ავტორი:

ანტალიის აეროპორტში ყოფილმა პოლიციელმა 38 წლის ქალი, 2 შვილის დედა მოკლა - თურქული მედიის ცნობით, ის საქართველოს მოქალაქე იყო

ანტალიის აეროპორტში ყოფილმა პოლიციელმა 38 წლის ქალი, 2 შვილის დედა მოკლა - თურქული მედიის ცნობით, ის საქართველოს მოქალაქე იყო

38 წლის ელინა შენგუნი, ორი შვილის დედა, ანტალიის აეროპორტის ავტოსადგომზე ყოფილმა პოლიციელმა მოკლა. თურქული მედიის ინფორმაციით, 51 წლის ჰუსეინ დურმაზი ქალს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემუქრებოდა.

  • მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ის ელინას სახლში მივიდა, თუმცა ქალი იქ ვერ იპოვა. მეორე დღეს კი სამუშაო ადგილზე - ანტალიის აეროპორტში მიაკითხა.

შემთხვევა 21 აგვისტოს, ანტალიის აეროპორტის მეორე ტერმინალის ავტოსადგომზე მოხდა.

თურქული მედიის ცნობით, ჰუსეინ დურმაზი და 38 წლის ელინა შენგუნი დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ურთიერთობაში იყვნენ. ელინა ანტალიის აეროპორტში გაყიდვების კონსულტანტად მუშაობდა და ორი შვილის დედა იყო. თურქული მედია მას ქართული წარმოშობის ქალად მოიხსენიებს, თუმცა ზოგიერთი ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ ის საქართველოს მოქალაქე იყო.

მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ელინას სახლში მივიდა

საქმეზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დურმაზი ელინას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემუქრებოდა.

მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ის ქალის სახლში მივიდა, თუმცა ელინა იქ არ დახვდა. მეორე დღეს დურმაზმა იცოდა, რომ ქალი ანტალიის აეროპორტის მეორე ტერმინალში მუშაობდა და სწორედ იქ წავიდა მის სანახავად.

აეროპორტის ავტოსადგომზე ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. თურქული მედიის ინფორმაციით, მათ შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირების შემდეგ დურმაზი საკუთარ ავტომობილთან მივიდა, იქიდან იარაღი აიღო და ელინა შენგუნს ესროლა.

თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტყვია ქალს თავში მოხვდა. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

ელინა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 38 წლის ქალი, ორი შვილის დედა გარდაიცვალა.

მისი ცხედარი ექსპერტიზისთვის ანტალიის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის მორგში გადაასვენეს.

  • ყოფილი პოლიციელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

ჰუსეინ დურმაზი შემთხვევის ადგილზე პოლიციამ დააკავა. მას იარაღიც თან ჰქონდა, რომელიც სამართალდამცველებმა ამოიღეს.

მეორე დღეს დურმაზი სასამართლოში გადაიყვანეს. თურქული მედიის ინფორმაციით, მორიგე მოსამართლემ მას პატიმრობა შეუფარდა.

ამ დროისთვის 38 წლის ელინა შენგუნის მკვლელობის საქმეზე 51 წლის ყოფილი პოლიციელი დაპატიმრებულია.

თურქული მედიის ამ ეტაპზე გავრცელებულ მასალებში მკვლელობის მოტივი სრულად განმარტებული არ არის. ცნობილია, რომ დურმაზსა და ელინას დაახლოებით ორწლიანი ურთიერთობა ჰქონდათ და მამაკაცი ქალს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემუქრებოდა.

წყარო