათს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ჯიანმა, ჟურნალისტებს განუცხადა “ჩინეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა ყოველთვის საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში ხორციელდებოდა და მასში ჩარევა ან მისი ჩაშლა დაუშვებელია. ჩინეთმა უკვე მრავალჯერ განაცხადა, რომ მკაცრად ეწინააღმდეგება უკანონო ცალმხრივ სანქციებს. ჩინეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას საკუთარი უფლებებისა და ინტერესების მტკიცედ დასაცავად“.

  • ირანი ომისა და აშშ-ის ბლოკადის გამო ეკონომიკურად უკვე გაპარტახებულია, თუმცა ბესენტის მხრიდან სრული იზოლაციის მუქარას თეირანი კვლავ უშიშრად ხვდება.

ეკონომიკის მინისტრმა, ალი მადანიზადემ, სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა: “ჩვენი თავდაცვა აღარ არის მხოლოდ თავდაცვითი; მტრები თავდასხმას უნდა ელოდნენ“.

გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს, ჰორმუზის სრუტის შესასვლელთან, ნავთობტანკერს დაუდგენელი ჭურვი მოხვდა. ორშაბათს ამ ვიწრო საზღვაო გზის გავლით ტრანზიტი მხოლოდ ორმა კომერციულმა გემმა შეძლო.

ოპერაცია “ეკონომიკური განდევნილის“ გამოცხადება მიუთითებს, რომ ირანთან კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ეს ასევე მოწმობს იმასაც, რომ ექვსთვიანი ომის შემდეგ, რომელმაც ირანის კაპიტულაცია ვერ მოიტანა, ტრამპის ადმინისტრაციაში აქცენტი სამხედრო ძალის გამოყენებიდან ეკონომიკური ზომების გამოყენებისკენ იხრება.

გარდა ამისა ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვა და ამის შედეგად ნავთობის ფასებისა და გლობალური ეკონომიკის რყევა, დონალდ ტრამპისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკს წარმოადგენს, განსაკუთრებით ნოემბერში დაგეგმილი კონგრესის არჩევნების წინ.

წყარო