ჩინეთში ცნობილ ხელოვანს, რომელიც მაო ძედუნგის სატირული ქანდაკებებით არის პოპულარული, “ჩინეთის გმირების ცილისწამებისთვის“ მაქსიმალური სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხებეის პროვინციის სასამართლომ დაადგინა, რომ არტისტის ნამუშევრები “ლახავს გმირის რეპუტაციას და ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ინტერესებს“. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და გაერო მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
საუბარია 70 წლის ხელოვან გაო ჟენზე, რომელიც ნამუშევრებს თავის ძმასთან, გაო ციანგთან ერთად ქმნიდა და რომლებმაც სახელი ჯერ კიდევ 1990-იან და 2000-იან წლებში გაითქვეს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სკანდალური სკულპტურაა “ქრისტეს სიკვდილით დასჯაა“, რომელიც 2009 წელს გამოიფინა და ასახავს მაოს მსგავსი ფიგურების ჯგუფს, რომლებსაც იესო ქრისტე იარაღის სამიზნეში ჰყავთ აყვანილი.

საქმეში ფიგურირებს კიდევ ორი ცნობილი სკულპტურა:
გაო ჟენი აშშ-ში 2022 წელს გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა 2024 წლის აგვისტოში, ჩინეთში სტუმრობისას, პეკინის გარეუბანში მდებარე საკუთარ სახელოსნოში დააკავეს. ხელისუფლებამ მისი ნამუშევრები ჩამოართვა, ხოლო მის მეუღლესა და 7 წლის ვაჟს ქვეყნის დატოვება აუკრძალა.
გაოს საქმე დახურულ კარს მიღმა, ერთდღიან სასამართლო პროცესზე განიხილეს, რომელსაც ჩინურ მედიაში ძალიან მცირე ყურადღება დაეთმო. ხელოვანი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. თუ განაჩენი ძალაში დარჩება, ის ციხიდან 2027 წლის აგვისტოში გამოვა, რადგან სასჯელში ჩაეთვლება ის დრო, რომელიც მან უკვე გაატარა პატიმრობაში.
არტისტი დააკავეს კანონით, რომელიც 2018 წლის მარტში შევიდა ძალაში და კრძალავს პარტიასთან ასოცირებული ისტორიული ფიგურების დეფამაციას. უფლებადამცველები და ჩინეთის დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ეს შემთხვევა აჩვენებს, თუ როგორ გამკაცრდა ცენზურა ქვეყანაში, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს წარსულში ჩადენილი ქმედებებისთვის სჯის.
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა ამ გადაწყვეტილებას მხატვრულ თავისუფლებაზე “თავდასხმა“ უწოდა.