21 წლის დავით მშვენიერაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მესამე კურსის სტუდენტი და ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტია. ამასთან, მრავალფეროვანი ინტერესები და მასშტაბური მიზნები აქვს.
- დავით, საქართველოს ტბების გადაცურვა უჩვეულო და ამბიციური მიზანია. მსგავსი პრეცედენტი ან სურვილი თუ ჰქონია ვინმეს თქვენამდე?
- არსებობს სპორტის ასეთი სახეობა - ღია წყალში ცურვა, რაც გულისხმობს ბუნებრივ წყალსატევებში ცურვას. თუმცა, ჯერჯერობით არავის გაუკეთებია ის, რისი საბოლოო მიზანიც მაქვს - ფარავნის ტბის გადაცურვა. ეს საქართველოს ყველაზე დიდი ტბაა და პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც ამას შეძლებს. რა თქმა უნდა, არსებობენ გაცილებით უკეთესი მოცურავეები, რომლებიც ბევრად დიდ მანძილებს ფარავენ, თუმცა მე ვიქნები პირველი, ვინც ამ სურვილს აისრულებს და საქართველოს ყველაზე დიდ ტბას გადაცურავს.

ეს სურვილი ბავშვობიდან მოდის. ფარავნის ტბა პირველად რომ ვნახე, აღვფრთოვანდი, რადგან ძალიან დიდი და მიუწვდომელი ჩანდა. მას შემდეგ გულში მქონდა ჩარჩენილი ეს აზრი და ვგრძნობდი, რომ ამ ადგილთან რაღაც განსაკუთრებული განწყობა მაკავშირებდა. ბავშვობაში რამდენიმე წელი წყალბურთზე დავდიოდი, რამდენიმე თვის წინ კი კვლავ დავიწყე ცურვა და მივხვდი, რომ ამ სპორტში სიმშვიდეს ვპოულობდი. ამიტომაც დავაკავშირე ერთმანეთთან ბავშვობის ოცნება და დღევანდელი გატაცება.
- რა გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებით და რა ნაბიჯები გადადგით იმისთვის, რომ ამ დიდი სურვილისა თუ ოცნების ახდენას შეეჭიდოთ?
- ჯერ კიდევ აუზში ცურვისას მივხვდი, რომ დიდ მანძილზე ცურვა გამძლეობის სპორტია. ზოგადად, გამძლეობის სპორტს ეძახიან ისეთ სახეობებს, როგორებიცაა ცურვა, სირბილი და ველოსპორტი. ეს ძალიან მომწონს, რადგან ის ეხება არა იმას, თუ რამდენად სწრაფი ხარ, არამედ იმას, თუ რამდენის გაძლება შეგიძლია. მეტად ფსიქოლოგიური მომენტია, ვიდრე ფიზიკური.
როცა მივხვდი, რომ როგორც სირბილში, ისე ცურვაში ამ მხრივ წინ მივდიოდი, გავიაზრე, რომ მეტის გაკეთება შემეძლო. მანძილს ნელ-ნელა ვზრდიდი და უკვე ოთხი ტბა გადავცურე: ლისი, ბაზალეთი, კუმისი და ორი დღის წინ - სიონის წყალსაცავი.

- გაუთვალისწინებელი წინააღმდეგობები თუ იყო ცურვისას? სიონი, როგორც ვიცი, საკმაოდ ღრმა და ცოტა იდუმალი ტბაა...
- თან იმაზე გრძელი გამოვიდა, ვიდრე ველოდი... შეიქმნა გარკვეული ბარიერებიც. გაუთვალისწინებელი ის იყო, რომ რუკაზე როცა დავხედე, მეგონა, ცურვას სხვაგან დავასრულებდი. ადგილზე აღმოვაჩინე, რომ წყალსაცავი უფრო შორს გრძელდებოდა და ამიტომ 3 კილომეტრით მეტი ვიცურე.
საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ, ყველაზე გრძელი მანძილი დავფარო - ანუ ტბის სიგრძეზე, ყველაზე დაშორებულ წერტილებს შორის ვიცურო. მოდი, თანმიმდევრობით მივყვეთ:

სიონის გარდა, თითქმის ყველგან პრობლემაა ნაპირზე ამოსვლა, რადგან ტბების გარშემო ბევრი წყალმცენარეა. მაგალითად, კუმისზე ბოლომდე რომ მივედი, ამოსასვლელი არსად იყო და მომიწია, კილომეტრ-ნახევარი უკან მეცურა. თუ გვინდა, რომ ეს სპორტი პოპულარული გახდეს, ტბის ორივე მხარეს მცირე ჩასასვლელ-ამოსასვლელები მაინც უნდა მოეწყოს.
ასეთი ცურვისას აუცილებლად უნდა გყავდეთ დამზღვევი - ვინმე, ვინც ნავით ან კატერით გამოგყვებათ. გარდა ამისა, ღია წყლის მოცურავეებს აქვთ სპეციალური ტივტივებიც.
- შესვენებები არის ხოლმე ცურვის პროცესში?
- დიახ, საათში ერთხელ ვიღებ კვების შესვენებას. არსებობს ენერგეტიკული ჟელეები, რომლებსაც უცებ ჩავყლაპავ და ცურვას ვაგრძელებ. ჟელეებს ნავიდან მაწვდიან მეგობრები, რომლებიც გვერდით მომყვებიან.

- რა რესურსი სჭირდება ადამიანს, რომ ამ ყველაფერს გაუძლოს?
- ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მზადყოფნაა - კომფორტულად უნდა გრძნობდე თავს იმასთან, რომ დიდხანს ხარ მარტო საკუთარ თავთან. ცურვისას ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რაც უნდა სხვებთან ერთად იცურო, წყალში მაინც მარტო ხარ.
რაც შეეხება გამოცდილებას: პროფესიონალი მოცურავე არასდროს ვყოფილვარ. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ხანდახან ცურავდა. წყალბურთზე უბრალოდ ვისწავლე, როგორ ვიყო წყალში კომფორტულად და როგორ გავჩერდე ზედაპირზე. მწვრთნელიც კი არ მყოლია, ჩემით მოვინდომე და ახლა ამას ვაკეთებ. ფარავნის ტბის გადაცურვა კი იქნება ერთი სრული, შემდგარი პროექტი.

- სანამ საცურაო ტერიტორიაზე შეხვალთ, თუ ხდება ადგილის წინასწარი შესწავლა?
- კი, ერთის მხრივ, რუკების შესწავლა ხდება, ხოლო მეორეს მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გვყავს პროფესორები, რომლებიც ამ ტბებსა და მათ ეკოსისტემებს იკვლევენ. მათთან მქონდა გავლილი კონსულტაციები.
- ფარავნის ტბამდე კიდევ რომელი ტბების გადაცურვას გეგმავთ?
- პალიასტომი, თბილისის ზღვა, წალკის წყალსაცავი და ტაბაწყური. ტაბაწყურის შემდეგ კი იქნება ფარავანი. (მიუხედავად იმისა, რომ წალკის წყალსაცავზე ცოტა ხნის წინ მოწამვლის რისკი იყო და კარანტინიც გამოცხადდა, გეგმა ძალაში რჩება).
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F1520170842655187%2F&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>
- სპეციალური დამცავი კოსტიუმს არ იცვამთ?
- სამწუხაროდ, არ მაქვს სპეციალური კოსტიუმი, თუმცა ბოლო ეტაპზე ეს აუცილებლად გახდება საჭირო. სტუდენტი ვარ, ეს ეკიპირება კი საკმაოდ ძვირი ღირს. იმედი მაქვს, გამოჩნდება სპონსორი, ვინც დაინტერესდება და მხარში დამიდგება.

- როდის აპირებთ ფარავნის ტბის გადაცურვას?
- სექტემბრის 19-20 რიცხვებში იგეგმება. ამ სეზონზე უნდა მოვასწრო, რადგან შემდეგ ტემპერატურა მკვეთრად იკლებს.
- ცნობილი იურისტისა და უფლებადამცველის, გიორგი მშვენიერაძის შვილი ხართ. მშობლები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?
- წლების წინ, როდესაც პირველად ვნახე ფარავნის ტბა, მამაჩემთან ერთად ვიყავი. დღეს ისინი ყველაფერში ჩემ გვერდით არიან. რა თქმა უნდა, ნერვიულობენ, თუმცა თავიანთ ზრუნვას ხელის შეშლაში კი არ დებენ, არამედ იმაში, რომ ჩემი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, რადგან იციან - ამას მაინც გავაკეთებ.
მამაჩემს ცურვა მაინცდამაინც არ უყვარს. ყოველი გადაცურვის წინ და შემდეგ მირეკავს, კითხულობს, როგორ ჩაიარა და რჩევებსაც მაძლევს, რადგან ადრე სათევზაოდ დადიოდა სხვადასხვა ტბაზე და კარგად იცის ადგილობრივი რელიეფი. ამის გარდა, რადგან აქტიურად ვარ ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში, ნერვიულობის მიზეზი იმ მხრივაც აქვთ ხოლმე (ერთხელ, გზის გადაკეტვის გამო, 5 დღით ვიყავი დაკავებული).
- სხვა რა ინტერესები გაქვთ?
- მიყვარს კალათბურთი და მალე კლდეზე ცოცვასაც დავიწყებ. პირველი ორი წელი ილიაუნიში კინომცოდნეობაზე ვსწავლობდი, შემდეგ გადავედი პოლიტიკის მეცნიერებაზე. ძალიან მაინტერესებს სტრატეგიული კომუნიკაციები და თემის ორგანიზება. ასევე, ვიყავი ერთ-ერთი ორგანიზატორი დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო მარშისა...
ეს სპორტული გამოწვევები ჩემი "გვერდითი დავალებებია“, ხოლო "მთავარი დავალება“ ქვეყნის სამსახურში ყოფნაა - იქნება ეს პოლიტიკა, სამოქალაქო აქტივიზმი თუ ქველმოქმედება.