ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟი ადამ კადიროვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტროს მედლით დააჯილდოვეს.
ეს ადამ კადიროვისთვის ბოლო პერიოდში მიღებული არაერთი ჯილდოდან კიდევ ერთია. 14 აგვისტოს ის ყურჩალოის რაიონის საპატიო მოქალაქედაც დაასახელეს. ჩეჩნეთის უშიშროების საბჭომ გადაწყვეტილება მისი "შრომისა და რაიონის მცხოვრებლების წინაშე დამსახურებით“ ახსნა, თუმცა კონკრეტულად რა საქმიანობას ან მიღწევებს გულისხმობდა, არ დაუკონკრეტებია.
ადამ კადიროვმა განსაკუთრებით ხშირად ჯილდოებისა და საპატიო ტიტულების მიღება 2023 წლის შემოდგომიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ის იზოლატორში ნიკიტა ჟურაველს სცემდა. თავად რამზან კადიროვი აცხადებდა, რომ მისი შვილის ყველა ჯილდოს კონკრეტული მიღწევები ჰქონდა საფუძვლად.
მისი ზოგიერთი დაჯილდოება უკვე არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მაგალითად, 2025 წლის 25 აგვისტოს ადამ კადიროვს "ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამცველის“ ჯილდო გადასცეს ტაქტიკურ სროლაში გამართულ ჩემპიონატზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად შეჯიბრებაში არ მონაწილეობდა. იმავე წლის მაისში მას მედალი უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერასთან დაკავშირებული საქმიანობისთვისაც გადასცეს.
კიდევ ერთი შემთხვევა 2026 წლის ზაფხულში მოხდა. ადამ კადიროვთან დაკავშირებულ სოციალურ ქსელის ანგარიშზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ის, სავარაუდოდ, საგზაო მოძრაობის რამდენიმე წესს არღვევდა - მოძრაობდა დაშვებულზე დაახლოებით 2,5-ჯერ მეტი სიჩქარით, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ხაზი და საჭესთან ტელეფონით სარგებლობდა. იურისტების შეფასებით, ჩანაწერი შესაძლოა ადმინისტრაციული საქმის საფუძველი გამხდარიყო, მათ შორის მართვის მოწმობის ჩამორთმევით.
რამდენიმე დღეში კი ადამ კადიროვმა საგზაო პოლიციისგან ჯილდო მიიღო.
ახლა მისი ჯილდოების სიას უკვე აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს "საბრძოლო თანამეგობრობისთვის“ ჯილდოც შეემატა.