მერაბ დვალიშვილმა საბრძოლო ოქტაგონზე დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ცხოვრების პარტნიორის პოვნა მისთვის გაცილებით რთული აღმოჩნდა.
"ახლა ცოლის ძებნისგან ცოტა ხნით ვისვენებ, რადგან მივხვდი, რომ იქ, სადაც ახლა ვარ, ლას-ვეგასში, ამ ეტაპზე ცოლის პოვნა ძალიან, ძალიან რთული იქნება“, - უთხრა დვალიშვილმა ჟურნალისტ არიელ ჰელვანს.
"შეიძლება საკმარის დროს არ ვუთმობ. უნდა წავიდე სადმე - შეიძლება აქ, ამ ქვეყანაში, ან თუნდაც ჩემს სამშობლოში - და ამისთვის ნამდვილად გამოვყო დრო, რომ კარგი ცოლი ვიპოვო. თან ძალიან დაკავებული ვარ“, - თქვა მან.
დვალიშვილმა პირველად საჯაროდ 2025 წელს განაცხადა, რომ დაქორწინება სურდა. მის გადაწყვეტილებაზე შესაძლოა გავლენა მოეხდინა მის ახლო მეგობარსა და ყოფილ თანაგუნდელ ალჯამეინ სტერლინგის ქორწინებას. სტერლინგი გასული წლის ოქტომბერში დაქორწინდა, რის შემდეგაც დვალიშვილმა საკუთარი პარტნიორის ძებნის პროცესზე სოციალურ ქსელებში დაიწყო საუბარი.

დროთა განმავლობაში ეს მისი სოციალური ქსელების ერთ-ერთ მუდმივ თემად იქცა. მერაბ დვალიშვილი პარტნიორის ძებნის პროცესში კონტენტკრეატორ ნინა-მარია დანიელესთანაც თანამშრომლობდა და ამბობდა, რომ ტრადიციული ღირებულებების მქონე მეუღლეს ეძებდა.
35 წლის დვალიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ცოლად ქართველი ქალის შერთვა სურს. ყოფილ UFC-ის მებრძოლ დემეტრიუს ჯონსონთან ინტერვიუში მან განმარტა, რატომ უჭირს ამერიკაში ქართველი ქალის პოვნა.
"ქართველო ქალებო, ნუ გაჰყვებით ამ ბიჭს ცოლად. მე გამომყევით. მე ყველა ქალი მიყვარს. ცოლზე ვსაუბრობ. შეყვარებული ნებისმიერი ქალი შეიძლება იყოს“.
დვალიშვილი ლას-ვეგასში 2024 წლის თებერვლიდან ცხოვრობს. მან ნიუ-იორკიდან იქ ვარჯიშზე უკეთესი კონცენტრაციისთვის გადაინაცვლა. ლას-ვეგასში მას უფრო ახლოს აქვს Syndicate MMA და UFC Performance Institute, რაც მას ვარჯიშის, კვებისა და აღდგენის მიმართულებით მეტ შესაძლებლობას აძლევს.
2024 წლის მარტში მერაბ დვალიშვილმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო.
ამ ეტაპზე კი, როგორც თავად ამბობს, ცოლის ძებნისგან შესვენებას იღებს.
"მანქანამ“ - როგორც დვალიშვილს UFC-ში უწოდებენ - UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოგებათა სერია შექმნა: მან ზედიზედ 14 ბრძოლა მოიგო, სანამ UFC 323-ზე პიოტრ იანთან რემატჩის შემდეგ ჩემპიონის ქამარს დაკარგავდა.
დვალიშვილმა ქამარი სამჯერ დაიცვა, მათ შორის ერთხელ უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ.
იანთან განმეორებით ბრძოლაში დვალიშვილი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ახლა მას და იანს ტრილოგიისთვის შეხვედრის შესაძლებლობა აქვთ - UFC 333-ზე, სადაც კვლავ სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონობის ქამარი იქნება გათამაშებული.