ავტორი:

აშშ-ში 163 დაკარგული ბავშვი გადაარჩინეს, ყველაზე პატარა 2 თვის ჩვილია - ტრეფიკინგი და ისტორიული სპეცოპერაცია, რომელშიც 12 ქვეყანა იყო ჩართული: ვის ელის სიკვდილით დასჯა?

აშშ-ში 163 დაკარგული ბავშვი გადაარჩინეს, ყველაზე პატარა 2 თვის ჩვილია - ტრეფიკინგი და ისტორიული სპეცოპერაცია, რომელშიც 12 ქვეყანა იყო ჩართული: ვის ელის სიკვდილით დასჯა?

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, უპრეცედენტო მასშტაბის საპოლიციო ღონისძიება დასრულდა. ოპერაცია “შტატის ფარის“ ფარგლებში, სამართალდამცველებმა 163 დაკარგული ბავშვის გადარჩენა შეძლეს. ფლორიდის გენერალურმა პროკურორმა, ჯეიმს უთმეიერმა საზოგადოებას ამ უმსხვილესი სპეცოპერაციის შედეგები უკვე გააცნო და აღნიშნა, რომ ნაპოვნი ბავშვების ასაკი 2 თვიდან 17 წლამდე მერყეობს. მისივე განცხადებით, ამ ბავშვების უმრავლესობა ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი იყო.

  • სპეცოპერაცია, რომელმაც 12 ქვეყანა მოიცვა

ხუთდღიან ინტენსიურ საგამოძიებო პროცესს ფლორიდის სამართალდამცავი დეპარტამენტი (FDLE) უძღვებოდა, ტრეფიკინგის საკითხებში სპეციალურ მრჩეველთან, რიტა პიტერსთან ერთად. ოპერაციის დაგეგმვისას უწყებამ გამოიყენა მანამდე არსებული ფედერალური საგამოძიებო სტრატეგიები, მათ შორის ცნობილი პროგრამები - “დრაკონის თვალი“ და “სახლში არდადეგებზე“.

გამოძიების მასშტაბები იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ოპერაციამ, ფლორიდის გარდა, აშშ-ის კიდევ 6 შტატი, პუერტო-რიკო და 12 უცხოური ქვეყანა მოიცვა, მათ შორის ბრაზილია, კანადა, კოლუმბია, დომინიკის რესპუბლიკა, ფინეთი, განა, გვატემალა, იტალია, იამაიკა, მექსიკა, ესპანეთი და ტაივანი.

ყველა ნაპოვნი ბავშვი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სპეციალურ ცენტრებში, სადაც მათთვის უზრუნველყოფილია სოციალური სერვისები, სამედიცინო დახმარება და ბავშვთა კეთილდღეობის მხარდაჭერა.

შტატის შიგნით კოორდინირებული ქვემისიები რამდენიმე რეგიონში ერთდროულად ჩატარდა. ყველაზე მეტი - 46 ბავშვი ტამპა ბეის (Tampa Bay) რეგიონში იპოვეს, რაც გადარჩენილთა მთლიანი რაოდენობის მეოთხედზე მეტს შეადგენს. დანარჩენი ბავშვები სხვა ქალაქებში გადაარჩინეს:

  • მაიამი - 41 ბავშვი;
  • ჯექსონვილი - 32 ბავშვი;
  • ორლანდო - 21 ბავშვი;
  • ფორტ მაიერსი -12 ბავშვი;
  • პენსაკოლა - 8 ბავშვი;
  • ტალაჰასი - 3 ბავშვი.

მიუხედავად წარმატებული შედეგისა, საქმეზე გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ იმ პირთა ვინაობის დასადგენად, რომლებიც ამ კრიმინალური ტრეფიკინგის ქსელებს მართავდნენ.

ამ ეტაპზე პოლიციამ 3 მამაკაცის დაკავება მოახერხა, თუმცა ბრალდებულთა რაოდენობის გაზრდას უახლოეს პერიოდში ელოდებიან. დაკავებულთა ვინაობა და ბრალდებები უკვე ცნობილია:

მაიკლ პრესკოტი დააკავა ჯექსონვილის შერიფის ოფისმა. მას ბრალად ედება არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების სამი ეპიზოდი, ფიზიკური ძალადობა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავდასხმა. გარდა ამისა, მასზე უკვე არსებობდა აქტიური ორდერი ბავშვის მეურვეობის ხელყოფის საქმეზე.

რობერტ ფერალ ელისონი დააკავეს ლის ოლქის შერიფის ოფისის თანამშრომლებმა. მას ბრალად ედება სექსუალური ხასიათის ძალადობა 12-დან 16 წლამდე ასაკის მსხვერპლზე.

ჯეიდენ ალენ ჰარვუდს ბრალად ედება ბავშვის მეურვეობის ხელყოფა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალადობის გარეშე.

შტატის გენერალურმა პროკურორმა, ჯეიმს უთმეიერმა მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრალდებულების მიმართ მაქსიმალურ სასჯელს მოითხოვენ.

“პროკურატურა მოითხოვს უმკაცრეს განაჩენებს, მათ შორის სიკვდილით დასჯას იმ შემთხვევებში, სადაც ეს კანონითაა გათვალისწინებული ბავშვთა სექსუალური ძალადობის საქმეებზე“, - განაცხადა უთმეიერმა.

წყარო